ვინ ასახელებს ალეკო ელისაშვილს მერად

ვინ ასახელებს ალეკო ელისაშვილს მერად

გავრცელდა ინფორმაცია, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის ემზადებაო. სპეციალური საიტიც კი შეიქმნა: "ალეკო ელისაშვილი თბილისის მერად", სადაც ჟურნალისტს საზოგადოება მხარს უჭერს. მაგრამ როგორც ალეკოსთან საუბარში გავარკვიეთ, ის არც მერობას აპირებს და ამ საიტთან საერთოდ არაფერი აკავშირებს.

ალეკო ელისაშვილი:

- არა, რა მერობა, ეგ ჩემი საქმე არ არის. მინდა, თუ არა მერობა, ამის შესახებ ვიღაცამ მეც ხომ უნდა მკითხოს?

ის საიტიც ჩემს გარეშე შექმნეს. იქ რომ შევდივარ, თავს უხერხულად ვგრძნობ და ვწითლდები, რადგან ხალხი იქ რაღაცებს დიდი მონდომებით წერს.

- კარგია, ადამიანებს უყვარხარ... თან, როგორც ვიცი, თბილისი ძალიან გიყვარს...

- კი, მადლობა ყველას ამისთვის. ეს ქალაქი ისე მიყვარს, რომ მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით მაქვს შემოვლილი...

ის საიტი ჩემს ახლობელს გაუკეთებია, ბავშვობაში ერთ ეზოში ვიზრდებოდით. გამიხარდა, რომ ვახსოვარ და გამოვეხმაურე.

რაც შეეხება თბილისის სიყვარულს, ეს ქალაქი ყველას უნდა უყვარდეს. ამ გრძნობამ თავის დროზე "თბილისის ამქარი" გაგვაკეთებინა. მართალია მისი გამგეობის თავმჯდომარე აღარ ვარ, ჩვეულებრივი აქტივისტი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვზრუნავთ ჩვენს ქალაქზე. ისე, ამისთვის მაინცდამაინც მერობა არ არის საჭირო. ფეხით დავდივართ თბილისში და ქუჩებში დაყრილ ნაგავს ბუნკერებში ვყრით.

როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, "ამქრის" მიერ წინა წლებში ჩატარებულ ღონისძიებების, აქციების ფოტოებს რომ ვათვალიერებ, კარგ ხასიაზე ვდგები, რადგან ამ ქალაქისთვის რაღაც გამიკეთებია. არადა, ამის გაკეთება ყველას შეუძლია, ამისთვის ვიმეორებ, რბილ სავრძელში ჩაჯდომა არ არის საჭირო!

პირადად მე ვაწყობ თბილისის ტურებს სახელწოდებით - "გალავნის შიდა ქალაქი" და მსურველებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს ვათვლიერებინებ. უამრავი მსურველია.

- როგორი უნდა იყოს თბილისის მერი, საზოგადოების გულისწყრომა რომ არ დაიმსახუროს?

- საქმიანი უნდა იყოს, ქალაქი უნდა უყვარდეს და რასაც იშოვის, სახლში არ უნდა მიჰქონდეს... საერთოდ, თბილისის მერს მოურავი უნდა ერქვას, ასე იყო ისტორიულად. ქალაქს მოურავი განაგებდა...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია