დავით უსუფაშვილი - ივანიშვილს სუპერპასუხისმგებლობის განცდა აქვს და უპასუხისმგებლო ნაბიჯს არ გადადგამს

დავით უსუფაშვილი - ივანიშვილს სუპერპასუხისმგებლობის განცდა აქვს და უპასუხისმგებლო ნაბიჯს არ გადადგამს

დასავლელი ლიდერებისთვის ცოტა გაუგებარია 2 წელიწადში პოლიტიკიდან წასული ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" საუბარში განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს "სუპერპასუხისმგებლობის" განცდა აქვს და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ის გაუაზრებელ ნაბიჯს არ გადადგამს.

"არ არის სასარგებლო ამ თემაზე გამუდმებით საუბარი. უნდა გავითვალისწინოთ როგორ აღიქვამს ამას მოსახლეობა, ოპონენტი, უცხოეთი. დასავლელმა ლიდერებმა ბატონი ბიძინას გაცნობა უკვე მოახერხეს და ვინც გაიცნო ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ მათთვის ეს ცოტა გაუგებარია, რადგან 2 წელიწადში პოლიტიკიდან წასული ლიდერი მაინცდამაინც არაა ცნობილი ევროპულ სისტემაში. ეს რაღაც სიახლეა. მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ესაა სუპერპასუხისმგებლობის განცდა. უპასუხისმგებლო და გაუაზრებელ ქმედებას, დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამს. მე ჯერა, რომ ყველა წამოწყება მივა ბოლომდე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, პოლიტიკიდან წასვლა ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ მოსაზრებაა და ის "გეგმად არ ქცეულა".

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არ არის გეგმა და ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ეს მოსაზრებები გეგმად სანამ იქცევა, მასზე სერიოზულად ვისაუბრებთ. ბიძინა ივანიშვილმა სხვა სტილი დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც დღემდე მაინცდამაინც მიღებული არ იყო. პოლიტიკოსის პლუსად ის ითვლებოდა, რაც უფრო კარგად ჩახლართავდა და ჩაახუჭუჭებდა რაღაც თემას. ბიძინა ივანიშვილი დამკვიდრა როგორც გულწრფელი პოლიტიკოსი და ძალიან ხშირად ის თავისი გულსწრფელი განცხადებებით შოკს გვრის საზოგადოებას _ მომხრეებსაც და მტერსაც. მის ხედვაში, რომ სახელისუფლებო სისტემაში მისი დიდი ხნით ყოფნა ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება და სტრუქტურების გამართულ მუშაობას უფრო მეტად შეუწყობს ხელს, თუ მისი დომინანტური ფაქტორი მოიხსნება, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჯერ ეს არ არის გადაწყვეტილება, გეგმა. ესაა მხოლოდ ხედვა, რომელიც გეგმად არ ქცეულა", - აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა.

გარდა ამისა, უსუფაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც ძალიან სერიოზულია.

"უცხოური ინვესტორები, რომლებიც ჩვენნაირი ქვეყნისკენ იყურებიან, რა თქმა უნდა, ეძებენ იმ ლიდერს, რომლის იმედითაც იქ მიდიან. ისინი სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ ლიდერს. ჩვენ, სამწუხარდო, ჯერ არ გვაქვს ის რეპუტაცია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო და კონკურენცია დაიცავს მათ უფლებებს, ამიტომ პრემიერ-მინისტრის ფაქტორი ძალიან სერიოზულია", - განმარტა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა