რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

რევაზ კარალიძესა და ავთანდილ ცეცხლაძეს 15-15 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე 15-15 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებულების ადვოკატებმა დადებითად შეაფასეს. როგორც რევაზ კარალიძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, გირაოს გადახდის ვადად სასამართლომ 10 დღე განსაზღვრა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ისევე, როგორც მეორე ბრალდებული, პატიმრობიდან გირაოს გადახდისთანავე გათავისუფლდებიან. მანამდე კი ბრალდებულებს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ავთანდილ ცეცხლაძის ადვოკატის, ვლადიმერ ტაბაღუას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულების აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გუშინ დაკავებული რევაზ კარალიძისა და ავთანდილ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი მოითხოვდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებულიყვნენ. ორივე ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ კარალიძე და ავთანდილ ცეცხლაძე გუშინ დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი. მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მის თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6 000 კვადრატული ფართობის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობების დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენების დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა შესყიდვით დაინტერესებულ პირს ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ