"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა

"საუცხოო სნობიზმი", ანუ უინძორთა მემკვიდრე საქართველოსაც გაუჩნდა

თითქმის ერთი კვირაა, ნახევარი საქართველო თუ არა, ქართველების დიდი ნაწილი მაინც, ქეით მიდლტონთან ერთად "იჭინთებოდა" და როგორც იქნა, ინგლისის ტახტის მემკვიდრე შვეს. ჩვენთან სოციალურ ქსელებში პატარა მემკვიდრის დაბადებას თოფის გასროლა არა, მაგრამ ისეთი შეძახილები მოჰყვა, ზოგიერთ ნაცნობ-ახლობელს აღტყინებული სტატუსების გამო - "ბიჭია! ბიჭი!" "ვაჟკაცი დაიბადა!" და ა.შ. - კინაღამ ოჯახის წევრის დაბადება მივულოცე. იმათ კი სნობური ქედმაღლობით მიპასუხეს, - ეე, სადა ბანაობ, ქეითმა იმშობიარაო.

ღმერთმა დალოცოს ინგლისის ტახტის მემკვიდრე და სამეფო კარი. შესანიშნავია კარგი ოჯახის გამრავლება და ახალი ადამიანის დაბადება, მაგრამ მისი დაბადებით გამოწვეული ქართველთა ემოციები გადამეტებულად მომეჩვენა და ორიოდე წლის წინ მომხდარი ერთი ძალიან კარგი ამბავი და ამასთან დაკავშირებული ჩვენი ხალხის რეაქცია გამახსენდა: 2011 წლის 27 სექტემბერს დაიბადა პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, ანა და დავით ბაგრატიონების ვაჟი, ორი სამეფო შტოს სამუდამოდ გამაერთიანებელი. მას, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელს, ეტიკეტის შესაბამისად, ნებისმიერ სამეფო ოჯახში მის უდიდებულესობად მოიხსენიებენ, მაგრამ სოციალურ ქსელებში ამ ტიტულით მოხსენიებას ამბავი მოჰყვა!.. რა უდიდებულესობა, რა ტახტის მემკვიდრე, ეგ ასეთი და ისეთი მშობლების შვილიო. რა მეფე, რის მეფეო!.. მოკლედ, ხალხის ნაწილი ფსიქოზმა შეიპყრო და არა მარტო ახალშობილის დალოცვა დაავიწყდათ, ერთი ამბავი ატეხეს, რაღა დროს უფლისწულობა და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო!

რუსეთს ვგმობთ, მტერს, მათხოვარს, უნამუსოს და ოკუპანტს ვუწოდებთ და უცნაურია, რომ როგორც კი ქართული სამეფო ოჯახის ამბებს ან ტახტის აღდგენას ეხება საქმე, გავკივით, რუსებმა ეგ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაასამარეს და მეფობაზე ლაპარაკიც მოკვდაო. ტახტის წართმევის შემდეგ რუსული იმპერია ბაგრატიონების დაუძინებელ მტრად იქცა და მათ არათუ ხმაურიანი ქორწინების უფლება და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, სასტიკად უსწორდებოდნენ. 1924 წლიდან ბაგრატიონების გვარის ჟლეტა ბოლშევიკების ჩვეულებად იქცა. მარტო ერთ ღამეში ბაგრატიონთა გვარის 20-ზე მეტი ქალი, კაცი და ბავშვი დახვრიტეს. ეს სისხლიანი ისტორია "აივნების" დახვრეტის სახელით დარჩა საქართველოს უახლეს მატიანეში. სოფელ აბანოში მცხოვრებ ბაგრატიონ-დავითიშვილებს ბოლშევიკები ეზოდან ეძახდნენ და აივანზე გამოსვლისთანავე ხვრეტდნენ. ამ ტრაგედიას მაშინ ერთადერთი ბავშვი გადაურჩა, გივი ბაგრატიონი, რომელიც გარეთ ავადმყოფობის გამო ვერ გავიდა.

პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონის დაბადება საინტერესოდ დაემთხვა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავს. აფხაზეთის დაცემის დღეს პატარა ბიჭის მოვლინებით ერთმანეთთან მოქიშპე ბაგრატიონების ორი შტო დაზავდა, გაერთიანდნენ, საქართველოს გაერთიანებაც ხომ საუკუნეების წინ აფხაზეთიდან დაიწყო...

მონური სნობიზმის მსგავსი რამ გვჭირს. ჩვენიანის წარმატება არ გვახარებს, გვშურს, გვძულს, უცხოსთვის კი ვგიჟდებით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია