ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."

ყოფილი პატიმარი - "ოლეგ ფაცაცია სახეში მაფურთხებდა..."

ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები ისეთ მძიმე ამბებს ჰყვებიან, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, მათთან ერთად არ მოითხოვო დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა. ნაწამები ადამიანები ახალ ხელისუფლებას ციხის ჯალათების დასჯას კატეგორიულად სთხოვენ.

ყოფილი პატიმარი - გენრიხ აროშიძე რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი გახლავთ. ის აღშფოთებულია ციხის სკანდალური კადრების საქმეზე გასამართლებული 16 პირისთვის გამოტანილი სასჯელებით. აროშიძე გლდანის მე-8 დაწესებულების თანამშრომელს, ოლეგ ფაცაციას ადამიანთა წამებაში ამხელს და მისთვის 6 წელიწადისა და 9 თვის მისჯას აპროტესტებს; მიაჩნია, რომ ის უმკაცრესად უნდა დასჯილიყო.

გენრიხ აროშიძე:

- სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი და სწორედ პოლიტიკური საქმიანობის გამო, 9 წლის განმავლობაში, ორჯერ დამაკავეს. გაერთიანებული ოპოზიციის მობილური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და ბუნებრივია, მეც მსხვერპლი აღმოვჩნდი. პირველად 2008 წელს, შსს-ს სპეციალურმა დეპარტამენტმა დამაკავა. ამ ოპერაციას პირადად ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა. მაშინ ციხეში 6 თვე გავატარე. მეორედ უკვე ფინანსურმა პოლიციამ, სახლთან დამაკავა. მეორე დაკავების დროს ციხეში ნაკლები დრო გავატარე, მაგრამ დამაინვალიდეს. იქ რაც გადავიტანე, საშინელება იყო.

- იქნებ კონკრეტულად გვიამბოთ, რა გადაიტანეთ?

- ჯალათ ოლეგ ფაცაციას 6 წელი მიუსაჯეს, ეს კი ზღვაში წვეთია - მას იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი, რომ მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იყოს გამოკეტილი. ფაცაცია გლდანის მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი გახლდათ. მან და მისმა ჯგუფმა სადისტურად მაწამა. ისინი ხშირად შემოდიოდნენ საკნებში და თითოეულ პატიმარს უმოწყალოდ გვცემდნენ. იმ დღესაც გაიღო ჩვენი საკნის კარი და 10-კაციანი ჯგუფი შემოვიდა. მათ მოუძღოდა ოლეგ ფაცაცია და დაიწყეს პატიმრების ცემა.

- მიზეზი რა იყო?

- საამისოდ მიზეზი არ სჭირდებოდათ. უბრალოდ, გვეტყოდნენ, - თქვენი საკნიდან ხმაური გამოდიოდაო და დაგვერეოდნენ. არადა, ჩუმად ვიყავით. ზოგჯერ შიშისგან ისეთი სიჩუმე ისადგურებდა, ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. - "რატომ ხმაურობთ?" - გვკითხა ფაცაციამ და დაგვერივნენ. საკანში 18 წლის ბიჭი იჯდა. ოლეგი მას ყელში სწვდა. ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ბიჭი იხრჩობოდა - მთლიანად გაშავდა და ამ დროს ვიყვირე: - რას შვრები, კლავ-მეთქი? ამის შემდეგ ფაცაციამ იმ ბიჭის და სხვა პატიმრების ცემა მიატოვა. მე და ის ბიჭი საკნიდან გაგვიყვანეს. მალე კარანტინში აღმოვჩნდით. გვიბრძანეს, - გავშიშვლებულიყავით. სხვა გზა არ იყო, ორივემ გავიხადეთ. ეს ტანსაცმელი კონკრეტულ ადგილას დაგვადებინეს, ერთმა მისი "შმონი" დაიწყო და დაგვიწყეს ცემა. საბედნიეროდ, კარანტინში იმ ბიჭის ნაცნობი თუ მეზობელი აღმოჩნდა და ცემას გადაარჩინა. პატრონი რომ გამოუჩნდა, მეორე სართულზე აიყვანეს. მე დავრჩი ოლეგ ფაცაციასა და სხვებთან ერთად. ხელჯოხებსა და ხელებს მთელი სისასტიკით მირტყამდნენ. თავიდან სახეზე ხელს ვიფარებდი, რადგან არ მინდოდა, სახის არეში მომხვედროდა. ოლეგ ფაცაცია სახიდან ხელს ძალით მაშორებინებდა და პირდაპირ სახეში მაფურთხებდა - ეს მისი საყვარელი მეთოდი იყო. ვიდრე შევძელი, ფეხზე ვიდექი, თავი ბეტონზე მქონდა მიდებული და მთელ სხეულზე უმოწყალოდ მირტყამდნენ.

- შიშველს გცემდნენ?

- დიახ. მერე ვეღარ გავუძელი და წავიქეცი. მაშინ ყველა ერთად შემდგა წიხლებით და "დუბინკებსაც" მირტყამდნენ. რაღაც მომენტში გონება დავკარგე. არ ვიცი, გათიშული რამდენ ხანს ვიყავი და მაშინაც აგრძელებდნენ ჩემს ცემას თუ არა, მაგრამ გონს რომ მოვედი, უკვე სხვა საკანში, ძირს ვეგდე და ჩემი ტანსაცმელიც იქვე ეყარა. არც ის ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გათიშული - იქ დროის განსაზღვრა შეუძლებელია. ოთახში შუქი არ შემოდიოდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვეღარ ავდექი, ყურში აღარაფერი მესმოდა. ფაქტობრივად, ამ წამებამ ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა: ცალ ყურში სმენა დავკარგე; მარცხენა თირკმელში ჩაკირული ჰემატომა მაქვს, ნეკნები გაბზარული, სახე დასისხლიანებული მქონდა; მთელ სხეულზე ადგილი არ იყო დარჩენილი, სილურჯე რომ არ მქონოდა. ასეთ მდგომარეობაში წამათრიეს იქიდან. როგორც წესი, ნაცემ პატიმარს თავის საკანში არ აბრუნებდნენ. ჰოდა, მეც სხვა კორპუსში, ერთ-ერთ საკანში შემაგდეს. იმ საკანში სასჯელს იხდიდა პოლიტპატიმარი ბაკურ კიღურაძე და შეგიძლიათ, მასთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია; ის დაგიდასტურებთ ამ ფაქტს და გეტყვით, რა დღეში ვიყავი. საკანში სულ 8 კაცი იყო. იმდენად ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი და პატიმრები მივლიდნენ. დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლასაც ვერ ვახერხებდი. ძლივს გამომიყვანეს მდგომარეობიდან.

- ასე სასტიკად ნაცემი თუ იყავით და ამდენი დაზიანება გქონდათ, ციხის საავადმყოფოში რატომ არ გადაგიყვანეს?

- რას ამბობთ?! თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო, ვინ გადაგიყვანდა? ჩემნაირ მოკვდავებს იქ ვინ წაიყვანდა? ეს ზღაპარია. ელემენტარულად, თავის ტკივილის წამლის - ციტრამონისა და ანალგინის მოცემასაც პრობლემად ხდიდნენ. საავადმყოფოში მოხვედრა ფანტასტიკა იყო და ამაზე არც მიოცნებია. მთელი სამი კვირა ვიყავი ლოგინად ჩავარდნილი, პატიმრები მივლიდნენ და ჭრილობები ასე მოვიშუშე.

- რომ გცემდნენ, რას გეუბნებოდნენ? იმ ბიჭის გამოსარჩლების გამო გაგისწორდნენ ასე სასტიკად?

- თავიდან მიზეზი ეს იყო, მერე ერთმანეთს უთხრეს, - მოიცა, ეს ის ოპოზიციონერიაო და მაგინებდნენ: - შენი ოპოზიციონერი დედაო... და მირტყამდნენ. სულ 10 კაცი მცემდა. სხვების სახელები არ ვიცი, მაგრამ ამოცნობა შემიძლია. მთავარი მაინც ოლეგ ფაცაცია იყო. აბსოლუტურად არ ერიდებოდნენ კვალის დატოვებას, გირტყამდნენ ყველგან - სახეზე, სხეულზე. შეიძლება არ უნდოდათ ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ისე სასტიკად გვცემდნენ, ისეთი მეთოდები ჰქონდათ, იმდენად არ ერიდებოდნენ ხალხის წამებას, რომ ეჭვიც არ მეპარება, რომელიმე პატიმარი შემოაკვდებოდათ.

- იმ 10 კაციდან არც ერთს არ უთქვამს, რომ შეეწყვიტათ თქვენი წამება?

- ეს გამორიცხულია! აბა, რეჟიმის წინააღმდეგ ვინ წავიდოდა? მე არ გამიგონია, რომელიმეს ეს გაეპროტესტებინა. მსგავს შემთხვევაში, ის ჩემზე უარეს დღეში აღმოჩნდებოდა. დღეს ფაცაცია ისე გაასამართლეს, რომ მე არც კი დამკითხეს. არადა, კარგა ხნის წინ შევიტანე განცხადება პროკურატურაში, არჩილ კბილაშვილის სახელზე და კონკრეტული დეტალები მივუთითე. ამ განცხადებას არავინ გამოეხმაურა. ასეთი რამ არ შეიძლება. ფაცაციასთვის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 6 წლით - ნაწამები პატიმრების დაცინვაა. ეს ფაქტი უკვე გავაპროტესტე და ამ საკითხზე საკომიტეტო განხილვის დროს საკუთარი აზრიც დავაფიქსირე. ეკა ბესელიასაც ვესაუბრეთ ყოფილი პატიმრები. ჩვენ სამართალს ვითხოვთ... ამჟამად მკურნალობას გავდივარ წამების მსხვერპლთა ცენტრში. ხელთ მაქვს ექიმების დასკვნების დასტა და იქ ის უამრავი დაზიანებაა ჩამოთვლილი, რაც მივიღე. ფაქტობრივად, ციხეში დამაინვალიდეს და ამის ჩამდენები დაუსჯელები უნდა დარჩნენ? ლოგინად ჩავარდნილს, კორპუსის ოფიცერი, ვინმე რამაზი მემუქრებოდა: - ეს ჯერ არაფერია, შენს გამოკეთებას ველოდები და მეორე სერია მერე დაიწყებაო. მას ახლდა სხვა კორპუსის რეჟიმის უფროსი და იმანაც დასძინა: ვინც შენ აქედან ცოცხალი გაგიშვას, იმის დედაო... კიდევ ერთხელ წამებას გადავურჩი: დაემთხვა ისე, რომ მოხერხდა და პროკურატურაში ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს, გირაოთი გამომიშვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა, იქ მოვეკალი. თქვენ წარმოიდგინეთ, სასამართლო პროცესზეც არ მივყავდი. ჰოდა, მათ სწორედ მაშინ დავემუქრე: ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია და თუ სასამართლოზე არ წამიყვანთ, ყველაფერი ცუდად დამთავრდება-მეთქი.

- პროცესზე ნაცემი მიგიყვანეს?

- დარბაზში დამოუკიდებლად შესვლა ვერ შევძელი; ბადრაგმა მიმიყვანა და სკამზე დამსვა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ახლობლების შეშლილი სახეები, როცა ასეთ დღეში მნახეს. დალურჯებული ვიყავი, სახეზეც უამრავი იარა მეტყობოდა; მოსამართლეც ხედავდა, ბადრაგმა რომ შემიყვანა.

- მოსამართლეს რეაგირება არ მოუხდენია? თქვენ არ დააფიქსირეთ, პროცესზე რომ გცემეს?

- თქმა რად უნდოდა ამ ყველაფერს, როდესაც აშკარად მეტყობოდა ძალადობის კვალი სახესა და მთელ სხეულზე? მე ვერც ვერაფერს ვიტყოდი; რაიმე რომ დამცდენოდა, შეიძლება, ციხეში შევებრუნებინე. მოსამართლეს ჩემს მდგომარეობაზე საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება. მოგეხსენებათ, რა დრო იყო და ვინ გაბედავდა რაიმეს თქმას? მაშინ კაცის მოკვლაც არ უჭირდათ. ვინ იცის, რამდენი პატიმარი შეიწირეს.

- იმ 18 წლის ბიჭს რა ბედი ეწია?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ოლეგ ფაცაცია ახრჩობდა მას და შემთხვევითობის წყალობით გადარჩა. მისი გვარი ვიცი, მაგრამ ვერ დაგისახელებთ, რადგან ის ისევ პატიმარია და მასთან შეუთანხმებლად ვერაფერს გეტყვით. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ერთ დღეს გვცემეს. იქ სისტემატურად გვაწამებდნენ.

- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ახალი ფირების აღმოჩენამ. თქვენი აზრით, ის კადრები უნდა ნახოს საზოგადოებამ?

- ვფიქრობ, ვისაც ამ კადრების ნახვა სურს, მათ უნდა მიეცეთ ამის საშუალება, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ყველა არხზე ეს საშინელება უჩვენონ, ამას ადამიანები ვერ გაუძლებენ. თავიდან სადაც ვიყავი, იმ საკნის ფანჯრიდან პირდაპირ ადმინისტრაციის შენობის დანახვა შეგვეძლო. იქ კარანტინის ოთახები პირველ სართულზე გახლდათ განთავსებული. ყოველ პარასკევს, მთელი საკნის ბიჭები ვიდექით ფანჯარასთან და ვუყურებდით, როგორ აწამებდნენ პატიმრებს. მართალია, სახეების გარჩევა არ შეიძლებოდა, მაგრამ გვესმოდა მათი განწირული ყვირილი და გოდება. ყოველ პარასკევს ერთი და იგივე მეორდებოდა კარანტინში, საკნებში შუაღამით შემოვარდნა კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჩადენილი ქმედებების გამო პასუხი ყველამ უნდა აგოს!..

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ