როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები

როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები

ახალგაზრდებს შორის ძალადობამ და დაუნდობლობამ კვლავ დამანგრეველ ტალღასავით გადაგვირბინა. ხშირად სრულიად უმიზეზოდ ერთმანეთს აუშარდებიან და უბრალოდ წამოროშილმა სიტყვამ ან ქცევამ შეიძლება, ყველაფერი დიდ ტრაგედიამდე მიიყვანოს. დიდგულა ახალგაზრდები იოლად არ პატიობენ ერთმანეთს თუნდაც უაზროდ ნათქვამს. არც თავიანთი სიტყვები მიაქვთ უკან და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ბრძოლა ბოლომდე მიდის, რაც გამოუსწორებელი შედეგით მთავრდება.

საგანგაშო რეალობაა - ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით ბოლო დროს ქუჩაში ერთმანეთს ისევ თავს ესხმიან. ამ დღეებში ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა. პერსპექტიული ახალგაზრდების სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანებმა უმიზეზოდ შეიწირეს.

ლადო დაუშვილი მეგობრის თვალწინ 20 წლის დავით ჭოველიძემ ვაკეში, სუპერმარკეტთან, "ტეტეს" სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა. ეჭვმიტანილი აღიარებს დანაშაულს. იმ საბედისწერო ღამეს ორი მეგობარი ქუჩაში იჯდა და ჩიფსებს ჭამდა. ამ დროს ჭოველიძეს გამოუვლია და მათთვის მობილურზე დარეკვა უთხოვია. - დასარეკი თანხა არ გვაქვს, - უთქვამთ ბიჭებს. - როგორ თუ არ გაქვთ?! - ამის გამო აუშარდა თურმე უცნობ თანატოლებს, ხელში პარკით მზესუმზირა სჭერია და ლადო დაუშვილის მანქანაში შეუყრია. ბუნებრივია, ამ საქციელისთვის ლადომ მას პასუხი მოსთხოვა. უცნობმა ამ დროს გადატენილი იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. ლადო მასზე ფიზიკურად ძლიერი იყო და მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს საბედისწეროდ გაისროლა ჭოველიძემ და ტყვიამ პირდაპირ გულმკერდის არეში მოარტყა ლადო დაუშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ლადოს დედისთვის გამომძიებლის ნათქვამი - დამნაშავეს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიაო. ამ ტრაგედიის შემდეგ ის კეკელიძეზე, მეგობრის სახლში მისულა და "ფეისბუკში" დაუწერია: აუ, რა "ტეტე" დავკარგეო!.. თურმე სიმღერებს უსმენდა დამნაშავე და "ალაიკებდაო".

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ცხინვალიდან დევნილია. მამა "მხედრიონელი" ჰყოლია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. ბიჭის დედა უკრაინაში ცხოვრობდა, ბრალდებული კი - ნაქირავებ ბინაში მეგობართან ერთად. მას ადრე პირობითი სასჯელი ჰქონდა, რომელიც ამნისტიის შემდეგ მოეხსნა. თავად რა პოზიცია აქვს ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით, როგორ შეეცდება ის თავის მართლებას, ეს სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება.

არანაკლებ მძიმეა იოსებიძეზე მომხდარი მკვლელობა. 22 წლის თორნიკე ხიზანიშვილი 3 ივლისს, ღამის 11 საათზე სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით უბნელმა, 31 წლის ზურაბ კვიტაიშვილმა უმიზეზოდ მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ, მაგრამ დადგენილია, ბრალდებული და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც იმ დღეს უკამათიათ. თორნიკე ხიზანიშვილი ეჭვმიტანილმა მეგობრების თვალწინ "ჩზ"-ის სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა. ამბობენ, კვიტაიშვილი ბიჭების ხმაურმა და სიცილმა გააღიზიანა. მათ შენიშვნა მისცა, - უბანში ხმამაღლა რატომ ლაპარაკობთო?! ამას მოჰყვა შელაპარაკება და გასროლაო.

თავად ბრალდებული განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს, რომ თორნიკეს მკვლელობა გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მისი ადვოკატის, ნანი ფრიდონაშვილის თქმით, ღამით 15-20 ახალგაზრდა ეზოში "აიპადის" გამო ჩხუბობდა; ერთი ბიჭი პატრონს მის ნივთს არ უბრუნებდა და მოჩხუბრების დაშოშმინება ზურამ სცადაო. "მივიდა და უთხრა, რა ხდება, რა დაგემართათ, რატომ ჩხუბობთ, დაიშალეთო. ამის შემდეგ ერთმანეთთან ჩხუბი შეწყვიტეს და ყველამ აგრესია ჩემზე გადმოიტანაო, განსაკუთრებული აგრესიით ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოირჩეოდა, ის გვარად ბოლქვაძეა. მოჩხუბარ ბიჭებს შორის რამდენიმეს დანაც ჰქონდა. ზურაბ კვიტაიშვილი ეზოში, სიბნელეში ალყაში მოაქციეს. ვიღაცებმა ხელიც ჰკრეს. ზურაბი ცდილობდა, როგორმე გასულიყო სინათლისკენ და ალყა გაერღვია. მან არ გამორიცხა, რომ შეიძლება, რომელიმე დანით გასწორებოდა. მოახერხა თავის მანქანასთან მისვლა, კარი გააღო და იქიდან უცებ იარაღი ამოიღო. იფიქრა, იარაღს რომ დაინახავენ, შეეშინდებათ და დაიშლებიანო. იქ არანაირი დამიზნება არ ყოფილა. მან ხელში დაიჭირა ტელეფონივით პისტოლეტი და სახეში შემოარტყა ბოლქვაძეს ისე, რომ ჩახმახისთვის ხელი არ უხლია. ამ დროს უცებ გაისროლეს და ტყვია მოხვდა 2-3 მეტრის მოშორებით მდგარ თორნიკე ხიზანიშვილს, რომელიც კონფლიქტში არც კი ჩარეულა. ბიჭი იქვე წაქცეულა. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ყველა გაიქცა... ზურაბ კვიტაიშვილი პირდაპირ ტაძარში წავიდა, მოძღვარს ჩააბარა აღსარება და ამის შემდეგ ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა," - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, მკვლელი ძალიან განიცდის ჩადენილ დანაშაულს და ადასტურებს, რომ სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოკლა...

უცნობია პასუხი მთავარ კითხვაზე: რატომ ატარებდა კვიტაიშვილი ცეცხლსასროლ იარაღს? რა საფრთხეს ელოდა ის და - ვისგან? უფრო მეტი დეტალი ამ საქმეზე გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი და სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს.

კიდევ ერთი დანაშაული საჩხერეში მოხდა. 3 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ვალერი ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 6 ივლისს, სოფელ ჭორვილაში ცივი იარაღის გამოყენებით 3 მოქალაქე, მათ შორის, სასულიერო პირი დაჭრა. ამბობენ, ადგილობრივი ტაძრის წინამძღვარს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა. თავდაპირველად უკითხავს, როგორ შეძლებდა სოფლის ტერიტორიის დატოვებას? მერე, საუბრისას, მოულოდნელად, მამა არკადის საფეთქელთან დანით ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტამდე კიდევ ორი პირი ჰყავდა მძიმედ დაჭრილი. დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავალი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებათ. ძალოვანებმა დანაშაულის იარაღი, დანა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბუნებრივია, ასეთი ფაქტების შემდეგ საზოგადოებაში შიში გაჩნდა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გართულდა. ამბობენ, ბავშვების ქუჩაში გაშვების გვეშინია და ვფიქრობთ, ძველი დრო დაბრუნდა, როცა ყველა შეიარაღებული დადიოდაო. "ხალხნო, ვერ ხედავთ, როგორ გახშირდა მსგავსი ფაქტი? ქუჩაში გავლა საშიშია. ბატონმა პრემიერმა ამდენი კრიმინალი ქუჩაში რომ გამოუშვა, მაშინ თქვა, შეიძლება დანაშაული მოხდეს, მაგრამ ამას გაგებით მოვეკიდოთო. რას მოვეკიდო გაგებით, ჩემი უდანაშაულო შვილი მიწაში რომ ჩამიწვინეს? რად მინდა აწი ეს ქვეყანა?! ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და უკვე აღარ მაინტერესებს არც საქართველოს მომავალი და არც არაფერი. ბიჭების ხმამაღალმა საუბარმა გააგიჟა თურმე მკვლელი. ახლა დამნაშავე თავის მართლებას შეეცდება. ჩემი უდანაშაულო შვილი ცოცხალი არ მყავს", - ამბობს თორნიკე ხიზანიშვილის დედა და მართლაც, ძნელია, რამით ანუგეშო.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება სტაბილურია. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია. ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარია 17485 დანაშაული, აქედან გახსნილი - 4271 ანუ 24,4%. 2013 წელს, 6 თვეში კი სულ მოხდა 14128 დანაშაული, აქედან გაიხსნა 7243 ანუ 51,3%. რაც შეეხება თბილისს: შარშან პირველ 6 თვეში 7744 დანაშაული დაფიქსირდა და აქედან გახსნილია 1925; წელს, ანალოგიურ პერიოდში 7032 დანაშაული მოხდა, აქედან 35,6% გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, წელს თბილისში 712 დანაშაულით ნაკლები დაფიქსირდა.

მართლაც საგანგაშოა ახალგაზრდებს შორის ჩადენილი მკვლელობები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პრობლემა მუდმივად დგას. ჩემს სამუშაო არქივში საუბედუროდ, გასულ წლებში მომხდარი მსგავსი ფაქტიც მრავლად ინახება. ბევრი ახალგაზრდა იხდის სასჯელს თანატოლის მკვლელობისთვის. იმედია, ისინი ჩადენილს გულწრფელად ნანობენ, თუმცა ეს ვერანაირი შვება ვერ იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ.

2012 წელი ახალი დამდგარი იყო, როცა 18 წლის სანდრო დალაქიშვილი თანატოლმა გამოასალმა სიცოცხლეს. მკვლელობა მაშინაც ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ამ საშინელ ტრაგედიას პატარა კონფლიქტი უძღოდა. მთვრალი ბიჭები მოკლულის ბინის სიახლოვეს იგინებოდნენ, ამის გამო სანდრომ თურმე მათ შენიშვნა მისცა, - სახლში დედა და და მყავს, გთხოვთ, ჩემს ფანჯარასთან ნუ იგინებითო. ამის გამო შელაპარაკებდნენ, მაგრამ ინციდენტი იმ დღეს სერიოზულ ჩხუბში არ გადაზრდილა. მეორე დღეს სანდრო სახლიდან გაიყვანეს და საქმის გარჩევის დროს დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ლაშქარაშვილი პოლიციამ მალე დააკავა. ის ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელს ციხეში იხდის. მაშინ გიორგი მარტო სანდროს მკვლელობას არ დასჯერდა და კიდევ რამდენიმე სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქუჩაში დაჭრა. გიორგი ლაშქარაშვილმა მაშინ ასეთი ჩვენება მისცა:

"1-ელ იანვარს ჩემს მეგობარს სანდრო დალაქიშვილთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მეორე დღეს ვიღაცამ დამირეკა, - სანდრო, აბაშიძის ქუჩაზე, "პოპულისა" და "იოლის" მაღაზიების წინ გელოდებაო. სწორედ იქ შევხვდი იმ ბიჭს და ეზოში შევედით. იქაც ვილაპარაკეთ; მითხრა, შენს ძმაკაცებს შეეშალათ და ამას მათ პირშიც ვეტყვიო. - არ გვინდა გაგრძელება, მოვრჩეთ-მეთქი, - მაგრამ ამ დროს დედის მისამართით შემაგინა და ხელი დამარტყა... დავინახე, ხელში დანა ეჭირა. აფექტში ვიყავი, დანა ამოვიღე და ერთხელ დავარტყი, მერე "აბაშიძეზე" გავიქეცი. ცოტა მოშორებით, ქუჩაში 4 ბიჭი იდგა და იგინებოდა. მათ ვკითხე, მე ხომ არ მაგინებთ-მეთქი? ამის გამო მათთანაც მომივიდა შელაპარაკება. ამის შემდეგ ფალიაშვილზე ავედი, ერთ-ერთ ეზოში უცნობ ბიჭთან შელაპარაკება მომიხდა და მასაც დანა ერთხელ დავარტყი, მერე გავიქეცი და ვიმალებოდი".

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სავარაუდოდ, მას საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სასჯელი შეუმცირდებოდა.

არანაკლებ ხმაურიანი იყო შარშან 2 იანვარს თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა. 23 წლის ვაჟა კორკოტაშვილი, გიორგი ნადირაძე და ლევან ღვინჯილია დაჭრეს - გვიან ღამით ქუჩაში მყოფ ბიჭებს ტყვიები დაუშინეს. ინტენსიური სროლების შეწყვეტის შემდეგ მეზობლები გამოცვივდნენ და ძირს დაყრილი, სისხლით მოსვრილი ბიჭები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გიორგი ნადირაძის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ტრაგედია ბიჭებს შორის არსებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელება იყო. ძალოვანებმა შემთხვევის ადგილიდან 10-ზე მეტი მასრა ამოიღეს. ამბობდნენ, ბოროტმოქმედი "მაკაროვის" სისტემის იარაღით ისროდაო. მოგვიანებით ძალოვანებმა ამ დანაშაულში გიორგი შენგელია ამხილეს და იგი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გაასამართლა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

2012 წლის 7 თებერვალს ასევე გაასამართლეს განზრახ მკვლელობაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული გიორგი ელიაშვილი. მას 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2011 წლის 3 ივლისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ბრალდებულს მოკლულთან კონფლიქტი არასათანადო მისალმების გამო მოუხდა. ეს ფაქტი საქმის გარჩევამდე მივიდა და დაახლოებით ღამის 11 საათზე დაპირისპირებულები, სხვებთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს. იქ ისევ მოხდა კონფლიქტი, ბრალდებულმა დანით არასრულწლოვანი დაჭრა, რომელიც ძმასთან და 4 მეგობართან ერთად იყო იქ მისული. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე ნინო სანდოძემ განიხილა თბილისში გახმაურებული შემზარავი მკვლელობა, რომელიც 2009 წლის 11 აპრილს, საღამოს 6 საათზე, მუხიანში მოხდა. ბიჭები კორპუსის წინ დომინოს თამაშობდნენ, როცა მათ თავს დაესხა თანატოლი და ყველანი ჩაცხრილა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ენით აუწერელი სისასტიკის მოწმენი გახდნენ, მიწაზე ბიჭები ეყარნენ. სამივეს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. 20 წლის სერგი მელქაძე ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეგობრები, ძმები - 19 წლის ლევანი და 17 წლის თემურ გახელაძეები უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციის დროს ლევანიც გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა კომატოზურ მდგომარეობაში დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. ის გადარჩა, მაგრამ ეტლს მიეჯაჭვა... ამ შემზარავი მკვლელობისთვის 19 წლის დედისერთა, გოჩა გელიაშვილი გაასამართლეს. სასამართლო სხდომები საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. დაზარალებულები მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. ბიჭების მკვლელობები მას რეგისტრირებული "მაკაროვის" პისტოლეტით ჰქონდა ჩადენილი. ისიც ცნობილია, დანაშაულის ჩადენამდე დედას უთხრა, საცხოვრებლად სხვაგან გადავდივარო. მას შემდეგ, რაც თანატოლები დახოცა, ტაქსი გააჩერა, სახლიდან წინასწარ ჩალაგებული ჩანთა წაიღო და იმავე ღამით მატარებლით ბათუმში ჩავიდა. დილით, სანამ სარფის საზღვარზე გადავიდოდა, იარაღი ტყეში, მიწაში ჩამარხა და საქართველო დატოვა. 17 აპრილს გელიაშვილი თურქეთიდან ისევ სარფის საბაჟოზე დაბრუნდა და პოლიციას ჩაჰბარდა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ თანატოლები შურისძიების მოტივით ჩაცხრილა. მაშინ დამნაშავეს 21 წელი მიუსაჯეს.

კიდევ ერთ შემზარავ მკვლელობაზე მინდა შევაჩერო ყურადღება. შარშან 7 ივლისს ღამით, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა. მთვრალმა თანასოფლელმა ხალხის თვალწინ ორი ახალგაზრდა ქუჩაში უმიზეზოდ, უმოწყალოდ ჩახოცა. მოკლული ბიჭების მეგობარი, გიორგი დათუკიშვილი გამხეცებული სოფლელის ნასროლ ტყვიებს შემთხვევით გადაურჩა. დამნაშავემ ტაბელური "მაკაროვიდან" მათ საკონტროლო ტყვიებიც დაახალა და მიიმალა. იგი სოდ-ის სპეცრაზმელი, ყოფილი სპორტსმენი, 30 წლის დავით ჩოთალიშვილი აღმოჩნდა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მახსოვს, მაშინ წინანდალში ჩასულს, უმძიმესი სურათი დამხვდა. მთელი სოფელი შეძრული იყო ორი სანიმუშო ახალგაზრდის - შოთიკო ბატიაშვილისა და გიგია გემაზაშვილის მკვლელობით. დანაშაული სოფლის ცენტრში, 7 ივლისს, ნათლისმცემლობის დღესასწაულიდან დაბრუნებულმა დავით ჩოთალიშვილმა ჩაიდინა. თვითმხილველების თქმით, ის მეგობართან ერთად, სახლში მთვრალი ბრუნდებოდა. თანასოფლელ ბიჭებს გამოელაპარაკა, რომლებიც გიგია გემაზაშვილის გარდაცვლილი დის, თათიას საფლავიდან იყვნენ დაბრუნებულები და ქუჩაში საუბრობდნენ. მათგან მხოლოდ ერთს იცნობდა. უკითხავს, - ბიჭებო, თქვენ ბოლქვაძეების ძმაკაცები ხომ არ ხართო (ძმები ბოლქვაძეები წინანდალში ცხოვრობენ; ერთ-ერთი ძმა მოკლულების კლასელია. - ავტ.)? - ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ მათთან ვახლობლობთო, - უპასუხიათ. - ვინც მათი ძმაკაცი არ არის და ვისაც ეს ბიჭები არ უყვარს, იმათი დედაო! - შეუგინებია ჩოთალიშვილს. დედას რატომ გვაგინებო? - უკითხავს გიგიას. ამის შემდეგ პირადად გიგიასთვის შეუგინებია დედა. თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ "მაკაროვი" ამოიღო და პირველად გიგიას ესროლა. სროლის ხმაზე ბიჭები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. ძირს დავარდნილი მეგობრის მისაშველებლად გაქცეული შოთიკო ბატიაშვილი უკან მიბრუნდა. სწორედ ამ დროს დაახალა მასაც მკვლელმა ტყვია. შემდეგ გიორგი დათუკიშვილს გაეკიდა.

უამრავმა ადამიანმა მიაგო დაღუპულებს პატივი. გიგია გემაზაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტი იყო. ალბათ არასოდეს დამავიწყდება დედამისის გოდება, რომელსაც უდანაშაულო შვილი მოუკლეს. დედას ამ ტრაგედიამდე გოგონა სიმსივნით გარდაეცვალა. საშინელი წვალებით მარტომ გაზარდა ორი შვილი და ამ ტრაგედიის შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. ჩოთალიშვილი გაასამართლეს, მაგრამ დამეთანხმებით, ეს შვება ვერ იქნება მოკლულთა მშობლებისთვის...

რატომ ძალადობენ ახალგაზრდები ერთმანეთზე და რატომ იმეტებენ ასე იოლად სასიკვდილოდ ერთმანეთს? - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ფსიქოლოგების თქმით, ძალადობის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ ადამიანი, რომელიც ამჟამად მოძალადედ მოგვევლინა, წარსულში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ხშირად მიზეზად მენტალური პრობლემები გვევლინება, ან - მშობელთა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, არაინფორმირებულობა და სხვა. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დანაშაულები, როგორ დავიცვათ შვილები? - ამ საკითხებზე, ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარების ჯგუფის წევრს, ფსიქოლოგ ანა ცინაძეს ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, პრობლემაა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დანებითა და იარაღით დადიან. მართალია, კანონით იკრძალება, მაგრამ როგორც ჩანს, არსებული კანონი არ არის ისეთი მკაცრი, რომ ახალგაზრდას შეეშინდეს. ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს. ნორმალური არ არის, რომ მათ იარაღზე მიუწვდებათ ხელი. როცა აქვთ, ცდილობენ, იარაღი საქმეში გამოცადონ... ახალგაზრდებში როგორც კი აგრესია პიკს აღწევს, ვერ თოკავენ საკუთარ თავს, გამოდიან გარეთ და ამას ასეთ საშინელ შედეგამდე მივყავართ. პრობლემების უმეტესობა წესით, ბავშვობის ასაკიდან იჩენს თავს. ყველაფერი პირველ რიგში, ოჯახიდან მოდის. მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში იზრდება, როგორი დამოკიდებულებაა მშობელსა და შვილს შორის, თვითონ მშობლებს შორის. ძალადობაა, როცა ბავშვს რაღაცას უკრძალავთ. ჩვენს კულტურაში საერთოდ, ძალიან ბევრი აკრძალვაა. ამის გამო, ბავშვებში აგრესია გროვდება. როცა ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარ და არ გაქვს უფლება, ხმა ამოიღოო, შესაბამისად, ის ელოდება მომენტს, როცა სრულწლოვანი გახდება. გამოუხატავი აგრესია, რომელიც მასში ბუდობს, გროვდება და ერთ მშვენიერ დღეს ამოხეთქს. ერთმა წაკინკლავებამ შეიძლება, მკვლელობამდე მიიყვანოს.

- რატომ უჩნდებათ დანის ტარების სურვილი?

- ეს არის თავდაცვის ან იერიშის საუკეთესო საშუალება. როცა არ ჰყოფნით სიტყვა, არგუმენტი, დანით პრობლემას "იოლად წყვეტენ". ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვებს აგრესიასთან გამკლავებას პატარაობიდანვე ვასწავლით, მაგრამ ეს მშობელმა ფსიქოლოგთან ერთად უნდა გააკეთოს... კონკრეტულ დანაშაულებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება და მთელი რიგი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს, რატომ იქცა ესა თუ ის ახალგაზრდა ბოროტმოქმედად. ერთგვარ ჯაჭვთან გვაქვს საქმე - ერთი მეორეს აგრესიას გადასცემს, მეორე - მესამეს; თუ ერთ-ერთმა რგოლმა არ გაწყვიტა ეს ჯაჭვი, ჯადოსნური, ჩაკეტილი წრე იკვრება... ხშირად პრობლემა ის არის, რომ შვილები დედების გარეშე იზრდებიან. უდედოდ არის დარჩენილი თაობა. შვილის სარჩენად ისინი ქვეყნიდან მიდიან - ეს სერიოზული პრობლემაა. შვილს ურჩევნია, დედა გვერდით ჰყავდეს, ვიდრე იქიდან გამოუგზავნოს სათამაშოები. დედის სითბოს ვერაფერი შეცვლის და ესეც ახდენს გავლენას... მთავრობას მივმართავდი მოწოდებით, კანონმდებლობა უფრო გაამკაცროს, რომ ახალგაზრდებმა ვერ გაბედონ ქუჩაში დანითა და ცაცხლსასროლი იარაღით გამოსვლა. კონკრეტულად რა არის ძალადობის მიზეზი, ეს მარადიული კითხვაა და ყველა ეპოქაში ნებისმიერი საზოგადოება იტანჯება ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას. პირველ რიგში, მშობლებმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, რომ ბავშვი სწორად აღზარდონ. საქართველოში ყველას ჰგონია, რომ არის კარგი მშობელი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია