სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

სად იცხოვრებს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რა დატვირთვა მიეცემა ავლაბრის რეზიდენციას, გადაწყვეტილება მთავრობაში მიღებული არ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამაზე მთავრობას ჯერ არ უმსჯელია.

"ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ოქტომბრის შემდეგ ათონელის ქუჩაზე გადავა. მთავრობა იმსჯელებს ავლაბრის რეზიდენციის შემდგომ დატვირთვაზე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე, აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში განთავსდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

"პრეზიდენტის რეზიდენცია განთავსდება კოლმეურნეობის მოედანზე, ათონელის N25-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობაში. ამ შენობის რემონტი და უკან პატარა შენობის მიდგმა დაწყებული იყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ. ამისთვის, კონკრეტული კომპანიისთვის, შპს "არტესისთვის" მიცემული იყო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც, ამ კომპანიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მთლიანი მაკომპლექტებელი მასალები და სარემონტო საშუალებები აქვს შესყიდული და შეძენილი. სამუშაოებს აგრძელებს იგივე კომპანია. ჩვენ ხელშეკრულებაში ცვლილება მოვამზადეთ და ყოველკვირეული გრაფიკი გავწერეთ ამ სამუშაოების, რათა დავაკვირდეთ სამუშაოების მიმდინარეობას", - განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, შენობის A ბლოკი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო B ბლოკი 2014 წლის აპრილის ბოლოს.

"შენობა შედგება ორი ბლოკისგან: A ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. B ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. A ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო B ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს.

თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ A ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ შენობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

"ეს უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, თუმცა მას მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულება შეეცვალა და იქ იქნება მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი", - განაცხადა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა