გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

გმირი თუ მწამებელი - რას შეეწირა ლადო ბედუკაძის მამის სიცოცხლე...

არ ვიცი, ეს ადამიანი გმირია თუ ანტიგმირი... შესაძლოა, თითოეულ ჟურნალისტს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეს, ამას არასოდეს მოვახვევთ მკითხველს. სიმართლე გითხრათ, ციხის საზარელი კადრების გავრცელების დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლადო ბედუკაძესთან ინტერვიუს ჩავწერდი, თუმცა ასე მოხდა. ამბობენ, რომ დაცვით დადის, თუმცა რედაქციაში მარტო გვესტუმრა, არ ვიცი, შეიძლება, დაცვა გარეთ ელოდა. ორი კვირის წინ მამა დაეღუპა, სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ბედუკაძის მამა ვახო სანაიას ეთერს შეეწირა, სადაც ბედუკაძეს ერთდროულად გმირსა და მწამებელს ეძახდნენ. ინტერვიუ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- ცოტა ხნის წინ მამა დაგე­ღუპათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედზე" ვახო სანაიას გადაცემაში გიყურათ და თქვენი მისამართით მოწყობილ სახალხო სასამართლოს ვერ გაუძლო.

- მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არ ვიცი, უყურა თუ არა ამ ეთერს. ვერ მოვასწარი, ბოლო წუთებში მასთან ერთად ვყოფილიყავი. იმ გადაცემაში ისეთი არაფერი თქმულა, რომ ვერ გადაეტანა. არ მივიჩნევ, რომ იქ თავს ვიმართლებდი. საზოგადოების და მათ შორის, მათ წინაშე, ვინც იმ ეთერში მოვიდა, თავის სამართლებელი არაფერი მჭირს. რაც შეეხება მამას, ამ ცხრა თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრს ნერვიულობდა. ბევრი მტერი შევიძინე და გულთან მიჰქონდა ყველაფერი. მამა ავადმყოფობდა, გარკვეული როლი ითამაშა ნერვიულობამაც. ის ჩემს ძმასთან სოფელში ცხოვრობდა.

- თბილისში დაიბადეთ?

- დიახ, ტყუპისცალი ვარ. ეს საჯაროდ არასოდეს მითქვამს. სამწუხაროდ, ჩემი ტყუპისცალი და დაიღუპა. შეიძლება, გადაცემა "პროფილის" სიუჟეტს ვყვები, მაგრამ გარდაცვლილი შვილი ჩემს მშობლებს არ უნახავთ. სამშობიაროდან გაქრა. ეს იყო 1976 წელს. მშობლები დარწმუნებული იყვნენ მის გარდაცვალებაში, უთხრეს, რომ გულის მანკით დაიბადა, ვერ ვხვდები, მაშინ მე რატომ არ მჭირს გულის მანკი. ეს ეჭვი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ იმდენად იქნება საბუთები არეული, რომ ძნელია, სიმართლე დაადგინო. დღევანდელ თემქის მეხუთე სამშობიაროში დავიბადე და მოგვიანებით, წლების შემდეგ, იმ ადამიანმა, რომელმაც დედა ამშობიარა, ჩემი მეუღლის მშობიარობაც მიიღო.

- რომელი სკოლა დაამთავრეთ?

- 118-ე, გლდანის რაიონში ვცხოვრობდი. საბავშვო ბაღში ავჭალაში დავდიოდი. სკოლაში ნორმალური მოსწავლე ვიყავი, რაც შეეხება პოლიციის აკადემიას, წითელ დიპლომზე დავამთავრე. 118-ე სკოლაში ადრე გაძლიერებულად ასწავლიდნენ გერმანულს. თავისუფლად ვლაპარაკობდი და სურვილი მქონდა, უცხო ენებზე ჩამებარებინა. სკოლა 90-იან წლებში დავამთავრე და ალბათ გახსოვთ, როგორი არეულობა იყო ქვეყანაში. ჩემი სკოლის წინ პოლიციის განყოფილება იდგა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ესროდნენ ტყვიებს მხედრიონელები. საოცრება ხდებოდა. პოლიციელები ფორმას იხდიდნენ. ამ დროს გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და 18 წლის რომ გავხდი, პირიქით, ფორმა ჩავიცვი. ანტაგონისტური ტიპი ვიყავი, ყოველთვის თავგადასავალს ვეძებდი.

პირველი სამსახური იყო სამინისტროში დიპლომატიური წარმომადგენლობის დაცვის პოლიციაში. მაშინ იშვიათად მიდიოდა ახალი კადრი პოლიციაში და იმდენად გაუხარდათ, რომ მაშინვე ავტომატი მომცეს. კუთხეში მივაყუდე, არ გავარდეს-მეთქი. მეორე დღეს ცვლა რომ მოვიდა, ვუთხარი, დაშლა-აწყობა და გამოყენება ესწავლებინათ.

1994 წელს ჩინეთის ელჩის რეზიდენციის დაცვაში ვმუშაობდი, რადგან "ძაღლი" დამერქვა, პოლიციის აკადემიაში ტექნიკურ ფაკულტეტზე დასწრებულზე ჩავაბარე (იღიმება). სულ ოთხი წელი იარსება ამ ფაკულტეტმა. დიპლომში ინჟინერ-იურისტი მიწერია. როგორც წარჩინებით კურსდამთავრებული, სამუშაოდ კახეთის რეგიონში საგზაო პოლიციის განყოფილებაში უფროს ინსპექტორად გამიშვეს. ახლა არ ეცადოს სააკაშვილი კახეთის გამო თამაზ თამაზაშვილს დამაკავშიროს, საერთოდ არ ვიცნობდი თამაზაშვილს და მით უმეტეს ღარიბაშვილს. იმიტომ თქვა მიშამ ჩემზე, როგორ გამოგვეპარა ეს "გაიშნიკიო". მათზე განსაკუთრებული აგრესია აქვთ ძველ ხელისუფლებას და ამიტომ ჩემზე და გია ცაგარეიშვილზეც.

- თუმცა ხომ ფაქტია, რომ მარ­თლა იღებდნენ მაშინ ქრთამს?

- დიახ, მაგრამ ჩემით დავწერე პატაკი და სამსახური დავტოვე, როცა იქ მოწყობა ათასობით დოლარი ღირდა. ამის შემდეგ, 2001 წელს გადმოვედი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს იყო ვაის გავეყარე, უის შევეყარე. 2006 წლამდე, სანამ ამ სისტემაში ბაჩო ახალია მოვიდოდა, ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა სიტუაცია. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. რამდენიმე ციხე გამოვიცვალე. არ ვამბობ, რომ მომწონდა, რაც მანამდე ხდებოდა, მაგრამ ქურდების დაუწერელი კანონები ახალაიას დაუწერელი კანონებით შეიცვალა. პატიმრისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სცემს? კანონს მხოლოდ უცხოელებს აჩვენებდნენ, რომლებიც თავს უკრავდნენ, რომ მოსწონდათ. რეალურად ახალაია არსად წასულა. ბოლომდე მისი გუნდი მართავდა მთლიან პროცესებს. შაშკინი და კალმახელიძე იყვნენ ბუტაფორია, რომ ხალხს დაენახა - რაღაც შეიცვალა. ციხეში ყოველთვის იყო ახალაიას სული და ის მართავდა პროცესებს (იღიმება). კალმახელიძე მხოლოდ ლენტის გაჭრაზე დადიოდა, ან უცხოელები რომ მოდიოდნენ. ერთ თანამშრომელს არ შეხვედრია, რომ ეკითხა, რა უჭირდათ.

- ცხოვრების რა ეტაპზე დაოჯახდით?

- აკადემიაში სწავლისას. ჩემი მეუღლეა ირმა ორჯონიკიძე. სააკაშვილს მისი გვარი რომ გაეგო, ატეხდა ამბავს, ეგ უნდა კიდევ მაგის გაგიჟებას (იცინის). ორი შვილი მყავს - 14 წლის უჩა და 6 წლის ანა. ირმა პროფესიით ეკონომისტია. დიასახლისი, არასოდეს უმუშავია. ავჭალაში ჩემი კარის მეზობლის ბიძაშვილია და მასთან მოდიოდა სტუმრად. გაცნობიდან ერთ თვეში დავოჯახდით. ჩემნაირი სულსწრაფი ადამიანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- ციხის ცნობილმა სკანდალმა რა გარდატეხა მოახდინა თქვენს ურთიერთობაში?

- დაგვეძაბა სიტუაცია, ირმამაც არ იცოდა, რას ვაპირებდი. თან არასოდეს ვლაპარაკობდი სამსახურის ამბებზე სახლში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია