საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის თანახმად, "დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი". თუმცა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე იმედოვნებს, რომ ეს მალე შეიცვლება. - ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას უნარშეზღუდული, ქმედუუნარო ადამიანებისადმი. შვილის, მემკვიდრის ყოლის უფლებას მათ ვერავინ წაართმევს, მშობლის უფლება კი შესაძლოა შეუზღუდონ ან ჩამოართვან, რაც მხოლოდ მაშინ ხდება, თუ მშობელი საფრთხეს უქმნის ან ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა ჩამოართვან მშობლის უფლება? ამიტომ ყველა სტანდარტი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და არც მშობლის, დედისა თუ მამის უფლების, არც ქორწინების უფლების შეზღუდვას უნდა იწვევდეს. საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანის ქმედუუნაროდ გამოცხადების თაობაზე სასამართლო იღებს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ეს სხვა ქვეყნებშიც ასეა, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენში ადამიანს მთლიანად ქმედუუნაროდ აცხადებენ, ევროპაში კი უფლების მისანიჭებლად თითოეულ უნარშეზღუდულ პირს განცალკევებით ამოწმებენ. მაგალითად, შეიძლება ადამიანს მისცენ ქორწინების თუ საკუთარი პენსიის განკარგვის უფლება და ჩამოართვან მსხვილ გარიგებაში მონაწილეობის უფლება, ანუ ნაწილობრივ ქმედუუნაროდ აღიარონ. აღსანიშნავია, რომ კანონის ეს ნორმა, შეზღუდვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ვიმედოვნებთ, რამდენიმე თვეში, სექტემბრისთვის, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ამ უსამართლობას ბოლო მოეღება - გაუქმდება ქმედუნარიანობის ის ინსტიტუტი, რომელიც დღეს საქართველოშია დამკვიდრებული. კანონმდებლობა ხშირად ასახავს ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი და სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში კანონი იმ სოციალურ გარემოს, ატმოსფეროს ასახავს, რომელშიც ქმედუუნარო ადამიანებს უწევთ ცხოვრება. საუბედუროდ, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყველას აქვს ბედნიერების უფლება.
ნინო კვიტაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)