რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"

რატომ დაიწყო მუშაობა 26 წლის ქალმა დაცვის სამსახურში - "ძნელი იყო ნასვამი მამაკაცებისგან მოდელების დაცვა"

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაცვის სამსახურში არაერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია დასაქმებული. თუმცა საქართველოსთვის ეს ახალი სერვისია. ჩვენი რესპონდენტი, 26 წლის სალომე გაფრინდაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მანდილოსანია, ვინც დაცვაში მუშაობს.

- პროფესიით იურისტი ვარ, ბავშვობიდან მსურდა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა, ჩაბარებული მაქვს უამრავი ნორმატივი და გამოცდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვხვდი ასეთ სამსახურში. ერთ დღეს დაცვის სამსახურმა "თორნიმ" გამოაცხადა ვაკანსია გოგონებისთვის დაცვის პოზიციაზე, გავიარე გასაუბრება და ასე დავიწყე დაცვაში მუშაობა.

- საინტერესოა შენთვის ეს საქმიანობა?

- მომწონს სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ოჯახის წევრებისგანაც არ შემხვედრია წინააღმდეგობა, როცა ეს სამსახური ავირჩიე, იციან ჩემი ხასიათი და შესაძლებლობები.

- რომელი ობიექტების დაცვა გევალება და რა რეაქცია აქვს ხალხს, როცა დაცვაში ქალს ხედავს?

- ობიექტების დაცვა არ მიწევდა, ვიცავდი "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილე მოდელებს. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ამდენი პოპულარული ლამაზი ქალის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უზრუნველვყოფდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას კლუბებში და სხვა ობიექტებზე. განსაკუთრებით რთული იყო ნასვამი მამაკაცებისგან მათი დაცვა ღამის კლუბში.

- რას გულისხმობ?

- ყველა ცდილობდა მათთან დალაპარაკებას, დაახლოებას. თანაც, ჩვენ რომ გვხედავდნენ, არ იჯერებდნენ, რომ გოგონებს ვიცავდით, რამდენჯერმე შელაპარაკებაც მოგვივიდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით სიტუაციის ისე განმუხტვას, რომ დაძაბულობამდე არ მისულიყო საქმე. სწორედ ეს არის მცველის მოვალეობა - ექსცესების გარეშე უზრუნველყოს ადამიანის უსაფრთხოება.

- რა უპირატესობა აქვს ქალებს დაცვის სამსახურში?

- ქალს შეუძლია ისეთ ადგილებში შევიდეს, სადაც მამაკაცის გამოჩენა უხერხულობას ქმნის. მით უმეტეს, თუ დასაცავი მანდილოსანია. ქალისგან ნაკლებად ელოდებიან საფრთხეს და აგრესიას, ეს კი ძალიან კარგია დაძაბულ სიტუაციაში. ოღონდ მანდილოსანი ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს.

- შენ ძლიერი ხარ?

- გარეგნულადაც მეტყობა, ძლიერი რომ ვარ. წარმოსადეგი აღნაგობა მაქვს, თანაც მუდმივად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას, დავრბივარ და ბევრს ვვარჯიშობ. რამდენიმე კვირაა, ახალ სამსახურს ველოდები და ახლაც ვვარჯიშობ.

- შენი ძირითადი საქმიანობა დაცვაში სამსახურია?

- არა, მეორე სამსახურიც მაქვს, წლებია ერთ-ერთ სპორტულ კლუბში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად, დაცვა კი ჩემი მეორე საქმიანობაა.

- ალბათ ღამისთევაც ხშირად გიწევს, როგორ უძლებ ამ დატვირთვას?

- ღამისთევას მიჩვეული ვარ, რადგან ჩემი მთავარი მოვალეობა ყოველ წამს სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ღამით დაცვაში ვმუშაობ, დილით კი სპორტულ ცენტრში მივდივარ, მაგრამ ვახერხებ კარგად გავართვა თავი ამ ყველაფერს. მხოლოდ პირადი ცხოვრებისთვის არ მრჩება დრო, მაგრამ ამას საერთოდ არ ვნაღვლობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია