რატომ კრძალავდნენ ავღანეთში დაღუპულ მეომრებს მალულად

რატომ კრძალავდნენ ავღანეთში დაღუპულ მეომრებს მალულად

ავღანეთში თაობები ისე იზრდებიან, მშვიდობიან ქვეყანაში არ უცხოვრიათ. იქ მიმდინარე მოვლენები ქართველებისთვის საყურადღებო მუდმივად იყო. ჯერ კიდევ XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთის არმიაში მომსახურე ქართველი მეფეები და სარდლები იბრძოდნენ ავღანეთის მიწაზე, მოგვიანებით კი ქართველი ჯარისკაცებიც (საბჭოთა არმიის შემადგენლობაში) ღვრიდნენ იქ სისხლს. შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირი 1979 წელს შეიჭრა ავღანეთში და ათწლიანი ომი გამართა. მაშინ ავღანელ მებრძოლებს დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები უწევდა. იმ პერიოდში 128 ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა უცხო მიწაზე. სამწუხაროდ, სამშვიდობო მისიით მყოფი ჩვენი ვაჟკაცები დღესაც იღუპებიან ავღანეთში, ბევრი კი დასახიჩრდა.

ნუგზარ კახნიაური, ავღანელ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე:

- 18 წლის ვიყავი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში რომ გამიწვიეს. ავღანეთში 1986 წლის აპრილში წავედი, მანამდე კი 6-თვიანი მომზადება უზბეკეთში, საჰაერო-სადესანტო ნაწილში გავიარეთ. იქ სპეცდანიშნულების ნაწილში ვმსახურობდი და პაკისტანიდან შემოსული იარაღისა და ტყვია-წამლის ამოღება გვევალებოდა. მთებში ვუსაფრდებოდით, რადგან იარაღი ძირითადად, ორხიდიანი ავტომანქანებით შემოჰქონდათ. წინასწარ ვიღებდით ინფორმაციას, პაკისტანიდან დატვირთული მანქანა კონკრეტული მიმართულებით რომ მოდიოდა. მაშინ იმ ავტომობილებს იარაღით დატვირთულ ქარავანს ვეძახდით. ერთ მანქანას 10-12 ადამიანი აცილებდა. ჩვენ ყველაზე ხანგრძლივი - 7-დღიანი ჩასაფრება განგვიხორციელებია. თუ "ქარავანი"გამოჩნდებოდა, შესაბამის ზომებს ვიღებდით, თუ არა და, ისევ უკან, ნაწილში ვბრუნდებოდით. ასევე, სპეცოპერაციები იგეგმებოდა სოფლებში: 20-კაციანი ჯგუფი სოფლის ჩხრეკას ახდენდა; ვჩხრეკდით მთებს, სადაც საწყობები და ბაზები ჰქონდათ განლაგებული. ყანდაარის ტერიტორიაზე იყო ადგილი, სადაც მებრძოლებს ამზადებდნენ. შეიძლება, უხეში შედარება გამომივიდეს, მაგრამ საბჭოთა პერიოდში იქ ყოფნა უფრო საშიში იყო, ვიდრე - დღეს არის. მოგეხსენებათ, საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში ვიყავით და დანარჩენი მსოფლიო ჩვენი ჯარის წინააღმდეგი იყო. მთელი მსოფლიოს ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ და ამარაგებდნენ ავღანელებს ტყვია-წამლით, მაგრამ საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ ბინ ლადენი მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკისთვის. მადლობა ღმერთს, რომ მსოფლიო ნატოს ჯარების გარშემო გაერთიანდა და ის ავღანელები, რომლებსაც თალიბებს ვეძახდით, პრაქტიკულად, უიარაღოდ იბრძვიან, - ძირითადად, ხელნაკეთ ბომბებს ამზადებენ და ტერიტორიებს ნაღმავენ. ადრე კი ამერიკა "სტინგერებითაც"ამარაგებდა ავღანელებს ჩვენი ავიაციის წინააღმდეგ და ამ ტექნიკას წარმატებით იყენებდნენ. მაშინ მათთვის რუსეთი იყო დამპყრობელი, ახლა ნატოს ჯარია, უფრო ადრე - ინგლისი, სპარსეთი, ოსმალეთი გახლდათ. იქ ომი მუდმივად წარმოებს; საწყალი ხალხი სულ იბრძვის და შეიძლება ითქვას, ავღანელებს უკვე აღარ შეუძლიათ ცხოვრება ბრძოლის გარეშე. მათი ისტორია მუდმივი ბრძოლის ისტორიაა. 7-10 წლის ბავშვები ომში მიდიან და მათთვის სამშობლოსთვის სიკვდილი სამოთხეში მოხვედრას ნიშნავს. ძალიან ძლიერი მებრძოლები არიან. პრაქტიკულად, უიარაღოდ არიან და ხედავთ, რა დღეში აგდებენ ნატოს კოალიციას?!. მათ ომი ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იქ არის ძალიან რთული რელიეფი, გაუსაძლისი სიცხეები, ისინი კი იბრძვიან და იცავენ თავიანთ სამშობლოს, ნათელი გახდება, თუ რამდენად რთულია მათთან ბრძოლა. მოსახლეობა მაშინაც და ახლაც სიღატაკეში ცხოვრობს, არ აქვთ მოსავლიანი მიწები... მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ნარკოტიკზე დამოკიდებულები არიან. იმ ქვეყანაში ეს - კულტურაა: კახეთში როგორც ყველას აქვს ვენახი, ასევე იქ ყველას აქვს ნარკოტიკი. ზოგს ყაყაჩო მოჰყავს, ზოგს - კანაფი და შემდეგ ამას ცვლიან ბრინჯზე, ფქვილსა და სხვა პროდუქტებზე. ჩვენთან როგორც ქორწილი არ არის ღვინის გარეშე, მათთან დღესასწაული მოსაწევით აღინიშნება. წესია ასეთი - ჩილიმი დგას ყველა ოჯახში და ამით იქცევენ თავს. საშინელებაა, რომ შემდეგ ხდება ამ წამლის იმპორტირება დანარჩენ მსოფლიოში. ავღანეთში ყველაზე მაღალი ხარისხის ნარკოტიკი მოჰყავთ... ვფიქრობ, იქ არავის არაფერი ესაქმება - უბრალოდ, უნდა ჩავუკეტოთ საზღვრები, არ გავატანინოთ ნარკოტიკი და თავად მოიხმარონ. მაგრამ იქ არის უზარმაზარი ალმასის საბადოები და ესეც იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ინტერესს.

- თქვენ რომელ ქალაქში მსახურობდით?

- ყანდაარში ვიყავი - ის ჰილმენდის პროვინციის გვერდითაა, სადაც ახლა ჩვენი ბიჭები არიან. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, ახალგაზრდები რომ გვეღუპებიან. იქ 2 წელი და 2 თვე გავატარე საბჭოთა პერიოდში. სწორედ მაშინ, 1989 წელს გამოიყვანეს საბჭოთა ჯარები. ადრე ქართველები გაბნეულები ვიყავით. მაგალითად, ჩემს ნაწილში 3 ქართველი მსახურობდა. გამორჩეულები ვიყავით სიმამაცით... მაშინ ცხედრებს არ უჩვენებდნენ ოჯახებს. ძირითადად, ვერტმფრენის ან საბრძოლო მანქანის აფეთქება ხდებოდა. ყოფილა შემთხვევა, გვიპოვია სხეულის ნაწილები, მაგრამ როგორც წესი, ცხედრების 99% ძლიერ დასახიჩრებული იყო. ხშირად წონა რომ შეევსოთ, თუთიის კუბოში აგურის ნატეხს დებდნენ ან სხვა რაღაცით ავსებდნენ... ავღანეთიდან დაღუპულ ჯარისკაცებს ბიჭები მოჰყვებოდნენ, საპატიო ყარაულში დგებოდნენ და კომისარიატის წარმომადგენლებთან ერთად, მეთვალყურეობას უწევდნენ, რათა თუთიის კუბო არავის გაეხსნა. თუ ცხედარი ძალიან დასახიჩრებული არ იყო, ეს ჯარისკაცმა იცოდა და შეიძლება, ოჯახის წევრებისთვის მისი გახსნის უფლება მიეცა. იყო შემთხვევები, როცა კუბოში ცხედარი საერთოდ არ იყო. ვერტმფრენის აფეთქების დროს იფლითებოდა ადამიანი. ყოფილა შემთხვევა, როცა ცხედრებით დატვირთული ვერტმფრენიც ჩამოუგდიათ... საბჭოთა დროს დაღუპულ გმირებს პატივით კრძალავდნენ. ღმერთმა ქნას, ჩვენც შევძლოთ, ისეთივე პატივი მივაგოთ ახლა ჩვენს დაღუპულ მეომრებს. მათ ოჯახებსაც განსაკუთრებული შეღავათი ჰქონდათ...

წინა ხელისუფლების დროს ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პატივი მიგვეგო დაღუპული ბიჭებისთვის. ჩუმად ჩამოასვენებდნენ და მალულად კრძალავდნენ ამ ვაჟკაცებს. ამაზე საშინელი რეაქცია გვქონდა, ბევრჯერ მივწერეთ სააკაშვილს, მაგრამ - უშედეგოდ. ვითხოვდით, ავღანელთა კავშირიდან 2 ადამიანისთვის მაინც მიეცათ უფლება, აეროპორტში დალოდებოდა დაღუპული ჯარისკაცის ჩამოსვენებას და პატივი მიგვეგო მათთვის, რადგანაც ნებისმიერი დაღუპული ბიჭი ჩვენთვის ძველი ტკივილის განახლებაა. კარგია, რომ ბოლო დროს გარდაცვლილები პატივით დაკრძალეს. როცა ისინი ჩამოასვენეს, მეც აეროპორტში ვიდექი და ზუსტად ის შეგრძნება მქონდა, როგორიც მაშინ, როცა თავად ვმსახურობდი და ჩემი თანამებრძოლები იღუპებოდნენ... ამბობენ, რომ საბჭოთა დროს იქ 128 კაცი დაიღუპა. არადა, ღმერთმა იცის, რამდენია გარდაცვლილი რეალურად: მაშინ იქ კომკავშირიდანაც გზავნიდნენ ხალხს და "უშიშროებიდანაც".

- თქვენი აზრით, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის?

- ავღანელთა კავშირის წევრები ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ ჩვენი ჯარები იქ არ უნდა იყვნენ, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვამბობთ: თუ ეს ქვეყნის პოლიტიკისთვის საჭიროა, შევიყვანოთ, ოღონდ - ყველაფერი ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს. სააკაშვილმა გააათმაგა ჯარის რაოდენობა უცხო მიწაზე, რაც არასწორია. სხვათა შორის, საბჭოთა არმიაში თითქმის ყველანი უცოლშვილოები ვიყავით; ბიჭებს, რომლებიც ახლა იქ არიან, ჰყავთ ოჯახები, აქვთ ფინანსური პრობლემები და მათ შესაბამისი დახმარება სჭირდებათ. ისინი უნდა იყვნენ შესაბამისად მომზადებულები, აღჭურვილები და დაფასებულნი. ისე, ჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: იქ არის ომი და არავითარი - სამხედრო მისია. ახალმა ხელმძღვანელობამ ჯარისკაცის ხელფასი 1.000 დოლარამდე გაზარდა, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. ალასანიამ განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს 100.000 ლარს გადაუხდიან და ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, არადა, წარმოიდგინეთ - ამერიკაში მხოლოდ დაინვალიდებულ ჯარისკაცს 400.000 დოლარს აძლევენ, ხოლო დაღუპულის ოჯახი მთელი ცხოვრება ყველაფრით უზრუნველყოფილია. ქართველებმა უნდა დავაფასოთ ჩვენი მებრძოლები! უკვე 29 ბიჭი დავკარგეთ - ეს დიდი ციფრია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. იმედია, მალე დასრულდება ჩვენი ბიჭების იქ ყოფნა..

ქალბატონი მაია ბუჩუკურის მეუღლე, ნუგზარ მიხანაშვილი 1992 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. იგი ავღანეთში ორჯერ იყო. მოგვიანებით, უკვე თავისი მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად წასული, უკან ვეღარ დაბრუნდა: ავღანელთა კავშირის მეომრებმა აფხაზეთის ომის დროს ბატალიონები ჩამოაყალიბეს და წინა ხაზზე იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ბატონი ნუგზარი სოფელ შრომაში, ბრძოლის ველზე დაეცა. საყურადღებოა ერთი დეტალი: იმ დღეს მასთან ერთად, 6 ქართველი დაიღუპა და ექვსივე - ავღანეთში ნაბრძოლი იყო.

ბატონი ნუგზარის ქვრივი, მაია ბუჩუკური ამ ტრაგედიის დროს მეორე შვილზე ფეხმძიმედ გახლდათ და მეუღლის დაკრძალვის დღეს ვაჟი გააჩინა, რომელსაც მამის სახელი დაარქვა.

მაია ბუჩუკური:

- ჩემი მეუღლე სტუდენტობის შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში და წელიწად-ნახევარზე მეტხანს ავღანეთში იყო. მოგვიანებით ისევ მოუწია იქ წასვლამ, ამჯერად - როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს. აგრონომიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულს დისერტაცია დაცული ჰქონდა იმ ტიპის ნიადაგებზე, როგორიც ავღანეთშია და იქ როგორც სპეციალისტი, სამეცნიერო მისიით გაუშვეს. იმ პერიოდს დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა; იხსენებდა ავღანელების თავგანწირვისა და მეგობრობის მაგალითებს... საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ნუგზარი ამერიკაში ვიეტნამის ვეტერანთა კავშირის შეკრებაზე მიდიოდა და მახსოვს, აეროპორტში, ომში მიმავალი მისი მეგობრები რომ დაინახა, თქვა, - ამერიკაში კი არა, თქვენთან ერთად წამოვალო. არადა, ამერიკაში მისი წასვლა აუცილებელი იყო... 2 კვირაში დაბრუნდა იქიდან. როგორც კი მოვიდა, მითხრა: ომში მივდივარო და მაშინვე აფხაზეთში წავიდა. მაშინ თითქმის ყველა მოხალისის სტატუსით მიდიოდა. კარგად მახსოვს, ბრეზენტის ნაჭერი მომიტანა და საკუთარი ხელით შევუკერე ტყვიის ჩასალაგებელი, მერე კი გავაცილე. გარკვეული პერიოდი სოხუმის შტაბის უფროსი იყო, შემდეგ "ავღანელთა"ბატალიონის მეთაური გახდა და იბრძოდა; მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და ამისთვის თავის სანაცნობო წრეს იყენებდა. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ დღემდე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ავღანეთში იბრძოდნენ. მათ არ გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზ და ოს ყოფილ "ავღანელ"მებრძოლებთანაც. დღესაც იმართება საერთაშორისო შეკრებები.

- თქვენი მეუღლე რა ვითარებაში დაიღუპა?

- 1992 წლის 2 ნოემბერს შრომაში დაიღუპა. მთელი დღე მძიმე ბრძოლა ჰქონდათ. საღამოსთვის სროლებმა რომ იკლო, გადაწყვიტეს, თავიანთი დაღუპული მეგობრის ცხედარი ბრძოლის ხაზიდან გამოეტანათ. ის გვარად გრიგალავა იყო. ავღანეთში ნამყოფი ხუთი მეომარი წავიდა მის გამოსაყვანად. იცოდნენ, რისკზე მიდიოდნენ, მაგრამ უთქვამთ, - თავს ვერასოდეს ვაპატიებთ, მეგობრის ცხედარი რომ ვერ გამოვიხსნათო. ცხედრამდე მიაღწიეს. უკან ბრუნდებოდნენ, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს. 4 მათგანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი - საავადმყოფოში. ვაჟა ბათენიშვილი, ზაზა აბზიანიძე, ბადრი ჟვანია, სოსო გრიგალავა, ვიტალი სუვორიანი და ჩემი მეუღლე - ნუგზარ მიხანაშვილი ერთად დაიღუპნენ. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი მათგანი - ბადრი ჟვანია გალიდან იყო და თავის სოფელში დაკრძალეს, დანარჩენები თბილისის კინოს სახლში დაასვენეს, იქ გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი. დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო... არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა მეუღლის სიკვდილი შევიტყვე. 1992 წლის 4 ნოემბერი იყო. პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა და იქ გამოაცხადეს, - პარლამენტის წევრი ნუგზარ მიხანაშვილი ომში დაიღუპაო. ტელევიზიით შევიტყვე ქმრის სიკვდილი. არადა, 2 ნოემბერს ველაპარაკე, 3 ნოემბერს კი მის ჩამოსვლას ველოდი - სხდომას უნდა დასწრებოდა. ბიჭებისთვის უთქვამს, - მირჩევნია, ფრონტიდან საომარი ფორმით პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე მივიდე და იქ ხმამაღლა ვთქვა, რაც ხდებაო: აფხაზეთში ხალხი იღუპებოდა, სისხლის ღვრა იყო გაჩაღებული, თბილისში კი არაფერი იგრძნობოდა, ტელევიზიებით სერიალები გადიოდა. ჩემი მეუღლე თავისი მიწა-წყლის დაცვისას დაიღუპა... მისი დაკრძალვიდან შინ დაბრუნებული სამშობიაროში წამიყვანეს. ახლა ჩემი ვაჟი 20 წლის არის და მამის მეგობრებთან დღემდე აქვს ურთიერთობა. მათ სხვანაირი მეგობრობა იციან... მტკივნეულად განვიცდი ავღანეთში ჩვენი ბიჭების დაღუპვას. მე არ მიმაჩნია საჭიროდ ჩვენი ჯარის ავღანეთში ყოფნა, თუნდაც - ნატოში შესვლის მიზნით. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, როცა დაღუპულ გმირებს მალულად კრძალავდნენ. იქიდან ჩამოსული ასობით ჩვენი ჯარისკაცი დასახიჩრებულია, ფსიქოლოგიურად განადგურებულია. ახლა ამბობენ, რომ რეაბილიტაციის ცენტრი უნდა გააკეთონ. ჩემი აზრით, ამ საქმეს სასწრაფოდ უნდა მიხედონ, ყველამ უნდა იზრუნოს მეომრებზე. ცუდია, ამ ბიჭებს სხვის ომში რომ უმახინჯდებათ ფსიქიკა.

ავღანეთში ბევრი ჩვენი ჯარისკაცი დასახიჩრდა. ბუნებრივია, ამ ხალხს მხარში დგომა და სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდება. მოგეხსენებათ, ვეტერანი მეომრები სახელმწიფოსგან მხოლოდ 26-ლარიან დახმარებას იღებენ... გოჩა ქამუშაძე საბჭოთა პერიოდში ავღანეთში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს და ერთ-ერთი ოპერაციის დროს ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ბატონი გოჩა საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში ცხოვრობს.

- საბჭოთა კავშირის ჯარისკაცები 6 თვის შესული იყვნენ ავღანეთში, როცა იქ მეც წამიყვანეს. ქარში, წვიმაში, თოვლში, სიცხეში გარეთ ვიდექით. პარტიზანული ბრძოლები არ წყდებოდა, ყოველ წუთს საშიშროებას ვგრძნობდით. ერთ-ერთი ოპერაციის დროს თვალისჩინი დავკარგე: აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილიდან დაშავებული ხალხი გამოგვყავდა და სწორედ მაშინ, ჩვენც აგვაფეთქეს. გამოცდილი მაქვს, რას ნიშნავს ავღანეთში ყოფნა და ამიტომაც მეცოდება იქ მყოფი თითოეული ჯარისკაცი. მათ დაფასება სჭირდებათ... საბჭოთა პერიოდში ავღანეთში საჩხერიდან წასული სამი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაინვალიდდა. ჩვენ არანაირი დახმარება არ გვაქვს და ეს სირცხვილია! ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ჩემს ოჯახს თვეში 200 ლარით ეხმარებოდა, რადგან ინვალიდი ვარ და თან - საჩხერელი. მინდა, მას ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჩვენთვისაც მოიცლის და მეომრებზე იზრუნებს. გასაგებია, რომ ნატოში გაწევრების სურვილი გვაქვს, მაგრამ მინდა ვიკითხო, - გვჭირდება კი ავღანეთში ამდენი ჯარისკაცის ყოფნა? იქნებ უფრო მეტად დავფიქრდეთ ამაზე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია