გამოკითხულთა 56% აბორტის აკრძალვას ემხრობა

გამოკითხულთა 56% აბორტის აკრძალვას ემხრობა

აბორტის თემა ძალიან სენსიტიურია ნებისმიერ საზოგადოებაში, გამონაკლისი არც საქართველოა. ორივე მხარეს, როგორც აბორტის მომხრეებს, ასევე მათ მოწინაღმდეგეებს აქვთ საკუთარი არგუმენტები. აბორტის აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ ამით, პირველ რიგში, გენოფონდის გაზრდა მოხდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქალის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგება. აბორტის მომხრეები კი თვლიან, რომ თუ მისი აკრძალვა მოხდა, კრიმინალური აბორტების რიცხვი მოიმატებს და საქმიანობა იატაქვეშეთში გადაინაცვლებს.

უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი, ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრს მსჯელობენ. ამიტომ მარკეტინგული კვლევების ცენტრმა "ეი-სი-თი"-მ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რას ფიქრობს მოსახლეობა აბორტის აკრძალვის შესახებ. ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 56% აბორტის აკრძალვის მომხრეა, 31% თვლის, რომ აბორტი არ უნდა აიკრძალოს, ხოლო სულ რაღაც 13%-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვს.

"ეი-სი-თი"-ს კვლევაში საინტერესოა მამაკაცების და ქალების დამოკიდებულება აბორტის მიმართ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 50% და მამაკაცთა 64% აბორტის აკრძალვის მომხრეა, ხოლო 13-13%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

როგორც თბილისელი მარიამ ჩიხრაძე ამბობს, აბორტის სრულად აკრძალვა არ უნდა მოხდეს, რადგან ეს უარყოფით შედეგს გამოიღებს.

"სამედიცინო თვალსაზრისით, არ ვეთანხმები აბორტების აკრძალვას. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც ქალის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობის საკითხი. აბორტი დასაშვებია გაკეთდეს ორსულობის 12 კვირამდე. თუმცა, მორალურად წინააღმდეგი ვარ აბორტის გაკეთების. ვფიქრობ, რომ მთლიანად აკრძალვის შემთხვევაში გაიზრდება კრიმინალური აბორტების შემთხვევები, რამაც შეიძლება, უფრო ცუდი შედეგები გამოიღოს", - აღნიშნა მარიამ ჩიხრაძემ.

კრიმინალური აბორტების გახშირებას არ გამორიცხავს თბილისელი მედეა კიკვაძეც. ამბობს, რომ თუ აბორტის აკრძალვა მოხდა, უფრო სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით, რადგან იატაქვეშეთში მოხდება ამ ტიპის სამედიცინო მომსახურება.

"რატომ უნდა აიკრძალოს აბორტი? ამ კითხვაზე აბორტის აკრძალვის მომხრეების არგუმენტირებული პასუხი არ მომისმენია. მე კი ვფიქრობ, რომ სრულად მისი აკრძალვა არ უნდა მოხდეს, რადგან სამედიცინო მომსახურება იატაქქვეშეთსა და სახლებში, ნაუცბათევად მომზადებულ ე.წ. პალატებში მოხდება. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გაანალიზოს შედეგები და აბორტის შესახებ აკრძალვა მერე უნდა დააწესოს", - ამბობს მედეა კიკვაძე.

საქართველოში მოქმედი წესის შესაბამისად, სამედიცინო აბორტს მხოლოდ 12 კვირის ფეხმძიმეს უკეთებენ, მაშინაც ქალს მოსაფიქრებლად 3 დღეს აძლევენ. თუმცა ხშირად ქალებს ამისთვის არა 3 დღე, არამედ 1 საათიც კი საკმარისად მიაჩნიათ. რაც შეეხება 12 კვირის გადაცილებულ ორსულებს, მათ ნაყოფის ხელოვნური მოშორება 2 სახის სამედიცინო, სპეციალური და სოციალური ჩვენების შემდეგ ეძლევა. 4-5 თვის ნაყოფის ხელოვნურად მოშორება კრიმინალურ აბორტადაა შეფასებული და მისი დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია სათანადო ორგანოებს გადაეცემათ.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ნაყოფის ხელოვნურად მოშორება ქალის ორგანიზმზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა ისე იმოქმედოს, რომ ქალი საბოლოოდ უნაყოფო დარჩეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აბორტის გაკეთება 15-19 წლის ასაკში მოხდა. ამიტომაც სპეციალისტები წყვილებს თანამედროვე კონტრაცეპციულ საშუალებების გამოყენებას ურჩევენ. თუმცა, როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, არასასურველი დაორსულება მაინც ხდება.

ოფიციალური მონაცემებით კი, საქართველოში აბორტის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ირკვევა, რომ ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012) საქართველოში 221 082 ოფიციალურად რეგისტრირებული აბორტი გაკეთდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2004 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წლის წინასწარი მონაცემი 130%-ით არის გაზრდილი. კიდევ ერთი, როგორც "ეი-სი-თი" წერს, USAID-ის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ლიდერთა შორისაა აბორტების რაოდენობით - საშუალოდ 1.6 აბორტი.

ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემების შედეგად გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხდება ისეთი ფაქტებიც, როცა ორსული ქალები მიდიან სამედიცინო სტაციონარში, იკეთებენ აბორტს, რასაც ზოგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება არ აფორმებს და ექიმები ფულს ხელზე იღებენ. გარდა სამედიცინო სტაციონარებისა, აბორტები სხვაგანაც კეთდება, რისი დაფიქსირებაც ძალიან რთულია.

ნატა გიორგაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია