დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

დავით არონია - პენსილვანიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი

21 წლის დავით არონია პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. ოცნება - დასავლური განათლება მიეღო, სწორედ ამ უნივერსიტეტის წყალობით აუხდა: სწავლის საფასურს - წელიწადში 63 ათას დოლარს თავად სასწავლებელი უფინანსებს. ცოტა ხნის წინ, ის სამშობლოში გახლდათ ჩამოსული - ერთთვიანი არდადეგები საქართველოში გაატარა. შრომისმოყვარე ბიჭს დრო უქმად არც აქ დაუკარგავს: როგორც კი საშუალება მიეცემოდა, ქართველ მეცნიერთა ლექციებს ესწრებოდა და ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობდა.

დათო რედაქციაში გაბრწყინებული თვალებით მოვიდა. მითხრა: ახლა საჯარო ბიბლიოთეკიდან მოვდივარ, სადაც ლევან ბერძენიშვილის ლექციას დავესწარი და აღფრთოვანებული ვარ, ბევრი რამ შევიტყვე შოთა რუსთაველზეო.

- მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ეკონომიკას ვსწავლობ. სამი სხვადასხვა საგანი ერთ პროგრამაშია გაერთიანებული: ეს მეთოდი დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში დაინერგა და შემდეგ წამყვანმა უნივერსიტეტებმა აიტაცეს. ფაკულტეტის სრული დასახელება ასეთია: ეთიკა, პოლიტიკა და ეკონომიკა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკას, მათ თანწყობასა და აქედან წარმოშობილ პრობლემებს ვსწავლობთ, ვაფასებთ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

- როგორ აღმოჩნდი ასეთ ცნობილ და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში?

- საშუალო სკოლა თბილისში დავამთავრე. მეცხრე კლასიდან ამერიკულ აკადემიაში ვსწავლობდი, შემდეგ კი საკუთარი მონაცემები ამერიკულ უნივერსიტეტებში გავგზავნე. საბედნიეროდ, პენსილვანიის უნივერსიტეტმა სწავლის სრული დაფინანსება შემომთავაზა და დასავლური განათლების მიღების შესაძლებლობა მომცა.

- როგორც ჩანს, წიგნის კითხვა ძალიან გიყვარს...

- კითხვა ბავშვობიდან მიყვარდა. მეუბნებიან, - პატარაობისას რვეულით დარბოდიო. თურმე, დედას ვეხვეწებოდი, ჩემთვის ასოები ესწავლებინა. დედამ ჩამინერგა წიგნის სიყვარული. თავიდან ის მირჩევდა საკითხავ ლიტერატურას. ქართული ენა, პოეზია დღემდე ძალიან მიყვარს. პატივს ვცემ იმ ფილოსოფოსებს, რომლებსაც ლაკონიურად შეუძლიათ აზრის გადმოცემა. ყველა სახის ლიტერატურას ვკითხულობდი, წიგნებში ღრმად ვიძირებოდი და ირგვლივ რა ხდებოდა, ვერ ვამჩნევდი. როცა ჩემი დეიდაშვილები და მეგობრები გასართობად მიდიოდნენ, მე წიგნს ვკითხულობდი.

- ბურთის თამაშსა და "ბირჟაზე" უარს რომ ამბობდი, მეგობრები ამას როგორ ეგუებოდნენ?

- "ბირჟა" არ მიყვარდა, მაგრამ ბურთის თამაშს ვახერხებდი. სხვათა შორის, ჩემი მეგობრების უმრავლესობას კითხვა უყვარს. უფრო ხშირად, ნათესავები მეუბნებოდნენ: დაანებე წიგნის კითხვას თავი, წამოდი, ვითამაშოთო.

- შენს ძმასაც უყვარს წიგნის კითხვა?

- მას განათლებულ და ჭკვიან ადამიანად მივიჩნევ. წელს ისიც ამერიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და სრული დაფინანსება მიიღო (წელიწადში 53 ათასი დოლარი დაუფინანსეს)... შეიძლება, ადამიანს უამრავი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - სოციალური სფეროდანაც უნდა მიიღო განათლება, მიღებულ ინფორმაციას ანალიზი გაუკეთო...

- პატარა ასაკში მოგიხდა საზღვარგარეთ წასვლა. უცხო გარემოსთან შეგუება არ გაგიჭირდა?

- 18 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ წავედი... ამერიკულ აკადემიაში სწავლამ კარგი ბაზა მომცა არა მარტო ზოგადი განათლების მიღების მხრივ, არამედ მშობლიური ენის კუთხითაც: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაშიც კარგად ვიყავი მომზადებული; ამას დაემატა კრიტიკული აზროვნების უნარი. ერთი სიტყვით, სკოლამ მომამზადა დასავლური განათლებისთვის. ეს სკოლა აკრედიტებულია და მისი პედაგოგების რეკომენდაციას ამერიკაში დიდი წონა აქვს. რაც შეეხება პენსილვანიის უნივერსიტეტს: აქამდე ქართველი ბაკალავრი სტუდენტი არ ჰყოლიათ. იქ ასწავლის ერთი ქართველი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც ვიცი, ადრე კიდევ ერთი ქართველი გოგონა სწავლობდა, მაგრამ ის მაგისტრატურაში იყო... თავიდან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გადავწყვიტე სწავლა, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შევცვალე. ხშირად ვკითხულობ ძველ ფილოსოფიას; ბევრი ფილოსოფოსი მეგობარი მყავს და ამ მიმართულებით გონებას ვავარჯიშებ. ასევე, სულ მაინტერესებდა ადამიანი, როგორც ფენომენი და ადამიანებს შორის ურთიერთობა. უნივერსიტეტში სამუშაოც შემომთავაზეს და ახლა საკუთარი ჯიბის ფულიც მაქვს. თავიდან ფსიქოთერაპიის დეპარტამენტში ვმუშაობდი - ეს ჩემი არჩევანი იყო; სამოტივაციო წერილი დავწერე, - ეს სფერო ძალიან მაინტერესებს-მეთქი. როცა მივედი, დამცინეს. ერთი წელი ვაქსეროქსებდი და ექსელში შემყავდა ციფრები, მაგრამ სამუშაო პრაქტიკა მაინც მივიღე. მეორე წელს უკეთესი სამუშაო გამომიჩნდა: პოლიტიკური პროგნოზირების პროგრამაზე ვმუშაობდი. იქ ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა მეთოდს და ამ საქმეში ხუთი დიდი უნივერსიტეტია ჩართული. პოლიტიკოსებს "შემოაქვთ" კითხვები და სტუდენტები სხვადასხვა სტატისტიკური და მათემატიკური ტექნიკით ცდილობენ განსაზღვრონ, მოხდება თუ არა ესა თუ ის მოვლენა ამა თუ იმ ქვეყანაში. მერე ადგენენ ქულას და გეუბნებიან, რამდენად კარგი პოლიტიკური ექსპერტი ხარ; მიმდინარეობს სხვადასხვა ტექნიკის დატესტვაც.

- როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო?

- ბუნებრივია, ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ანალიზის გაკეთება შორიდან რთულია. აქ ჩამოსვლის შემდეგ უფრო მეტი გავიგე და სამოქალაქო საზოგადოების თვალით დავინახე, რეალურად რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. სკოლის მასწავლებლებიც დამეხმარნენ, რათა ყველაფერში გავრკვეულიყავი, ვესწრები ლექციებსაც. არაჩვეულებრივი იყო ლევან ბერძენიშვილის ლექცია თემაზე - "რუსთაველი და მსოფლიო"; ასევე დავესწარი ლევან გიგინეიშვილის ლექციას - "პიროვნება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში". ძალიან კმაყოფილი ვარ.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხარ?

- ადრე წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი, მაგრამ ახლა წელიწადში ერთხელ, ერთი თვით ვახერხებ.

- აღგვიწერე ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ...

- ვცხოვრობ ფილადელფიაში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი. ლამაზი, კულტურით მდიდარი ადგილია და რაც მთავარია, მყუდრო გარემოა. უნივერსიტეტში ამერიკის 50 შტატიდან არიან სტუდენტები და თითქმის ყველა ქვეყნიდანაც. სულ 10 ათასი სტუდენტი სწავლობს. გვასწავლიან დროის სწორად გამოყენებას და მუდმივად რაღაცას ვაკეთებთ. სხვათა შორის, მარტო არასდროს ვმეცადინეობ. ვფიქრობ, უმჯობესია, გვერდით მოლაპარაკე გყავდეს და მასთან ერთად, ღრმად გაიაზრო წაკითხული; სწავლის პროცესში მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა იყოს... ამერიკული აკადემიიდან ბევრი წავიდა უცხოეთში სასწავლებლად. მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ბოსტონში ცხოვრობს, მეორე - ოჰაიოში. მათთან შაბათ-კვირას მივდიოდი ხოლმე. პირველ წელს ნიუ-იორკში ექვსჯერ ვიყავი, ოჰაიოში - სამჯერ, ბოსტონში - ერთხელ. ამერიკაში ჩასვლის პირველ წელს ბევრს ვმოგზაურობდი, რადგან სულს მიხუთავდა უნივერსიტეტში არსებული გარემო და ვცდილობდი, სხვაგან მეპოვა შვება. საბედნიეროდ, მეც მსტუმრობდნენ ქართველი ძმაკაცები.

- განსაკუთრებულად ამერიკის რომელი ქალაქი მოგწონს?

- ბოსტონი ჩემთვის უსაყვარლესი ქალაქია. ერთხელ სუფრასთან ვისხედით და მეგობრის მეგობარი, ინდოელი გოგონა შემოგვიერთდა. სადღეგრძელოს ინგლისურად ვამბობ და უცებ მან ქართულად მომაძახა: "გაუმარჯოს!" გავოგნდი. მერე ამიხსნეს, რომ თურმე, ქართველი შეყვარებული ჰყავდა და იმ ბიჭმა ასწავლა ქართული სიტყვები. მოგვიანებით ამ გოგონამ ბოსტონში დაგვპატიჟა და შეყვარებული გაგვაცნო. ის ბიჭი ჩემი თბილისელი ძმაკაცის ახლობელი აღმოჩნდა და ასე შეიკრა ჩვენ გარშემო წრე. მოკლედ, ქართველს ყველგან შეხვდები. პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთადერთი ქართველი გოგო სწავლობს. ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე.

- საინტერესოა, მეგობრები სად და როგორ ერთობით?

- პასპორტში დაბადების თარიღს თუ შეცვლი, შეგიძლია, ალკოჰოლი მიიღო, მონაცემის შეცვლა და ქსეროქსის გადაღება კი პრობლემა არ არის. თუკი შენი მეგობარი სასმლისგან ცუდად გახდება და მას საავადმყოფოში მიიყვან, უნივერსიტეტი გაძლევს გარანტიას, რომ შენი სახელი და გვარი ანონიმურად დარჩება. მოკლედ, იქ გაქვს უფლება, კანონი დაარღვიო და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რამდენიც გინდა, დალიო. ბავშვებს ნარკოტიკთანაც აქვთ შეხება, მარიხუანას თავად სტუდენტები ყიდიან...

- ცოტა რამ შენს ოჯახზეც გვიამბე.

- მყავს მშობლები და ძმა. ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ სასწავლებლად ამერიკაში გავეშვი. დედ-მამას დიდი შრომა და რესურსი აქვს ჩადებული ჩვენს განათლებაში. ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ჩვენ ხელს გვიწყობდნენ. პირველ კურსზე რომ ვიყავი, ფულს მიგზავნიდნენ, მაგრამ მერე მივხვდი, მქონდა უნარი, საკუთარი შრომით გამომემუშავებინა საჭირო თანხა და მშობლებს ვუთხარი, - აღარ შეწუხდეთ-მეთქი.

- როგორც ვიცი, ინსტრუმენტებზეც უკრავ...

- ამერიკაში სალამური წავიღე და უცხო ქვეყანაში ხშირად ვუკრავ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, 2 წელი ერთ-ერთ ბენდში ბას-გიტარაზე ვუკრავდი. გიტარაზეც კარგად ვუკრავ. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი, ქალაქებში სეირნობა და ხეტიალი.

- სწავლას ამთავრებ. საქართველოში დაბრუნებას აპირებ თუ თავის დამკვიდრებას ამერიკაში შეეცდები?

- სამშობლოში საბოლოოდ მაშინ დავბრუნდები, როცა მზად ვიქნები, ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო. მანამდე მსურს, მაგისტრატურაში ვისწავლო... მინდა, ბევრი ვიშრომო და შემდეგ ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი მომავალი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია