რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი

რატომ ჩამოდის "ბათუმობაზე" აბაშიძის ვაჟი

ბრუნდება თუ არა ასლან აბაშიძე აჭარაში? - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ბათუმობის დღესასწაულზე მოწვეულ პერსონათა შორის აჭარის ყოფილი მმართველის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც ფიგურირებდა. ამ თემაზე "კვირის პალიტრას" აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა, რომელმაც არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ ზურაბ ჟვანიას მკვლელის ვინაობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზეც სკანდალური განცხადებები გააკეთა.

- აგვისტოს ბოლოს ტრადიციულად ბათუმობა აღინიშნება. ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოსაწვევ პერსონათა სია წინასწარ დგება და მას სპეციალური კომისიის სხდომაზე კენჭს უყრიან. წელს მოსაწვევთა შორის ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც მოიაზრეს. ამ ინიციატივის ავტორი ალეკო ჩხარტიშვილია, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ბათუმის საკრებულოში. მისი მტკიცებით, მოსაწვევ პერსონათა შორის გიორგი აბაშიძე, როგორც ბათუმის ყოფილი მერი, ისე შეიყვანეს. მართალია, ამ სიისთვის ჯერ კენჭი არ უყრიათ, მაგრამ უკვე დაირხა ხმა, რომ ბათუმში ასლან აბაშიძე ბრუნდება.

- მაგრამ აბაშიძე ხომ ძებნილია?

- დიახ, თავის დროზე, მის წინააღმდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების (თუ ზუსტად მახსოვს, 80 მილიონი ლარის მითვისებაზე იყო ლაპარაკი) ბრალდებებით აღიძრა საქმე. მას 20 წელი მიუსაჯეს და ძებნილად გამოაცხადეს. ინტერპოლით ძებნილ აბაშიძეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მიუმართავს თხოვნით ახალი ხელისუფლებისთვის, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიეღო. თუმცა ვიცი, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში მიიღო. არ გამიკვირდება, რომ პროცესუალური დარღვევები იყოს ამ საქმეშიც და მისი გადახედვის შესაძლებლობაც გაჩნდეს. თუმცა ეს მომავლის საქმეა. ამჟამად კი აბაშიძე საქართველოში რომ ჩამოვიდეს, სამართალდამცველებს მისი დაკავების გარდა სხვა გზა არ რჩებათ. ამგვარად აბაშიძე ავჭალის კოლონიაში (დიდი ალბათობით) მერაბიშვილის, ახალაიას და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გვერდით აღმოჩნდება. იმავეს ვერ ვიტყვი გიორგი აბაშიძეზე, რადგან მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის და ნებისმიერ დროს შეუძლია ბათუმში ჩამოსვლა.

- იქნებ გიორგი აბაშიძე იმიტომ ჩამოდის, რომ ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება აწარმოოს, დააბრუნონ აჭარაში აბაშიძე.

- არ ვიცი, რამდენად აქვს ამისთვის საჭირო რესურსი გიორგის, რა პოლიტიკური მსოფლმხედველობა აქვს ამჟამად. თავის დროზე, ის ძალით შეათრიეს პოლიტიკაში. მახსოვს, როცა გიორგი ბათუმის მერი იყო (მე მაშინ ასლანის პრესმდივანი და აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ვიყავი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა მეთაურმა მთხოვა, გიორგისთან მემეგობრა, მისთვის ყურადღება მიმექცია. მაშინ გიორგის გართობა და წამალი უფრო აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა