"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"

"ბიჭებმა იფიქრეს, პავლიაშვილს "გავწეწავთ" და ავშენდებითო"

რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები შემზარავი მკვლელობის საქმის არსებით განხილვას დაიწყებენ და 5 ბრალდებულს განაჩენს გამოუტანენ. მათ ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში ედებათ ბრალი.

მკვლელობა თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ახალგაზრდა კაცი თავის ავტომანქანაში ჩაცხრილეს. ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, იყო საკონტროლო გასროლაც. შემთხვევის ადგილას სათვალთვალო კამერებმა ძალოვანებს საქმის გახსნა გაუადვილა, ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დააკავეს. კიდევ რამდენიმე პირიც მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელია. მისი დაკავება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მოკლულის ოჯახისთვის, რადგან ახლობლად მიიჩნევდნენ. მეტიც, დაკრძალვის დღეებში ის ადუაშვილების სახლში ტრიალებდა. ჩხაპელიას დღეს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი. ყველაზე გამაოგნებელი კი მისი ჩვენება გახდა, სადაც მკვლელობის შემკვეთად მოკლულის უახლოესი მეგობარი, თავისი ცოლისძმა, სოსო პავლიაშვილი დაასახელა.

პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის. პროკურატურაში ამბობენ, რომ ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი პირისთვის ბრალის წასაყენებლად. ჩხაპელია ჩვენებაში დეტალურად აღწერდა, როგორ მოაკვლევინა 50.000 დოლარად ადუაშვილი.

ეს ჩვენება მოკლულის ოჯახისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. თუმცა შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩხაპელიას ადვოკატი ლევან ჯავახაძე ამბობს, რომ მისი დასაცავი თავს დამნაშავედ არ ცნობს და სულ სხვა ჩვენებას მისცემს სასამართლოს.

ადვოკატი ლევან ჯავახაძე: - ჩხაპელიას ჩვენებაში არსად წერია, რომ პავლიაშვილმა შეუკვეთა მკვლელობა. ის ამბობს, სოსო საქმის კურსში იყოო. თუმცა ესეც უარყო ჩხაპელიამ და განმარტა, რომ ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება და სიმართლეს სასამართლოზე დაამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რადიკალურად განსხვავებული სურათი დაიხატება...

- თუ უდანაშაულოა, რატომ დააკავეს?

- მოვლენებს არ გავუსწრებ, თორემ რამდენიმე ვერსია გვაქვს... ყველაზე ლოგიკური, რაც შეიძლება იყოს, გადამოწმდა ბოლო დროს ადუაშვილთან კონფლიქტში მყოფი პირების სია. ჩხაპელიასაც ჰქონდა მასთან მცირე, პირადი პრობლემა, თუმცა ეს არ იყო იმ ხარისხის, რომ შურისძიებაზე ეფიქრა. მაგრამ ეს სოსოს არანაირად არ ეხება.

- მაშ, რატომ გაკეთდა აქცენტი ადუაშვილის უახლოეს მეგობარზე, სოსო პავლიაშვილზე?

- შეიძლება ამ საქმეში პავლიაშვილის მტრის ხელი ურევია. ფაქტია, ჩხაპელია ამბობს, ჯოჯოხეთი გამოვიარეო და ამის შემდეგ დააწერინეს ჩვენება. სიმართლე პროცესზე გაირკვევა.

თავად სოსო პავლიაშვილი მკვლელობასთან კავშირს აბსურდულს უწოდებს. "კვირის პალიტრის" N27-ში გამოქვეყნდა მისი საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც ადუაშვილის მეგობრების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი დარწმუნებული არიან, ჩხაპელიას ჩვენების ჭეშმარიტებაში და ბევრი კითხვა აქვთ სოსო პავლიაშვილთან.

ზურა გაჩეჩილაძე და ზურა ჯალალიშვილი ავთოს დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი პავლიაშვილთანაც მეგობრობდნენ.

"ჩხაპელიას ჩვენებასაც რომ თავი დავანებოთ, სოსოს საქციელი ბევრ შეკითხვას ბადებს. მისი ინტერვიუები, სადაც ის თავის და ავთოს მეგობრობაზე საუბრობს, ძალიან გამაღიზიანებელია. ავთოს დასაფლავებაზე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან და ერაყიდანაც კი ჩამოვიდნენ მისი მეგობრები. სოსო ამ დროს დისკის პრეზენტაციაზე სომხეთში 400 კილომეტრში იმყოფებოდა და უახლოესი მეგობრის სამძიმარზე არ ჩამოვიდა. მისმა სიძემ (ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფმა ჩხაპელიამ) მიზეზად მომღერლის მკაცრი კონტრაქტი დაასახელა. მაკა პავლიაშვილმა, სოსოს დამ, სულ სხვა ვერსია შემოგვთავაზა: სანამ "ნაციონალები" იქნებიან ხელისუფლებაში, სოსო აქ ჩამომსვლელი არ არისო.

გვაინტერესებს, რომელმა "ნაცმა" შეგაშინა ასე, სოსო, რომ არჩევნების შემდეგაც ვერ გაბედე შენს ქალაქში ჩამოსვლა?

არადა, სოსოს სახელი ისეთ ბინძურ კონტექსტში გაჟღერდა, შვილის ნათლიისა და უახლოესი მეგობრის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს, რომ მის ინტერესში შედიოდა აქ ჩამოსვლა და ყველაფრის გარკვევა. ამაზე უარესი რაღა უნდა დაგაბრალონ კაცს? ვერც მოიცალა პავლიაშვილმა, ერთხელ მაინც დაერეკა ავთოს მშობლებთან, რომელთა კალთაშიც გაიზარდა. სამაგიეროდ, ძვირფას დროს ხარჯავს ინტერვიუებში, სადაც თუთიყუშივით იმეორებს, რომ ეს არის ჭორი და აბსურდი, რომ მას მოუკლეს ბავშვობა, რომ ეს არის ჟურნალისტების პიარფანტაზია, რომ ამ ბინძურ ჭორს უვრცელებს ძველი ხელისუფლება შურისძიების მიზნით. ყველაზე ამაზრზენი "კომსომოლსკაია პრავდასთვის" მიცემული ინტერვიუ იყო, სადაც ავთოსადმი ფინანსურ ვალდებულებებს ლამის ქველმოქმედებად აფასებს და ამბობს, ავთოს უამრავი მტერი ჰყავდა და მოსაკლავად დასდევდნენ, ბოლო ერთი წელი სახლში იარაღშემართული შედიოდა და ბალიშის ქვეშ იარაღით ეძინაო. პავლიაშვილი ამ საკენკს ვერავის დაუყრის, მას ამ სიცრუისთვის მოეთხოვება პასუხი. ავთოს ხელში იარაღი არ გვინახავს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მხიარული და უდარდელი იყო, სრულიად განსხვავებული იმ კაცისგან, როგორსაც ეს ვიგინდარა ხატავს.

ჩხაპელიას დაკავებისთანავე სოსომ თბილისიდან გახიზნა მშობლები და დღემდე მოსკოვში ჰყავს. ასევე სასწრაფო ევაკუაცია გაუკეთა დას. ისე, არც მის მშობლებს შეუწუხებიათ თავი ადუაშვილების მოკითხვით, ეტყობა, მათაც არ სცალიათ.

ვფიქრობთ, იმიტომ არ ჩამოვიდა დაკრძალვაზე, შეეშინდა მისი აქ ყოფნის დროს არ გახსნილიყო საქმე და არ დაეკავებინათ.

ახლა ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ ამ საქმეს. იმედია, პავლიაშვილი ჩამოვა და ჩვენთან ერთად დაესწრება სასამართლო პროცესებს, სადაც მისი სიმართლე უნდა გამოჩნდეს, თუ იმის შიში არა აქვს, რომ მიუჯდება თავის სიძეს გვერდით. ჩამოვა და თვალებში ჩახედავს ავთოს მშობლებს და ეტყვის თავის სათქმელს, თუ სათქმელი აქვს და ბოლოს პირადად გადაუხდის მადლობას მთავარ პროკურორს, რომლის ობიექტურობაში ასეა დარწმუნებული. "კვირის პალიტრასთან" ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ დარწმუნებულია თავისი სიძის უდანაშაულობაში და იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე არ დაიკარგება. იოსიფ! დარწმუნებული ბრძანდებოდე, ჩხაპელია აუცილებლად და სრულად მიიღებს თავის სასჯელს, შენ სხვა იდარდე. "მაფიოზობანა" საშიში თამაშია და ხშირად გრანდიოზული პროცესებითა და პროცესიებით მთავრდება!

ამავე ინტერვიუში პავლიაშვილი სააკაშვილს თავის მოკვლას ან ბერად აღკვეცას სთავაზობს. საინტერესო რეცეპტები აქვს, ეტყობა, ბევრს ფიქრობს ამაზე. თავი მას აქვს მოსაკლავი. ამბობს, ეკლესიის აშენებას ვაპირებ ავთოს სახელზეო. ჯერ მის მშობლებს ჰკითხოს, როგორ ესიამოვნებათ, პავლიაშვილმა ავთოს სახელზე ეკლესია რომ ააშენოს. ადრე ერთ-ერთ გადაცემაში სოსოს ჰკითხეს, თუ შენზე ძლიერი ადამიანი შეგხვდა, როგორ მოერევიო. უპასუხა, თუ დღეს ჩემზე ძლიერი ხარ, ხვალ მე შენზე ძლიერს ვნახავ, 200 დოლარს გადავუხდი და ჩემს მაგივრად ცხვირ-პირს ის დაგინგრევსო. აი, აქ ჩანს მისი ნამდვილი სახე. ავთო მაგარი ვაჟკაცი იყო, სულ გვერდით ედგა, ყველა პრობლემას უგვარებდა. მოსკოვში "კანონიერ ქურდს", მირონ მამედოვს, რომელიც წარმოშობით საქართველოდან იყო, იმდენჯერ სთხოვა, რომ მან სოსოს საუკეთესო სტუდია აჩუქა. ავთომ სამშენებლო ბიზნესიც დაიწყო, სოსოსგან ფულს ელოდა. ვიცით, რომ ერთად ბიზნესები ჰქონდათ".

ჩვენ ადუაშვილის დედას, ქალბატონ ნანა ადუაშვილს ვესტუმრეთ:

- სოსო და ავთო ერთად გაიზარდნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ სოსო ურევია ჩემი შვილის სიკვდილში, ეს ჩემთვის მეორე სიკვდილის ტოლფასია. ჩხაპელიამ რომ აღიარა, ვკიოდი, იმდენად არ მინდოდა ამის დაჯერება. ჩვენმა ოჯახებმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ხუდადოვზე, იტალიურ ეზოში ერთად ვცხოვრობდით. სოსოს მამა, რამინი, არქიტექტორი იყო, დედა, აზა, ფაბრიკაში მუშაობდა. ჩემს ორ ბიჭს შორის ვსვამდი სოსოს და ისე ვასადილებდი, ერთად გაიზარდნენ... სოსო მუსიკალურში რომ სწავლობდა, ფული არ ჰქონდათ და გვერდით ვედექით. იურმალაში რომ წავიდა, ჩემი შვილების და მათი მეგობრების იქ ჩასვლა ჩემმა მეუღლემ დააფინანსა. სოსოზე ახლო მეგობარი ჩემს შვილს არ ჰყოლია, რამ აფიქრებინა ეს, არ ვიცი... არ მინდა დავიჯერო, მაგრამ იმდენი კითხვა არსებობს, რომ უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩხაპელიაა დამნაშავე. მან აღიარა ყველაფერი. არადა, ბევრი სიკეთე აქვს მათთვის ჩემს შვილს გაკეთებული. ავთო თავისი ცხოვრებით არ ცხოვრობდა, მთელი ცხოვრება სხვისი პრობლემების მოგვარებაში იყო. ბევრი ფული არასოდეს გვქონია. ბიზნესები ჰქონდა, ცხოვრება აიწყო, სახლი აიშენა, მაგრამ მხოლოდ ორი თვე იცხოვრა ამ სახლში, არ დააცადეს ბედნიერი ცხოვრება.

- სოსო პავლიაშვილთან რაიმე უთანხმოება ჰქონდა?

- არ ვიცი და ეს მაინტერესებს სწორედ. მითხრას, რატომ მომიკლეს. ორწლინახევრით უფროსია სოსო ავთოზე, მაგრამ ჩემი შვილი პატრონობდა. სოსო რიგაში ჯარში რომ წაიყვანეს, ავთომ, 17 წლის ბიჭმა, იქ ჩააკითხა. პირდაპირ ნაწილის უფროსთან მისულა, ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერი მევიოლინეა, ანსამბლს ჩამოაყალიბებს და აქ კონცერტებს გამართავს. ნიჩაბს ხელში ნუ დააჭერინებთ, ხელები არ გაუფუჭდესო. მართლაც მისცეს ამის უფლება. მეორედაც წავიდა ჩემი შვილი დატვირთული, ვიოლინოც წაუღო... მერე მოსკოვში რომ წავიდა სოსო, იქაც პრობლემები შეექმნა ვიღაცებთან. ჩემი შვილი 5 წელი გვერდიდან არ მოშორებია. ყველა პრობლემა მოუგვარა. ბინაც საერთო ჰქონდათ, მერე ის ბინა სოსომ გაყიდა, მაგრამ ავთოსთვის თავისი წილი არ მიუცია... ნანა დეიდა, შენ გენაცვალოს შენი შვილი სოსო პავლიაშვილიო, ასე მესალმებოდა, ჩემი დედა ხარო. რომელი ერთი გავიხსენო. ავთო სოსოს მეჯვარე და ბავშვის, ლევანის ნათლია იყო. ხშირად ელაპარაკებოდა სოსოს, მაგრამ აღელვება არ შემინიშნავს.

- ამბობენ, რომ თქვენს შვილს მტრები ჰყავდა.

- ტყუილია. ბოლო სამი წელი განსაკუთრებით დამშვიდებული იყო. პრობლემა არ ჰქონია.

გიორგობას მომიკლეს. 3 საათი იყო, რომ ისადილა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ახლობლებს დაურეკა, საღამოს გიორგობა ჩვენს რესტორანში აღვნიშნოთო. მის ბიჭს გიორგი ჰქვია და უნდა აღენიშნა. მერე ისევ თავის ოთახში შევიდა. შინიდან როგორ გავიდა, არ მინახავს. ღვთისმშობლის ტაძარში სანთელი დაუნთია. მამამისიც უნახავს, ამბობს, საოცრად კარგ ხასიათზე იყოო. ზუსტად იმ დღეს მომიკლეს სადისტურად...

- ჩხაპელიასა და ავთოს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- სულ ჩვენთან იყო ჩხაპელია. ლტოლვილია, ეცოდებოდა და სამარშრუტო ტაქსის ხაზები გაუკეთა. მის ოჯახთანაც ვმეგობრობდით. მამამისი ცოცხალი რომ ყოფილიყო, შეიძლება სასამართლო პროცესზე შუბლში ტყვია დაეხალა ვახოსთვის, იმდენად უყვარდა ჩემი შვილი. ვახტანგი მკვლელობამდე სამი დღით ადრე ავთოს ჩვენს რესტორანში მოუყვანია, ქაბაბი უჭამიათ ერთად. რას წარმოიდგენდა, ამას თუ გეგმავდა. უამრავი ადამიანი იყო ჩემი შვილის დაკრძალვაზე. ჩემი ძმისშვილი ამბობდა, მთელი თბილისი აქ არის და ავთოს მკვლელი ვინ უნდა იყოსო. თურმე მკვლელიც იქ იყო. ჩხაპელია ყველაზე მეტს აქტიურობდა. თავიდან, როცა ავთოს მკვლელობის ამბავი გავრცელდა, მთელი ხუდადოვი შეკრებილა. ჩხაპელია თურმე თავს ურტყამდა კედელზე, სხვების დასანახავად. დაკრძალვამდე სულ მოდიოდა, მაგრამ სულ მთვრალი იყო.

წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის ქელეხის სუფრაზე ხუდადოვიდან გამზადებული კოლიო მან ჩამოიტანა. რას ვიფიქრებდი, ჩემი ავთო მისი ხელით რომ იყო მკვდარი.

ერთი დღე დაიკარგა, ჩემს მეუღლეს დაურეკა, კიევში ვარო, თურმე გალში წასულა და მკვლელებს შეხვედრია... თქვეს, სოსო უნდა ჩამოვიდეს დაკრძალვაზეო, მაგრამ არ ჩამოვიდა. მკვლელობის მეორე დღეს ავთო ჩემს ძმისშვილთან ერთად ერევანში, სოსოსთან შესახვედრად მიდიოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ