ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ

ამბავი ვიკინგი გურულისა ანუ შინ - ფესვებისკენ

შორეულ ნორვეგიაში ორი გურული ძმა ცხოვრობს, "გავიკინგებული" დუმბაძეები. როდესაც ლეონიდის და კრისტოფის შესახებ მიამბეს, მაშინვე ნოდარ დუმბაძის ზურიკელას მონოლოგი გამახსენდა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან," - მთელი დუნია ჩვენ ვიქნებით, ჩემი და მერის მონაგარიო და აღარ გამიკვირდა, რომ შორეულ ნორვეგიაშიც ცხოვრობენ გურულები. თუმცა, მათი მშობლების ისტორია ძალიან სევდიანია, შვილებმა კი აქამდე არაფერი იცოდნენ არათუ ნოდარ დუმბაძის, არამედ საქართველოში მცხოვრები ნათესავების შესახებაც. მეტიც, ვერ წარმომედგინა, რომ ნორვეგიელი გურულების ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე ნუცა დუმბაძე იქნებოდა და უამრავი ადამიანის ცხოვრებაში სასწაულის მომხდენი "კვირის პალიტრა" სტატიის დაბეჭდვამდე კიდევ ერთი საოცრების მომსწრეს გამხდიდა.

- სად არის ეს კაცი? ჩემი ნათესავია... ამ ბიჭებს მთელი ცხოვრება ვეძებდით, - ხმაწასული, ჩურჩულით მეკითხებოდა ქალბატონი ნუცა დუმბაძე და უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა...

მიმიხვდით ალბათ, რასაც ახლა კითხულობთ, სტატიის პირველი ვარიანტი არ არის. როდესაც რამდენიმე დღით საქართველოში ჩამოსულ ლეონიდს ნორვეგიაში გაფრენამდე რამდენიმე საათიღა ჰქონდა დარჩენილი, მოულოდნელად, თავისი დიდი ოჯახი იპოვა, არადა, სტატიის პირველ ვერსიაში წუხდა: "დასანანია, რომ არაფერი ვიცი ჩემი ქართველი ნათესავების შესახებ. მამა თბილისელი ყოფილა. მას ლიოვას ეძახდნენ, ბიძაჩემ ალექსანდრეს კი - საშას. არ ვიცი, სად არის საშა, შვილები დარჩა თუ არა, ან სხვა ნათესავებს რა ერქვათ, როგორ მოვძებნო? საშა მამასთან ერთად წასულა ევროპაში და როგორც ვიცი, არც ის დაბრუნებულა სამშობლოში. მალე ძმასთან ერთად ვაპირებ ჩამოსვლას და ვინ იცის, იქნებ მივაგნოთ კიდეც ჩვენს დიდ ოჯახს. მინდა გავიგო, ვინ მყავს აქ. მთელი ცხოვრება მქონდა სურვილი სამშობლოს გაცნობისა. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორ ჩამოვდივარ საქართველოში და ნათესავები მელოდებიან... ახლახან ვნახე ფილმი "ფესვები" და ვიტირე. ზუსტად ასე წარმომედგინა ჩემი აქ ჩამოსვლა...

საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმ "ფესვების" ჩანაწერი ლეონიდს ნორვეგიელების რძალმა, პოეტმა და მხატვარმა თამარ ლომიძემ აჩუქა, რომელმაც სიაში მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ნორვეგიიდან ნახევრად ქართველი დუმბაძე ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოდიოდა საქართველოში. თამარს კი მეგზურობა უნდა გაეწია. ბებიით გურული და ნორვეგიელი შვილების დედა აღელდა: "სიაში ქართული გვარი რომ ვნახე, გულმა მიგრძნო, საინტერესო ამბავი უნდა გამეგო. ნანახმა და განცდილმა მოლოდინს გადააჭარბა. ლეონიდი საოცარი ადამიანია, ალალი, ღიმილიანი, მზიანი... სისხლმა სისხლი იცნო და დანახვისთანავე თამამად ვკითხე, თქვენ ლეონიდი ხართ, დუმბაძე, არა? სახე გაუბრწყინდა და გაუკვირდა, რომ ასე გამოვარჩიე. ძალიან მაწუხებს ემიგრანტების ბედი, ყოველთვის ვცდილობ, ბევრი რამ გავაგებინო დავიწყებულ სამშობლოზე. როდესაც ლეონიდის ისტორია მოვისმინე, გულაჩუყებულმა ფილმ "ფესვების", ჩანაწერი ვაჩუქე. ვუთხარი, გული მიგრძნობს, ის, რაც ამ ფილმშია, უთუოდ შენს ცხოვრებაშიც მოხდება-მეთქი. სასწაული კი ძალიან მალე მოხდა - როდესაც "კვირის პალიტრის" რედაქციიდან დარეკეთ, ნათესავებს მივაგენითო, ლეონიდში გურულმა სისხლმა იფეთქა - მშვიდი, გაწონასწორებული კაცი უცებ აფეთქდა, მოუსვენრობამ შეიპყრო, ნუთუ მართლა ვიპოვე, - გაიძახოდა გაოცებული, მერე უცებ მომიბრუნდა და მთხოვა, - წამიყვანეთ, მანახეთ ეს ადამიანები..."

დიდი ხნის წინ დაკარგულ ნათესავებთან შეხვედრა ლეონიდის გარდაცვლილი მამიდის, ნადია დუმბაძე-გაბუნიას ოჯახში შედგა. ლეოს (ლიოვას) ერთი ძმა და სამი და ჰყოლია. მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ იმრავლა მონაგარმა და ნორვეგიიდან სასწაულებრივად მოვლენილ ლეონიდს ერთად უმასპინძლეს ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა.

შეუძლებელია შეხვედრის სცენის გადმოცემა. გაოგნებული ლეონიდი ნათესავებს შორის იდგა და თვალწინ სწორედ ის კადრი გაუცოცხლდა, საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმში რომ იხილა. ახლა ის თავის მიწაზე იდგა და თავის დაკარგულ ფესვებს ეფერებოდა. არ იცოდა ვისთვის რა ეთქვა. დამუნჯებულმა უცებ ნათესავის, გიორგი გაბუნიას აკანკალებულ ხელში ჩაბღუჯულ ძველ ფოტოებს ჰკიდა თვალი, ეს მე ვარო, წამოიძახა. კადრში აღბეჭდილია ულამაზესი კირსტენი (ლეოს მეუღლე) პატარა ლეონიდთან ერთად, ფოტო ნიუ-იორკიდან გამოუტანებია ვიღაცისთვის ლეოს...

"მთელი ცხოვრება გეძებდით და როდესაც ყველა იმედი გადაგვეწურა, თვითონ მოხვედი, ეს ნამდვილი სასწაულია. დედაჩემი ამ ამბავს რომ მოსწრებოდა, ალბათ აღარასდროს მოკვდებოდა. ის თითქმის არ ახსენებდა დაკარგულ ძმებს - საშას და ლეოს. ასე ცდილობდა გამკლავებოდა მონატრებას. ერთხელ თითქოს ამოიჩემაო და დიდხანს ლაპარაკობდა საშაზე, სასწაულია და სწორედ იმ დღეს მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ. დედამ ძლივს გადაიტანა ეს ამბავი... იმ დღესაც, როდესაც ამერიკაში მყოფმა ნათესავმა შეგვატყობინა, რომ ლეოც აღარ იყო, დედამ ახლა მასზე დაიწყო ლაპარაკი. თითქოს გული უგრძნობდა... დავუმალეთ ძმის გარდაცვალების ამბავი და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ წამოსცდა ნათესავს... კინაღამ გაგიჟდა, როგორ დამიმალეთ და საშუალება არ მომეცით მეგლოვაო. ახლა ასე მგონია, რომ შენი სახით ბიძაჩემი დაბრუნდა და მეც, დედაჩემის მაგივრად ვეფერები ძმას... შენც ხომ ძმა ხარ ჩემი?!" - უთხრა ლეონიდს მამიდაშვილმა მანანა გაბუნიამ და გადაეხვია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია