საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე კითხვებით თავგაბეზრებულმა ბაჩო ახალაიამ პროკურორს მიაძახა -"ნაციონალებს" არჩევნებში რომ გაემარჯვათ, ასეთ შეკითხვებს დამისვამდიო? მართლაც, ალბათ, ყოფილი მმართველი პარტიის ციხეში თუ გარეთ მყოფ ლიდერებს ენატრებათ ის დრო, როდესაც მომკითხავი და გამკითხავი არავინ იყო და ზოგიერთი, დღეს რომ პოლიტიკურად მოტივირებულად დევნილად ასაღებს თავს, შიშის ზარს სცემდა საკუთარ მოსახლეობას. თუმცა ალბათ, სჯობს, "ნაციონალებმა"საკუთარ თავს ჰკითხონ - რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ პრაიმერების ჩატარება პოლიციის კორდონების თანხლებით უწევთ და სანამ შენობაში შეაღწევენ, ფრთხილად უნდა იყვნენ - ემანდ კვერცხი ან ბოთლი არ მოხვდეთ თავში. ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად, პრაიმერს ინციდენტების გარეშე არც თბილისში ჩაუვლია. ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" ღონისძიებებისა და ინციდენტების ერთმანეთთან გაიგივებაში ბრალი თავად ყოფილ მმართველ გუნდს მიუძღვის.

- თბილისის საკრებულოში მართლაც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ალბათ, ყველა ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს საკრებულოს ახალი უმრავლესობა თბილისის მერის, გიგი უგულავას "მიმართულებით". თუმცა ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუ არჩევითი თანამდებობის პირის, მათ შორის, უგულავას წინააღმდეგ არსებობს მასალები, ეს პროკურატურის საქმეა და არა საკრებულოსი. სიმართლე გითხრათ, საკრებულოში უმრავლესობის შეცვლა და ახალი თავმჯდომარის არჩევა დიდმნიშვნელოვან მოვლენად არ მიმაჩნია. მთავარია, რომ ახლოვდება ოქტომბრის არჩევნები, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეწურება და საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება. ისიც ნათელია, რომ ვერანაირი ხელოვნური კოაბიტაცია თუ დასავლეთ-აღმოსავლეთის მხარდაჭერა ვერ უშველის ვერც ერთ პარტიას, თუ მას მოსახლეობაში არ აქვს დასაყრდენი. მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" ორი გზა აქვს - ან გასამართლდება როგორც პარტია, ან უნდა მოახერხონ და მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. სხვათა შორის, ბოლო თვეების განმავლობაში ისიც დადასტურდა, რომ ახალი ხელისუფლება წამგებიან გზას ადგა, როცა განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევდა იმ ძალას, რომელსაც ამომრჩეველმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს უარი უთხრა. მოვისმინეთ განცხადება, - ქართული დემოკრატიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენააო. არც ერთი პარტიის საქმე არ არის მეორე პარტიის გადარჩენა. ამიტომ ერთმანეთისთვის თავს ნუ იკლავენ და ნუ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, სატელიტური პარტიების "სარტყელი" შეკრას თავის გარშემო.

- "ქართულ ოცნებას" გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ მომძლავრებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ სატელიტური პარტიების "სარტყელი" შემოირტყან. არადა, სააკაშვილისა და "ნაციონალების" 9-წლიანმა მმართველობამ დაადასტურა, რომ აბსოლუტური ძალაუფლებაც რომ გქონდეს, ვერ იქნები დღეგრძელი, თუ მოსახლეობის ნებას ანგარიშს არ გაუწევ. შესაძლოა, ადამიანები, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, "დააჩმორო", ციხეებში გამოკეტო და გააღატაკო, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს უნიკალური უნარი, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს. აი, შედეგიც - მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებულია, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კი -– ბუნდოვანი. ამ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება - არ ჩანს "ბელადი". ეს შესანიშნავია - ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც არჩევნებისას არ გვყავს თვალებგადმოკარკლული იდიოტი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს და ქართველი ხალხი თრთოლვას იწყებს, შემდეგ ხალხი მას ირჩევს და ორ წელიწადში კატასტროფის წინაშე ვდგებით.

როგორც იქნა, შეგვიძლია ნორმალურ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არჩევნები "ბელადის" გარეშე ტარდება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი მომენტია.

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო უცნაურ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, თქვა, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა პუტინისგან 2 მილიარდი აიღო. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევას FBI-ს სპეციალისტები მონიტორებზე აკვირდებოდნენ და დასკვნაც დაწერეს - ყველაფერი კანონიერად იყოო. საზოგადოება FBI-ს საპასუხო განცხადებას ელოდა, მაგრამ ამერიკელები დუმან და უკვე ისე გამოდის, რომ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

- დეპუტატობისას მიხეილ სააკაშვილთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და ძალიან პერსპექტიულ პოლიტიკოსადაც მიმაჩნდა. ერთ-ერთი შეხვედრისას ვუთხარი, რომ თუ ამ გუნდით მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაიღუპებოდა. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ასეც მოხდა. არადა, სააკაშვილი სხვა გზით რომ წასულიყო და ხალხის ნების იგნორირება არ მოეხდინა, 20-30-წლიანი პოლიტიკური დღეგრძელობა ექნებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს ივანიშვილთან დაკავშირებით, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ პრემიერის ბიზნესი რუსეთში საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაიყიდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა