იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"

იმედა კახიანი - "არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა"

მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და მისი მეუღლის, ირაკლი კუტალაძის ხმაურიანი დაშორების შემდეგ, კახიანების ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამჯერად დავა კერძო საკუთრებაზეა. ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის დავა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს კახიანები ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ნატალი ჭეიშვილი ამბობს, ბინა კახიანებს უფასო რემონტის სანაცვლოდ დროებით დაუთმო. თუმცა მოგვიანებით ბინა სადავო გახდა და საქმე სასამართლომდე მივიდა.

ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ კახიანების ოჯახს ბინა 15 ივლისს უნდა დაეცალა, თუმცა როგორც ჭეიშვილი აცხადებს, იმედა კახიანმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და სააღსრულებლო სამსახურის წარმომადგენელსა და ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სააღსრულებლო სამსახურმა ბინის დაცლის ბოლო ვადად 30 ივლისი დაასახელა.

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის იმედა კახიანს დაუკავშირდა:

- ხელშეკრულება ამხანაგობასთან 2000 წელს გავაფორმე, რომელიც გუდაურის ქუჩაზე რამდენიმე კორპუსს აშენებდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ მივიღებდი ბინას, რომლის შესაბამისი თანხაც მექნებოდა გადახდილი. 2000 წელს ბინის გადასახადი მთლიანად დავფარე, ხელშეკრულებაში მეოთხე სართული მქონდა ჩაწერილი. როცა მშენებლობა დამთავრდა და ბინები განაწილდა, ამხანაგობის თავმჯდომარემ ბინა მაჩვენა, მაგრამ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მსურდა. მითხრა, დამემატებინა თანხა, გვერდით ერთსადარბაზოიანი კორპუსის მშენებლობა ჰქონდათ დაწყებული და ისეთ ბინას მომცემდნენ, როგორზეც შევთანხმდებოდით. ამდენად, გადახდილ 20 000 დოლარს კიდევ დავამატე 10 000 დოლარი. თავმჯდომარემ მშენებლობის დასრულებამდე შემომთავაზა, მერვე სართულზე ცარიელი ფართი გვაქვს, გავარემონტებთ და იცხოვრე, მანამ არ დამთავრდება შენი კუთვნილი ბინაო. 2004 წელს შევედი ამ ბინაში და მას შემდეგ ვცხოვრობ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიდა ქვარცხავა და მისი მეუღლე, გვარად ჭეიშვილი. გამომიცხადეს, თქვენ რომ ამ ბინიდან გადახვალთ, შემდეგ ჩვენ გვეკუთვნისო. მეც ვუთხარი, რომ ამხანაგობასთან შეთანხმებით დროებით ვცხოვრობდი ბინაში და როცა დამთავრდება ჩემი ბინა, გადავალ-მეთქი (ჩემი ბინა ახლაც მშენებარეა და არ დამთავრებულა). ქვარცხავასა და ჭეიშვილთან არავითარი მოლაპარაკება არ მქონია, არც ვიცნობდი. რა უფლება მქონდა, მეთქვა, თქვენი იყოს, ან არ იყოს-მეთქი. ფართი ამხანაგობის იყო და როდესაც ჩემს ბინას მივიღებდი, ეს ბინა ისევ ამხანაგობისთვის უნდა ჩამებარებინა. მერე ჭეიშვილს მისცემდნენ თუ ეშმაკურაშვილს, რას ვჩიოდი?!

- სასამართლოს გზით საქმის გადაწყვეტა რატომ გახდა აუცილებელი?

- ამ ოჯახმა 2010 წელს შეიტანა საჩივარი, იმედა კახიანი გამოასახლეთო. ჭეიშვილი ამბობს, საკუთრება მქონდაო, ვუთხარი, საბუთი მაჩვენეთ-მეთქი. მოიტანა ხელშეკრულება, რომელიც 1999 წლით თარიღდება, სადაც წერია, რომ ჭეიშვილს ეკუთვნის გუდაურის სამ ნომერში, მერვე სართულზე, ბინა #29. რა სისულელეა, 1999 წელს ვინ იცოდა ბინის ნომერი? ამხანაგობის თავმჯდომარემაც განაცხადა, როგორ შემეძლო 1999 წელს ეს საბუთი გამეცა, ნებართვა გვქონდა შვიდსართულიანის აშენებაზე და როგორ დავწერდი მე-8 სართულსო? სასამართლოზე განვაცხადეთ, რომ საბუთი ყალბია და შემოწმება სჭირდება. მათმა დამცველმა ქეთი ქვარცხავამ თქვა, რომ საბუთს საერთო არაფერი აქვს ჩვენს დავასთან, ეს ამხანაგობის თავმჯდომარის დანაშაულიაო. თუმცა საბუთს ხელს ამხანაგობის თავმჯდომარეც აწერს და ჭეიშვილიც. სასამართლოზე მეორე საბუთიც წარმოადგინეს, თითქოს 2009 წელს შედგა ამხანაგობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ბინა ჭეიშვილს ეკუთვნოდა და კრების ოქმი არსებობდა. ოქმში წერია, რომ 2009 წლის ამა და ამ რიცხვში შედგა ამხანაგობის კრება. თუ რა იმსჯელა კრებამ, რამდენი ადამიანი ესწრებოდა, ვინ თანხმობა თქვა და ვინ შეეწინააღმდეგა, არაფერია ნათქვამი. აი, ასეთი "სრულფასოვანი" ოქმია. ვამბობ, რომ არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა, იმიტომ, რომ მინდა ის ბინა, რომელიც უნდა მოეცათ 2011 წელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია