კლუბური ივენთების ცნობილი ორგანიზატორი, რომელმაც 73 კილო დაიკლო

კლუბური ივენთების ცნობილი ორგანიზატორი, რომელმაც 73 კილო დაიკლო

"ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს - ვაწყობ ივენთებს, ღონისძიებებს, ვმუშაობ პიარმენეჯერად ერთ-ერთ ცნობილ კლუბში და მაქვს 24-საათიანი რეჟიმი", - ამბობს თაკო დოლაბერიძე, ადამიანი, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები კარგად იცნობენ. თაკო წლებია, კულტურული ღონისძიებების მენეჯერია და მის სახელს არაერთი კლუბური ღონისძიების ორგანიზება უკავშირდება. თაკოს ცხოვრებაში სიახლეა - წონაში საგრძნობლად დაიკლო.

- მშვენიერ ფორმაში ხარ... როგორც გატყობ, წონაში საკმაოდ ბერი გაქვს დაკლებული. ადრე რამდენის იყავი?

- არასდროს დამიმალავს ჩემი წონა და არც ახლა დავმალავ. 138 კილოდან 65-ზე ჩამოვედი. ხანდახან ამის მეც არ მჯერა, როცა ძველ ფოტოებს ვუყურებ, მაგრამ ფაქტია. 

- იქნებ გვითხრა, ეს როგორ შეძელი?

- წონაში ოპერაციული ჩარევის შედეგად დავიკელი, მაგრამ მხოლოდ ოპერაცია არ კმარა, მონდომებაა საჭირო და ვფიქრობ, რომ სასურველ მიზანს მიაღწევ.

- რა ოპერაციაზეა ლაპარაკი?

- ოპერაციას, რომელიც თელავივში გავიკეთე, "სლიმი" ჰქვია. ის ანდრეი გეიდარმა გამიკეთა, მასთან კი თბილისიდან ჩემმა ექიმმა, დათო აბულაძემ გამიშვა.

- რამ გადაგაწყვეტინა ასეთი რადიკალური ზომები?

- ძალზე მოკლე დროში მივიღე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მარტოს არ მიმიღია. ამის ინიციატორი ჩემი მეგობარი - გოგა კაკულია გახლდათ, რომელმაც ფიქრის საშუალება არ მომცა, არც ამომასუნთქა და ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველაფერი მაინც გოგას დამსახურებაა. მე და გოგა ახლა ასე ვხუმრობთ, რომ მისი "პროექტი" ვარ.

- როგორი იყო შენი ცხოვრება წონის დაკლებამდე და როგორია ახლა?

- ცხოვრება წონის დაკლებამდე და შემდეგ რადიკალურად სხვადასხვანაირია: პირველ რიგში, ვისწავლე სწორი კვება, ამასთან, დავდივარ ფეხით, ვცურავ, ვვარჯიშობ. ძალიან მომწონს ადრე გაღვიძება, რასაც ადრე ვერ ვახერხებდი. მოკლედ, უკვე სხვანაირად "გათენდა".

- რას ურჩევ მათ, ვინც წონის დარეგულირებას და დაკლებას აპირებს?

- მათ, ვისაც წონის პრობლემა აწუხებს, მინდა, ვურჩიო და ვუთხრა, რომ აუცილებლად მოიშორონ ზედმეტი კილოგრამები. საკუთარ ორგანიზმს მის ნებაზე ნუ მიუშვებენ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევ შიმშილს და უაზრო დიეტებზე დროის კარგვას.

- წონაში დაკლების პროცესს კვლავაც აგრძელბ? თუ უკვე მიიღე სასურველი შედეგი?

- გრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ისეთი ტემპით არა. არის საკვები, რომელიც აღარ მომწონს. გემოვნებაც შემეცვალა. უმეტესად ისეთი საკვების მიღება მსიამოვნებს, რაც არ გამასუქებს. ისე კი ცოტ-ცოტას ყველაფერს მივირთმევ. დღის განმავლობაში 4-ჯერ ვიკვებები. ვიწყობ განტვირთვის დღეებს.

- ე.ი. კმაყოფილი ხარ შენი გადაწყვეტილებით.

- კი, რა თქმა უნდა. სწორი კვება ვისწავლე და ამასთან, ავირჩიე ჯანმრთელი ცხოვრების სტილი (ვარჯიში, ცურვა, მასაჟი).

- როგორც ვიცი, ყოველთვის აქტიური და ენერგიული იყავი, თუ არ ვცდები, წონის მიუხედავად, პლასტიკურიც. ალბათ, ახლა მეტად გააქტიურდი...

- აქტიური ადამიანი ვარ, სხვანაირი ცხოვრება არ შემიძლია. მოკლედ, რაც ვიყავი, ისევ ის ვარ...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია