რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად 15 სექტემბრამდე

მიმდინარე ზაფხულის პერიოდს თუ გადავხედავთ, უმეტესად ნეგატიური ინფორმაცია ჭარბობს. ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოს პერიოდს მოიცავს. იყო არაერთი ავტოავარია, მკვლელობა, სტიქიური უბედურება, არაერთი სკანდალი, დაპირისპირება, ადამიანების ბინებიდან გამოსახლება, ხმაურიანი სასამართლო პროცესები... ამ ყველაფერზე ასტროლოგები ასეთ განმარტებას აკეთებენ, - საერთოდ, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ასტროლოგიურად ურთულესი პერიოდია. ამ თემაზე "ამბები.გე" ასტროლოგ რამაზ გიგაურს ესაუბრა:

- ამის შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს ვამბობდი, რომ 2008 წლიდან 2014 წლამდე, ბოლო 60-წლიანი ციკლის მანძილზე, ასტროლოგიურად უმძიმესი პერიოდის გავლა მოგვიწევდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ეს 7 წელიწადი ერთგვარი შემაჯამებელი, კარმული პერიოდია და საერთოდ არაერთი საფრთხე იქმნება მთლიანად დედამიწის ცხოვრებაში. მაშინ მახსოვს, ის პროგნოზი ასე დავამთავრე: ღმერთმა ქნას, აქედან დანაკარგების გარეშე გამოვიდეთ-მეთქი... მაგრამ როდესაც 2008 წელს საქართველოში ომი დაიწყო, ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორმა დამირეკა და მითხრა, - მგონი, მთელი ის უბედურება, რაზეც ლაპარაკობდი, ჩვენიდან იწყებაო... 2013 წლის ივლისი-სექტემბერი მართლაც კრიზისული პერიოდია, რასაც პლანეტების - ურანი-პლუტონის ნეგატიური ასპექტი ქმნის. ეს კი ასტროლოგიაში საკმაოდ რთულ პერიოდად მიიჩნევა. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით, 2012-დან 2014 წლამდე ახალი ნეგატიური დისჰარმონიული ციკლი შემოიტანა და ბუნებრივია, ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ. "ტაუ-კვადრატი", სადაც ჩაერთო სამი პლანეტა - ურანი, პლუტონი, მერკური. ასტროლოგიაში მერკური ინფორმაციის, გადაადგილების, მგზავრობის მმართველ პლანეტად მიიჩნევა. თუ გადავხედავთ, მართლაც ბევრი ცუდი რამ მოხდა სწორედ გზაზე და გადაადგილებასთან დაკავშირებით. იყო კატასტროფები სხვადასხვა ქვეყანაშიც, მართლაც მოიმატა ნეგატიურმა ფაქტებმა და შემთხვევებმა. მაგალითად, ჩინეთში დიდი კატასტროფა მოხდა, - ერთმანეთს მატარებლები შეეჯახა. საქართველოსაც რომ გადავხედოთ, 15 ივლისიდან 2-3 დღეში ერთხელ, ნეგატიურ მოვლენა ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანებმა ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მაგალითად, ბათუმში მომხდარი საზარელი მკვლელობა სავსე მთვარეობის პერიოდში მოხდა.

- როგორც ვიცი, სავსემთვარეობა კიდევ ცალკე პრობლემებს ქმნის, არა?

- კი და ბრიტანეთსა და ამერიკაში ამის შესახებ კარგად იციან და სპეციალური სამსახურები - სასწრაფო დახმარება, სახანძრო, პოლიცია საგანგებო რეჟიმში, ორმაგი დატვირთვით მუშაობენ. ძალიან კარგი იქნება, თუ ამას ჩვენთანაც გაითვალისწინებენ და გაორმაგებული ყურადღებით იმუშავებენ. სასურველი და აუცილებელიც კია თუ ამ პერიოდში მძღოლები დიდი სიფრთხილით იმოძრავებენ.

- ადამიანები ჩვენთან ასტროლოგიას ყურადღებას დიდად არ აქცევენ.

- ერთია, როდესაც ასტროლოგიურად ნეგატიური პერიოდია, მაგრამ მეორეა, ადამიანი როგორ იღებენ ამას. შეიძლება, ამინდის ბიურომ გადმოსცეს პროგნოზი, - რომ ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. წავალ თუ არა ზღვაზე საბანაოდ, ეს ჩემი გადასაწყვეტია. სერიოზული საფრთხის ალბათობა რა თქმა უნდა, არის მაშინ, თუ მე ზღვაში შტორმის დროს შევალ, მაგრამ თუ შინ დავრჩები, მეტად ვიქნები დაცული. ამიტომ ამ პერიოდში სარისკო საქმეების წამოწყება არ არის სასურველი...

მოკლედ, ამ დროს ბევრი ძველი, მივიწყებული უსიამოვნო ამბის ამოტივტივებაც ხდება, რითაც მიმდინარეობს ე.წ. "კარმული ვალების" გადახდა. შეიძლება, ეს ამა თუ იმ ტრაგედიის მონაწილისთვის ერთგვარი შემაჯამებელი პერიოდიც იყოს. ადამიანი გარკვეულწილად საზღაურს იღებს.

- როდესაც ენერგეტიკულ დარტყმას იღებენ, უმეტესად ეს ტრაგედიითაც სრულდება...

- დიახ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნამოქმედარის შედეგი. გავიხსენებ ერთ ქართულ ანდაზას: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო". ეს გახლავთ "კარმის" საუკეთესო განმარტება. ასე რომ, 15 სექტემბრამდე, სასურველია, ნებისმიერ საქმეს მეტი სიფრთხილით მივუდგეთ და მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. კონცენტრაცია უმეტესად პოზიტივზე მოვახდინოთ, რომ სკანდალს, დაპირისპირებას, გაუგებრობას ავცდეთ.

- როგორც ვიცი, წელიწადის თვეებიდან, აგვისტოს გარდა, თებერვალიც რთულ პერიოდად მიიჩნევა.

- კი, აგვისტო და თებერვალი საქართველოს ჰოროსკოპში განსაკუთრებულად რთული პერიოდია. თუ გავიხსენებთ და გადავხედავთ წარსულს, ბევრი ცუდი მოვლენა და საშინელი ფაქტი სწორედ თებერვალ-აგვისტოში მოხდა... მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და მიაჩნიათ, რომ ეს მათ არ ეხებათ და მხოლოდ სხვაზე მოქმედებს. არადა, სიფრთხილე მართებს ყველას, ვინც ზოგადად გზაზე გადადგილდება...

ბოლო დროს, მას მერე, რაც ამნისტია მოხდა, დანაშაულის ფაქტებმა მოიმატა. გეტყვით, რომ იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომისიებში, რომლებიც ამნიისტიის პროცესში არიან ჩართულები, ასტროლოგებიც მონაწილეობენ, ისინი პატიმრების პირად ჰოროსკოპებს განიხილავენ. ჩვენთან ასეთი რამ არავის მოუვა აზრად.

- არც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ითვალისწინებენ ასტროლოგების რჩევებს?

- როდესაც მსგავს კითხავს მისვამენ, ვპასუხობ, გადახედეთ მათ ნამოქმედარს და მიხვდებით... საქართველოში ყველა პრეზიდენტი გავაძევეთ, შემდეგიც იმავეს მიიღებს, თუ მანაც იგივე გზა აირჩია. ჩვენ რაღაც წრეზე დავდივართ და ვერ ვიაზრებთ, საერთოდ რა გვინდა. არადა, ზოგადად თუ გადავხედავთ ქართულ ფსიქოტიპს, რასაც ასტროლოგია კარგად ხსნის, ბევრ რამ ნათელია, მაგრამ ეს სამწუხაროდ, არავის აინტერესებს.

- რას გულისხმობთ?

- საქართველო შეესაბამება ლომის ზოდიაქოს ნიშანს. თუ ლომის ზოდიაქოს ნეგატიურ თვისებებს გავითვალისწინებთ, ძალიან ჰგავს ქართულ ფსიქოტიპს. ლომის თვისებაა: როდესაც ქეიფობს, უნდა, რომ გაიგოს ნახევარმა საქართველომ, ხარჯავს ყველაფერს, რაც გააჩნია, არის ზარმაცი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მიაჩნია, რომ თვითონ არის მთავარი. მას მართავს მზე, მზე კი ცენტრალურია მზის სიტემაში.

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ თუ საიდანმე, რამე აგური გამოძვრა, ყველა თავში დაგვეცა, რადგანაც ვერ შევძელით ისეთ ადგილზე დადგომა, რომ ეს ყველაფერი აგვცდენოდა... ვერ გავიგეთ, რა გვინდა - რუსეთი თუ დასავლეთი? როდესაც ამბობენ, ხალხი ბრძენიაო, - ამაზე მეცინება. სწორედ ხალხმა აირჩია ჯერ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი...

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქვეყნის მენტალიტეტის შეცვლა. როდესაც ერს 200 წლის მანძილზე სძინავს, ის ვერ გამოიტანს ჭეშმარიტ დასკვნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებასაც სძინავს!

ასე რომ, ნამდვილად ვიცი, ვინც ამ პერიოდში ხალხის ხარჯზე გამდიდრდა, ყველაფრის გადახდა მოუწევთ, რადგანაც ხალხს მოჰპარეს. ისინი პასუხს საკუთარი ჯანმრთელობით, საკუთარი სიცოცხლით, შვილების სიცოცხლით "კარმულ ვალს" გადაიხდიან. სამყაროსთვის არსებობს კანონზომიერება, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

- აღნიშნეთ, რომ ზოგადად, სირთულეები 2014 წლამდე გასტანსო... რა იქნება შემდეგ?

- მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ საქართველოს პრობლემების გასაღები დევს საქართველოში და არა ვაშინგტონსა ან მოსკოვში! მთავარი მენტალიტეტის შეცვლაა. მუშაობა უნდა ვისწავლოთ და საკუთარ თავში გავერკვეთ.

- 15 სექტემბრიდან, ასტროლოგიური "ტაუ-კვადრატი", რომელთა ერთობლიობა ნეგატიურ ენერგიას ავლენს, განლაგებას შეიცვლის?

- კი, მათი განლაგება შეიცვლება და ურანი-პლუტონის ნეგატიური ასპექტის კოსმობიოლოგიური გავლენა ზოგადად შერბილდება და ეს შეამსუბუქებს ვითარებას, მანამდე კი განსაკურებული სიფრთხილე მართებთ ადამიანებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია