როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა

როგორ აღმოაჩინა კიაზო ფიცხელაურმა ყორღანში ოქროს ლომის ფიგურა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ კიაზო (კონსტანტინე) ფიცხელაურის სახელს არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება. პროფესორი რვა მონოგრაფიისა და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მრავალი წლის განმავლობაში, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უცვლელ ხელმძღვანელს, საქართველოს ისტორიით დაინტერესების მიზეზი და პროფესიიდან საინტერესო დეტალების გახსენება ვთხოვეთ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ოთახში ივანე ჯავახიშვილის პორტრეტის ქვეშ ვისხედით, როცა არქეოლოგმა მაჩვენა წიგნი, რომლის პირველ გვერდზე შემაშფოთებელ ფაქტს წავაწყდი. აზერბაიჯანული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, პირველ გვერდზე დატანილ რუკაზე ალბანეთის საზღვარი მცხეთასთან არის გადმოტანილი და ფაქტობრივად, იბერია აღარ არსებობს. ღიად თუ ფარულად, აზერბაიჯანი ჩვენს ტერიტორიას ამგვარი გზით გვედავება. "წიგნი წელს ინგლისში, ოქსფორდის მიერაა გამოცემული. საქართველო აღარ არის, ამ ტერიტორიას ალბანეთი აწერია", - მითხრა ბატონმა კიაზომ და იქვე განმარტა: "აუცილებელია ამას მივხედოთ, მეცნიერულად უნდა დადასტურდეს ყველაფერი და მსოფლიოში უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. მეცნიერებათა აკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - გიორგი კვესიტაძე და მან ჩვენი პირველივე შეხვედრის შემდეგ იტალიაში გაგზავნა წერილი, რომ ამ ფაქტს მალე მოჰყვეს რეაგირება"...

- მამა აგრონომი იყო, დედა უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემმა დამ სამედიცინო დაამთავრა, თუმცა მოწოდებით ლიტერატორი გახლდათ. დღეს ის აღარ არის ცოცხალი. ბარნოვის ქუჩაზე ვაჟთა მეშვიდე სკოლაში ვსწავლობდი. ჩვენს კლასში სწავლობდა ლაშა ჯანაშია - სიმონ ჯანაშიას ვაჟი. ბატონი სიმონი ბუნდოვნად მახსოვს, ის 1947 წელს გარდაიცვალა, როცა მე 17 წლის ვიყავი. ჩვენი კლასიდან ისტორიის ფაკულტეტზე ცხრანი წავედით და ეს ალბათ იმის გამო, რომ სწორედ ბატონ სიმონთან მოგვიხდა ურთიერთობა. ლაშასთან პირველი კლასიდან, ოჯახებით ვმეგობრობდი, ჯერ თერთმეტსართულიანში დავდიოდი მათთან, შემდეგ - თარხნიშვილის ქუჩაზე, სადაც ისინი გადავიდნენ საცხოვრებლად. ჩემი მეორე მეგობარი ვარლამ თოფურიას ვაჟი გახლდათ. ფოტოგრაფიით ვიყავით გატაცებული და სულ ერთად ვიყავით. ბატონი ვარლამი დროს ჩვენთან ერთად ატარებდა, სუფრაზეც ერთად ვისხედით. თამაშებს გვასწავლიდა, ჩვენთან ერთად დგებოდა წრეზე (იღიმის). როცა ცოლი შევირთე, მაშინ ჩვენთვის ყველაზე დიდი მოგზაურობა მოსკოვში გამგზავრება იყო და ჩვენც ასე მოვიქეცით. იქ ძია ვარლამი და მისი მეუღლე თამარი შეგვხვდნენ და "არაგვში" დაგვპატიჟეს. ჩემი მეუღლე, ნანა მამაიაშვილი, არქეოლოგია და შვილიც ამავე პროფესიისაა. სულ მინდორზე ვიყავით და ჩვენი ვაჟიც იქ არის გაზრდილი... საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმ დროს სხვაგვარი დამოკიდებულება გვქონდა უფროსებსა და უმცროსებს, მასწავლებლებთანაც სხვა ურთიერთობა გვქონდა. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში ყველა ამრევი იყო, მაგრამ მთელი კლასი მაინც კარგად სწავლობდა.

- სტუდენტობის წლები გაიხსენეთ...

- ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავდიოდით, ძეგლებს ვსტუმრობდით და ეს ნიკო კეცხოველის დამსახურებით ხდებოდა. ის არაჩვეულებრივი რექტორი და სტუდენტების მეგობარი იყო. ჩვენი ჯგუფიდან ყოველწლიურად არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობდნენ. მე ანდრო აფაქიძესთან ბიჭვინთაში ვმუშაობდი და ძალიან საინტერესო ცხოვრება გვქონდა. არაჩვეულებრივი ისტორიკოსები გვყავდა: ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი... ბატონი ივანეს ფოტო, რომელიც ოთახში კიდია, მისმა შვილმა მამის დაბადების ასი წლისთავზე მაჩუქა.

- პირველი აღმოჩენებისგან გამოწვეული სიხარული, პირველი ექსპედიციები დაუვიწყარი იქნება...

- რასაკვირველია... ჩვენ, არქეოლოგები, ყველანი მცხეთაში გავიზარდეთ. მცხეთის ექსპედიციებს სანდრო კალანდაძე და გიორგი ლომთათიძე ხელმძღვანელობდნენ. ყველაფერს მათგან ვსწავლობდით. იმ დროს კახეთი შეუსწავლელი, თეთრი ლაქა იყო. ასპირანტი ვიყავი, როცა მელაანში აღმოჩენები გაკეთდა. იქ ჩემი ახალგაზრდა ასაკის გამო არ გამგზავნეს. ბატონმა სანდრო კალანდაძემ თქვა, ოღონდ წამოვიდეს და ხელმძღვანელად მე წავალო. ექსპედიციის უფლება მასაც არ მისცეს და ამიტომ საბუთებში გაგვაფორმა მცხეთის რაზმის სახელწოდებით. კახეთში გათხრები ასე დავიწყეთ და ეს გასული საუკუნის 60-იანი წლები იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია