"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა

"ტერორისტ-რევოლუციონერ" ჯაბა სამუშიას საიქიოდან გარდაცვლილი ელაპარაკებოდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია წლების წინ გავიცანი. მაშინ პოლიტიკურ საქმიანობაში ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და როგორც ისტორიკოსთან, საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდი. იმ პერიოდში ჯაბა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ძეგლებს იკვლევდა და დროდადრო ვაშუქებდი მის წარმატებებს. მაშინ ის უცოლოც გახლდათ... ახლა კი 2 ცელქი და ლამაზი ბიჭუნას მამაა (მესამე ვაჟს მალე ელოდება). წლებია, მის შესახებ არაფერი დამიწერია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა გაწყდა. მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში და მინდა, ერთი კარგი ქართველისა და სამშობლოს გულშემატკივრის შესახებ გიამბოთ. უფრო სწორად, ის თავად მოგიყვებათ და გაგახალისებთ კიდეც თავს გადახდენილი კურიოზებით. გულახდილად გაუმხელს მკითხველს, როგორ მოახერხა ლექტორმა სტუდენტი გოგონას გულის მოგება და რატომ ურჩევდა სასიმამრო, რომ დაქორწინება არ ეჩქარა.

- მამაჩემი წარმოშობით სამეგრელოდანაა, წალენჯიხის რაიონის სოფელი ლიადან. თბილისში სტუდენტობის დროს ჩამოვიდა. ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობდა, შემდეგ ნაძალადევში რომ მიწები დარიგდა, იქ მიიღო სამოსახლო. დედა დედისერთა იყო და მამაჩემი ჩაუსიძდა ქართლელებს (დედულეთი სოფელი რუისია). დავიბადე 1971 წლის 15 აგვისტოს. ნახალოვკაში, მე-14 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა იმითაა გამორჩეული, რომ ფინანსთა მინისტრებს "უშვებს". მას საქართველოს ფინანსთა 2 მინისტრი ჰყავს აღზრდილი - მიხეილ ჭკუასელი და ნოდარ ხადური. ჩვენ ერთ პერიოდში მოგვიხდა სწავლა და სკოლიდანვე ერთად ვმონაწილეობდით მნიშვნელოვან ეროვნულ პროცესებში. 1989 წელს ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე და პირველივე კურსიდან ჩავერთე ეროვნულ მოძრაობაში. პირველად ბებოს გავუმხილე ამის შესახებ. იყო პერიოდი, როცა ერთ-ერთი მიტინგის დროს დამაპატიმრეს და ერთი დღე-ღამე ვიყავი ვაკის პოლიციაში. როგორც წარჩინებული სტუდენტი, ლექტორის შუამდგომლობით გამომიშვეს. როცა დამაკავეს, ოჯახის წევრებს არ შევატყობინე და მეგობრებიც გავაფრთხილე, რომ არაფერი ეთქვათ მათთვის. შინ რომ არ მივედი, ოჯახმა ინერვიულა. მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა, ამიტომ ჩემს მეგობარს შინ დაურეკეს, მან კი უთხრა, რომ მეორე მეგობართან დავრჩი.

აღმოჩნდა, რომ იმ მიტინგზე დაჭერილი ადამიანების სახელები და გვარები გამოუცხადებიათ ლიდერებს. მეორე დღეს მამაჩემი სამსახურში რომ მივიდა, თანამშრომლებმა მიულოცეს - შენი შვილი დაუჭერიათო. მიულოცეს, რადგან ეს დიდ ვაჟკაცობად და ერისკაცობად ითვლებოდა. გაგიჟდა მამაჩემი თურმე, მაგრამ მალევე გაიგო, რომ უკვე სამშვიდობოს ვიყავი და დამშვიდდა. ჩვენი ჯგუფი ცნობილი იყო ლენინის ძეგლების მტრობით... ლამის ყველა ძეგლი გადავღებეთ, პროტესტის ნიშნად. ყოფილ საბჭოთა კავშირში ლენინის რამდენიმე დიდი ძეგლი იყო. ერთ-ერთი მათგანი იდგა თბილისში და მისი ზუსტი ასლი - ოზურგეთში. გადავწყვიტეთ, ეს ძეგლიც შეგვეღება. ოზურგეთში მიტინგისთვის ემზადებოდნენ. ჩვენ რამდენიმე დღით ადრე, ფარულად ჩავედით. ჩვენმა მეგობარმა გვიმასპინძლა, რომელიც მიტინგის ორგანიზატორიც იყო. გვეგონა, რომ უშიშროება დაგვდევდა, ამიტომ ღამღამობით ყანა-ყანა დავდიოდით, ეზოდან ეზოში ვიპარებოდით, ღამეს სხვადასხვა სახლში ვათევდით, სრული კონსპირაცია და იატაკქვეშეთი მოვაწყვეთ.

მახსენდებოდა ბოლშევიკური იატაკქვეშეთი... წინასწარ 2-3 კაცს ვგზავნიდით, რომ ენახათ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებდა ან გვდარაჯობდა, შემდეგ ისინი გვანიშნებდნენ, რომ გზა თავისუფალი იყო და წელში მოხრილები გადავადგილდებოდით. ერთი სიტყვით, უშიშროებას მთელი მონდომებით ვემალებოდით. მოვიდა მიტინგის დღე. საღებავს ვასხამდით მაიონეზის მინის ქილებში და ძეგლს ვესროდით ხოლმე. ჩაფიქრებული ასე იყო: მიტინგის დროს ხალხი გაიწეოდა, ჩვენ, ოთხი "ტერორისტ-რევოლუციონერი" გამოვიდოდით და ძეგლს ვესროდით საღებავებიან ქილებს. მივედით, წინა რიგი მართლაც გაიყო, გაგვატარეს და ქილებიც ვესროლეთ, მაგრამ ამ დროს ქარმა დაუბერა და საღებავის წვეთები ხალხისკენ წამოიღო. ლენინი კი "გავკრასკეთ", მაგრამ მასთან ერთად ჩვენც შევიღებეთ და უამრავი მომიტინგეც გადავღებეთ. გავიდა წლები. ჩემი ძმა დაქორწინდა ოზურგეთელ გოგონაზე, მარიამ თოიძეზე. სტუმრად ვიყავი ჩემი ძმის სიმამრის ოჯახში და სუფრასთან აღმოჩნდნენ ყოფილი მილიციისა და უშიშროების უფროსები. მათთან ეს ამბავი გავიხსენე. - უი, შვილო, შენ ის ხარ, სიმინდის ყანებში რომ დარბოდიო? თქვენ გგონიათ, იმალებოდით და არავინ არაფერი იცოდა? მშვენივრად ვიცოდით, ვინ სად იყავით, მაგრამ არ დაგიჭირეთ, ვის ჰქონდა თქვენი დარდი, ვქეიფობდითო... წარმოიდგინეთ, ჩვენ გვეგონა, ისეთი მაგრები ვიყავით, რომ უშიშროებაც კი გავაცურეთ და ამათ ისე გააბანძეს ჩვენი რევოლუციური საქმიანობა, რომ იმის შემდეგ ამ ამბავს კურიოზად ვყვები ხოლმე.

- კარგად მახსოვს, ერთი პერიოდი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდი და მთლიანად მეცნიერული მუშაობითა და პედაგოგობით იყავი დაკავებული.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთლიანად ჩამოვშორდი პოლიტიკურ საქმიანობას და მეცნიერებას მივხედე. ამჟამად ვარ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი საქართველოს ისტორიის მიმართულებით. 2007 წლის ნოემბრის ამბების შემდეგ გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში დავბრუნებულიყავი. ბევრ ჩემს სტუდენტს ახსოვს, როდესაც 7 ნოემბერს მიტინგი დაარბიეს, მე ამ დროს ლექციას ვატარებდი სამხედრო ისტორიაში, - საკმაოდ დიდ აუდიტორიაში, 120 სტუდენტი იყო ლექციაზე ჩაწერილი. შესვენებისას სტუდენტი შემოვიდა და მითხრა, რომ საშინელება ხდებოდა რუსთაველზე. გავედი და ტელევიზორში ვნახე ის საშინელი კადრები. უკან დავბრუნდი, სტუდენტებს ვუთხარი, - თქვენი ადგილი ახლა რუსთაველზეა, ვალდებული ვართ, იქ ვიყოთ-მეთქი. ლექცია შევწყვიტე და სტუდენტებთან ერთად დარბევის ადგილზე მივედი. ამ დროს უკვე სპეცრაზმი სასტუმრო "თბილისთან" იდგა. ჩვენ თეატრალურ უნივერსიტეტთან ვიყავით. საშიშროება რომ ვიგრძენით, თეატრალური უნივერსიტეტის სარდაფს შევაფარეთ თავი. იქ ასობით ადამიანს მოეყარა თავი. ეროვნული მოძრაობის დროიდან კარგად ვერკვეოდი ამ ადგილებში და დაცვას ვთხოვე, უკანა ეზოში გასასვლელი კარი გაეღო. ეს კარი თაბუკაშვილის ქუჩაზე გადიოდა. ასე გამოვედით სამშვიდობოს და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გადავარჩინე. ნოემბრის მოვლენებმა დამაბრუნა პოლიტიკაში. მაშინ ახალი ჩამოყალიბებული იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, სადაც ლევან ვეფხვაძის გარდა არავის ვიცნობდი, მაგრამ ნდობით განვეწყვე მათ მიმართ და შევუერთდი. ბევრი მეკითხება, გადავხედავ თუ არა ჩემს მოღვაწეობას თუნდაც ქრისტიან-დემოკრატებში ყოფნის გამო.

- ალბათ იმიტომ, რომ ახლა "ოცნების" წევრი ხარ, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებს ხშირად მმართველი პარტიის ანუ "ნაციონალების" სატელიტ პარტიას უწოდებდნენ და მასთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს.

- მე როგორ ვმუშაობდი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. არ ყოფილა არც ერთი თემა, რომელზეც საკრებულოს ფრაქციას უკან დაეხიოს. შეგვეძლო, საკრებულოს ფარგლებში გარკვეული კოაბიტაცია გვქონოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. თვალებს არაფერზე ვხუჭავდით და უკან არ ვიხევდით. არაფერს ვუთმობდით. ბოლო არჩევნებამდე საკრებულოში ის ადამიანები იყვნენ, ვინც დღეს ლიდერები არიან და "ქართული ოცნების" კოალიციაში შედიან. მათთან მაშინაც ვთანამშრომლობდი და ბევრ საკითხზე საერთო აზრიც გვქონდა. ისიც გახსოვთ ალბათ, როდესაც დენისა და ნაგვის გაერთიანებული გადასახადის სიმბოლო - ცოცხი და მრიცხველი ვაჩუქე "ნაციონალურ მოძრაობას". ამ სხდომის შემდეგ ჩემი სამსახურიდან გაშვების საკითხიც კი დადგა, მაგრამ გადავრჩი. საკრებულოში არსებულ ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციასთან კითხვები არავის აქვს...

- გარდა იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობ, ასევე ხარ ლექტორი, ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი და რადიო "პალიტრაში" გადაცემაც მიგყავს. ამ ყველაფრის მერე ოჯახისთვის დრო გრჩება?

- დრო ისე მაქვს გადანაწილებული, რომ ყველაფერს ვასწრებ.

- საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრა გიწევს ალბათ. რა პრობლემებით მოდიან?

- დღის განმავლობაში 10-ზე მეტი ადამიანი მოდის, თითოეული 15-20 წუთის განმავლობაში გიყვება თავისი პრობლემების შესახებ. იქ დალხენილი ადამიანი არ მოდის. ეს ძალზე გთრგუნავს და გუნებასაც გიფუჭებს. ერთხელ შემოვიდა თანაშემწე, ერთიანად ცახცახებდა. ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა, - აი, ეს განცხადებაა შემოსული და გაეცანითო, - გამომიწოდა. თავფურცელზე დაკრული იყო ახალგაზრდა ბიჭის მოზრდილი ფოტო. წერილი კი იწყებოდა ასე: "მე დავიღუპე აფხაზეთის ომში" და ამას მოჰყვებოდა პატარა ამბავი, მისი გარდაცვალების შესახებ და თხოვნა დახმარების თაობაზე. ეს ყველაფერი პირველ პირში იყო დაწერილი, რაც ძალიან დამთრგუნველი გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ 90-იან წლებში გარდაცვლილი ადამიანი საიქიოდან მელაპარაკებოდა. ამას მოფიქრება ხომ უნდა? გაჭირვებამ ხალხს ფანტაზიაც კი განუვითარა. ზოგიერთი იმისთვისაც მოდის, რომ თურმე დედამთილთან ნაჩხუბარია და გვთხოვს, რომ მეუღლის ოჯახთან შევარიგოთ. ერთი ქალბატონი მოვიდა, რომელსაც უამრავი ოქროს ბეჭედი ეკეთა, თითოეულის ღირებულება ალბათ რამდენიმე ათასი იქნებოდა, ცხოვრობდა თბილისის ცენტრალურ უბანში, კეთილმოწყობილ ბინაში და ჰყავდა 3 სრულწლოვანი, ჯან-ღონით სავსე ვაჟი. ითხოვდა 200 ლარს, წამლების საყიდლად. ასეთი მთხოვნელი ცოტა არ იყოს და აგრესიასაც კი იწვევს. მართლა ვისაც უჭირს, ზოგჯერ ის ვერ მოდის ჩვენამდე... ისეთი ადამიანებიც მოსულან, რომლებიც ჩიოდნენ, რომ მეზობლები ჯადოს უკეთებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი საშინლად დამთრგუნველია. რომ არა ჩემი შვილები, ამას ალბათ ვერ გავუძლებდი. შინ დაბრუნებულს ყველაფერი მავიწყდება და მთლიანად ბავშვებზე გადავერთვები ხოლმე.

- 2 ვაჟი გყავთ - ცოტნე და თორნიკე და მესამეს ელოდებით...

- 3 ბიჭის მამობა უკვე "განაჩენია". ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა...

- იმის შესახებაც გვიამბე, როგორ დაქორწინდი საკუთარ სტუდენტზე...

- (იცინის) არა, მთლად ჩემი არ იყო... დავიწყოთ იქიდან, რომ ერთი პერიოდი, კარგა ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ლონდონში. 6 თვის განმავლობაში საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი. შემდეგ 2 კვირით დავბრუნდი და ისევ ევროპაში გავემგზავრე, სადაც კიდევ კარგა ხანს შემოვრჩი. ასე რომ, ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული, მშობლიურ უნივერსიტეტსაც დავუბრუნდი. 8 თებერვალს დაიწყო მეორე სემესტრის ლექციები და პირველივე ლექციაზე, დაგვიანებით შემოვიდა სტუდენტი გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. 2-საათიანი ლექცია იყო და შესვენების მერე აღარ დაბრუნებულა. მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ თურმე იმ ჯგუფის სტუდენტი არ ყოფილა, შეშლია და შეცდომით შემოსულა ჩემს ლექციაზე.

ნინო გძელიძე:

- იმ სემესტრში დავიწყეთ ახალი საგანი - საქართველოს ისტორია. შესაბამისად, პირველი ლექცია იყო და ლექტორს არ ვიცნობდი. ამიტომ, არც მიფიქრია, რომ აუდიტორია შემეშალა. ვიცოდი, რომ 2 მეგრელი ლექტორი კითხულობდა ლექციას - კუდავა და სამუშია და სულ არ ვიცოდი, რომელი რომელი იყო. კი ამბობდნენ ხოლმე, რომ ახალგაზრდა, უცოლო ლექტორია, გვარად სამუშიაო, მაგრამ მის ხილვას ვერ ვეღირსე, რადგან ევროპაში იყო. იმ დღეს კი ისე საინტერესოდ ჰყვებოდა ლექციას, რომ გასუსული ვუსმენდი. მერე ხშირად ვხედავდი ხოლმე ჩვენს აუდიტორიასთან. ხანდახან ცვლიდა ლექციას და ჩვენთან შემოდიოდა. მეგობრები მეუბნებოდნენ - სამუშიას მოსწონხარო, მაგრამ თავი შორს დავიჭირე. თუმცა, მეც ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო. ექსკურსიებს გვიწყობდა ხოლმე. ჩვენს ჯგუფს მთელი საქართველო მოატარა.

ჯაბა:

- იმ პირველი ლექციის მერე გამიჩნდა ინტერესი, მაგრამ 1 წელი არც მიცდია დაახლოება. შორიდან ვზვერავდი. შემდეგ კი ნელ-ნელა დავუახლოვდი და შეყვარებულებიც გავხდით.

- ყველა წესის დაცვით ითხოვე ნინო თუ გაიპარეთ?

- სიმართლე თუ გინდათ, ისაა, რომ ნინომ მომიტაცა (იცინის). მანქანის ტარება ვასწავლე და ერთხელ ქალაქგარეთ გავედით. საჭესთან ნინო იჯდა. ორიენტაცია ძალიან ცუდი აქვს. ანანურთან რომ მივედით, ციხე იცნო და მიხვდა, რომ თბილისიდან საკმაოდ შორს ვიყავით. მე ვეხუმრებოდი, - ფაქტობრივად, მომიტაცე და ნება იბოძე და შინ დამაბრუნე, თორემ ახლა დედას დავურეკავ და ვეტყვი, რომ მოტაცებული ვარ-მეთქი... ნინოც ატირდა, - სახლში წამიყვანეო. თითქოს საჭესთან მე ვიჯექი. ერთი სიტყვით, იმ დღეს ყველაფერი კარგად დამთავრდა და შინ დამაბრუნა. შემდეგ ოფიციალურად ვთხოვე მამამისს შვილის ხელი. გადავწყვიტე, მომავალი სიმამრი გამეცნო და რესტორანში დავპატიჟე. ვკითხე, როგორ მოვიქცე, - ქართული პურმარილი გავაშლევინო თუ ევროპულად, შამპანური დავლიოთ-მეთქი? იმას უფიქრია - ასეთი ახალგაზრდა პროფესორია, იქნებ წიგნების მეტი არაფერი უნახავს, დედიკოს ბიჭი არ აღმოჩნდესო და გადაწყვიტა, სმაში გამოვეცადე. ამიტომ, - ქართული პურმარილი შეუკვეთეო, მითხრა. სასმელს კარგად ვიტან. შევყევით... ამ მთის ვთქვით, იმ მთის მოვყევით და ბოლოს მითხრა - ასეთი კარგი ბიჭი ხარ, პროფესორი, მოქეიფე, ცხოვრება აწყობილი გაქვს, ცოლი რად გინდა, დრო ატარე, ტვირთს რატომ იკიდებო? - ახლა ასეთები არ გინდა, საქმე არ ჩამიშალო, გაჩუმდი-მეთქი, - ვუთხარი.

- ნინო, ყურადღებიანი კავალერი იყო ჯაბა?

- კი, ძალიან. ყვავილებს ხშირად მჩუქნიდა ხოლმე. დილით ვიღვიძებდი და კართან თაიგული მხვდებოდა. ერთხელ ბებია გარდამეცვალა. მაშინ ჩემი და ჯაბას ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო. ბებიას ორმოცი ჯერ არ იყო გასული, რომ მამაჩემმა დილით სადარბაზოს კარი გააღო და უზარმაზარი თაიგული დახვდა. დედაჩემს აუჯუჯღუნდა, - კარი რატომ იყო დაკეტილი, სამძიმარზე მოსულან და თაიგული კართან დაუტოვებიათო. ის ყვავილები კი გადაყარა. რა მათქმევინებდა, რომ მე მეკუთვნოდა? ჯაბა ახლაც ძალიან ყურადღებიანია. საღამოს სანამ შინ მოვა, დარეკავს და მეუბნება, რომ ბავშვები არ დავაძინო. სურს, ცოტა ხანს ეთამაშოს. მე ის მაოცებს, ასე დაღლილი მოდის, ბავშვებთანაც თამაშობს და ისინი რომ დაიძინებენ, კიდევ მუშაობას იწყებს, ზის და წერს. კვირაში ერთხელ ექსკურსიაზე მივდივართ ხოლმე. საქართველო მოვლილი გვაქვს. ჯაბა ცდილობს, ბავშვებს სამშობლო გააცნოს და შეაყვაროს.

- სამსახურის ამბებს გიყვება ხოლმე?

- არ ვაწუხებ ზედმეტი შეკითხვებით.

ჯაბა:

- თავიდან, საკრებულოში რომ დავიწყე მუშაობა, საღამოობით შინ დაბრუნებულს, ნინო სუფრას მიწყობდა, გვერდით მომიჯდებოდა და მთხოვდა, მომეყოლა, რა მოხდა იმ დღეს სამსახურში. ერთ დღეს ავირიდე თავიდან, მეორე დღეს ავირიდე და მერე ვუთხარი - დაჯექი ახლა და უნდა მოგიყვე-მეთქი. დავიწყე იმ დღის ამბების დაწვრილებით მოყოლა. 15-20 წუთი გაუძლო და ადგომა დააპირა, მაგრამ არ გავუშვი - დაჯექი, სანამ ბოლომდე არ მოგიყვები, არ ადგე-მეთქი... კარგა ხანს ვაწვალე ასე. ახლა ხმას აღარ იღებს. აღარ მაწუხებს ზედმეტი შეკითხვებით. ყველაფერს დავთმობ (ოჯახს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა), მაგრამ მეცნიერულ მუშაობას - ვერა. ეს ისაა, რაც არასოდეს მომწყინდება. ახლა მატერიალურად ისე არ გვიჭირს, რომ უნივერსიტეტის ხელფასს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ სტუდენტებისა და ამ ლექციების გარეშე არ შემიძლია... ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ სტუდენტზე კურიოზს გავიხსენებ: ერთმა ბიჭმა მკითხა - ბატონო ჯაბა, სტალინი რა სპორტით იყო გატაცებულიო? იმაზე საშინელება არაფერია, როცა სტუდენტი რამეს გკითხავს და შენ პასუხი არ გაქვს. გონებაში სტალინის მთელი ბიოგრაფია გადავაბრუნე, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე. ბოლოს ვუთხარი - ჭიდაობდა, მაგრამ მასე საქართველოში ყველა ჭიდაობს და ვერ ვიტყვი, რომ მაგ სპორტით იყო გატაცებული-მეთქი. - კი მაგრამ, თუ სპორტსმენი არ იყო, "ადიდასები" რატომ აცვიაო? ლამის გავგიჟდი. თურმე სურათზე შარვლის ზოლები ისე ჩანდა, როგორც "ადიდასის" ზოლები და ამ სულელ ბიჭს უფიქრია, რომ სპორტსმენი იყო და სპორტული შარვალი ეცვა... აბა, მოდი და ასეთ კურიოზებს შეელიე.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ