ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"

ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამი აღარ არის"

ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარ ლინკოლნ მიტჩელთან.

- უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ივანიშვილის ლობირების კამპანიას თქვენ ჩაუდექით სათავეში, დასავლურ პრესაში ახალი მთავრობის საწინააღმდეგო არაერთი სტატია დაიბეჭდა, რასაც თქვენს უუნარობას მიაწერს...

- არ ვიცი, რატომ გააკეთა ირაკლიმ ეს. უცნაური კაცია. ჩვენ ადრე ვმეგობრობდით... ეტყობა, ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, რაც შტატებში არ გამოსდიოდა. რაც შეეხება მის ბრალდებებს, ივანიშვილისთვის აღარ ვმუშაობ, თანაც მე მისი ლობისტური კამპანიის ხელმძღვანელი კი არა, არაფორმალური მრჩეველი ვიყავი, ასე რომ, "ვაშინგტონ პოსტისა" და "ვოლ სთრით ჯორნალის" კრიტიკული წერილები ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, სენატშიც და ამერიკულ გამოცემებში მაინც დარჩებიან მისი კრიტიკოსები და მიშას მხარდამჭერები, თუნდაც იმიტომ, რომ არ ეცოდინებათ, რეალურად რას სჩადიოდა "ნაციონალების მთავრობა".

- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება ავნოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ან გავლენა იქონიოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე?

- ამერიკა საქართველოს პარტნიორია, არსებობს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები და ამას პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ვერ შეცვლის. რა თქმა უნდა, ყოფილი მთავრობა შეეცდება პრესის იარაღად გამოყენებას - ეს და "ევროპის სახალხო პარტია" ორად ორი ინსტრუმენტია, რაც მათ შემორჩათ. ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაურთულოს ივანიშვილსა და მის მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება, მაგრამ ზოგადი სურათი უცვლელია - აშშ კვლავ დაინტერესებულია თქვენთან პარტნიორობით და ევროკავშირიც თქვენდამი კეთილგანწყობილია.

- ხშირად ისმის კრიტიკა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ თქვენ ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამს შეადარეთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატია ტაბაკასავით გააბრტყელა და საკუთარ ტაფას მოარგოო... ახლა რას ფიქრობთ?

- სააკაშვილი მთელ მსოფლიოს აჯერებდა, რომ თქვენთან ევროპული ყაიდის დემოკრატია იყო, ამ დროს კი ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებდა. სიმართლე გითხრათ, ევროპული ყაიდის დემოკრატიამდე საქართველოს ახლაც ბევრი უკლია, მაგრამ, სამაგიეროდ, სწორი გზით მიდიხართ - ქართული დემოკრატია ტაბაკა აღარ არის.

- პრემიერმა განაცხადა, რომ მოახერხებს საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთმანეთთან შეთანხმებას. ეს რეალურად გეჩვენებათ?

- საკმაოდ დიდხანს რუსეთი საქართველოს მხოლოდ მტრად მიიჩნევდა. ახლა ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომლისკენაც იგი ხელს ვერ გაიშვერს, ვერ მონახავს მიზეზს, რის გამოც არ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები და გაუმჯობესდეს ურთიერთობა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, თავისთავად ცხადია, რომ თუ საქართველო მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას, მას მეტი შანსი ექნება ნატოში შესვლისა.

- ე.წ. საზღვრის მარკირების პროცესი ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნად ალბათ ვერ ჩაითვლება...

- დიახ, და ვფიქრობ, ეს ივანიშვილისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი იყო. რუსეთმა ამით დააფიქსირა, რომ მიუხედავად ურთიერთობის დათბობისა, არის საკითხები, რომელზეც იგი უახლოეს მომავალში პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა