”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში

”ბაჩო მართალი” - რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში

საქალაქო სასამართლოს ეზო დილის 9 საათიდან ივსებოდა გულშემატკივრებით, დაინტერესებული პირებითა და ჟურნალისტებით.

პირველი აგვისტო, 10:00 საათი - ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადების დრო - ეს ანონსი დღეს ყველაზე აქტუალური იყო. გულშემატკივრები ახალაიას მშობლიური სამეგრელოდანაც მრავლად იყვნენ. 10 საათის მოახლოებასთან ერთად, სასამართლოს დერეფანი გაივსო. ყველა ცდილობდა, განაჩენის გამოცხადებას დასწრებოდა, თუმცა სასამართლოს მანდატურებმა უზრუნველყვეს, რომ 6 ადგილიან სკამზე დარბაზში 9-ზე მეტი ადამიანი არ მჯდარიყო.

დიდი ჭყლეტვის და ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დარბაზში ჟურნალისტების დიდი ნაწილი, "ნაციონალების" ვიწრო წრე, ახალაიას სანათესაო და სამეგობრო მაინც განთავსდა. სანამ ვითარება დალაგდებოდა, დარბაზში სიმშვიდის დამყარებას მანდატურებთან ერთად, როლანდ ახალაიაც ცდილობდა. "იაგო, გადი გარეთ რომ გეუბნებიან, ან მე გავალ და შენ დაჯექი ჩემს ადგილას!", - ასე გაისტუმრა როლანდ ახალაიამ "ტკბილი სიტყვით" მამაკაცი, რომელიც ბაჩოს თითქმის ყველა პროცესს ესწრება და საკმაოდ ხმაურიანი გულშემატკივარია.

დარბაზში მოსამართლე გიორგი დარახველიძე შემოვიდა და გადაწყვეტილების გამოცხადებას შეუდგა.

როგორც ცნობილია, ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლით ჰქონდა საქმეში ბრალი წაყენებული და მოსამართლეს თითოეულ მუხლზე უნდა გამოეტანა განაჩენი. ახალაიას სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების შეურაცხყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება ბრალდებოდა. იგივე სისხლის სამართლის საქმეზე მას ედავებოდნენ ზვიად აბესაძის ფიზიკურ შეურაცხყოფას და კონსპირაციულ ბინაში დამწყვდევის ორგანიზებას, გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, გაგა მკურნალიძის მონაწილეობით.

როდესაც მოსამართლემ თქვა - "ბაჩო ახალაია გამართლდეს!", დარბაზში შეკავებული ოვაციები გაისმა. მათ შორის თვალში მოსახვედრი იყო "წინა ხაზი", სადაც ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი და მისი დედამთილ-მამამთილი, ასევე თეა თუთბერიძე ისხდნენ. მიმიკებში გამოხატულ ოვაციებს არ მალავდნენ "ნაციონალები" - ხათუნა ოჩიაური და აკო მინაშვილი. სასამართლოს შემინული კარის მიღმა რამდენიმე ყური ჩანდა, რომელიც ცდილობდა მოსამართლის სიტყვების ”დაჭერას”. მერე ერთი თვალიც გამოჩნდა - ხათუნა ოჩიაურმა ცერა თითით მას ანიშნა, რომ განაჩენი გამამართლებელია და სასამართლოს დერეფანში ოვაციები გაისმა. შემინულ კარშიც აღარ ჩანდა ყურები.

ბაჩო ახალაია ყველა მუხლში გამართლდა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, სრულად გამართლდნენ საქმეში ძებნილებად გამოცხადებული მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი, მერაბ კიკაბიძე, გიგი კალანდაძე და სხვა საქმეებზე პატიმრობაში მყოფი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გაგა მკურნალიძე. კიდევ ორ ბრალდებული: ზურაბ შამათავა და ალექსანდრე გორგაძე კი - საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, სამხედრო პირის, პაატა პაატაშვილის შეურაცხყოფისთვის, მოსამართლემ 140-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასაჯა, მაგრამ ის მუხლი, რომლითაც მათ სასჯელის ეს ზომა განესაზღვრათ, ამნისტირებული აღმოჩნდა და შესაბამისად, ისინიც სრულად გამართლდნენ.

ამ საქმეში პატიმრები მხოლოდ ახალაია და გაგა მკურნალიძე იყვნენ. დანარჩენებს წინასწარი პატიმრობისგან თავის დასაღწევად გირაო აქვთ გადახდილი, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ეს თანხები უკან დაუბრუნდებათ.

რვავე ბრალდებულის განაჩენის შემდეგ, დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. შეკავებულმა ემოციებმა სასამართლოს დერეფანში, შემდეგ კი ეზოში გადაინაცვლა. მილოცვებს იღებდნენ ახალაიას ოჯახის წევრები და სიხარულისგან ატირებული მეუღლე, ანი ნადარეიშვილი.

ბრალდებულმა კიკაბიძემ მოსამართლეს "გამბედაობისთვის" მადლობა გადაუხადა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობდა და გამამართლებელი განაჩენი მათთვის მოსალოდნელი იყო.

სანამ ეზოში ახალაიას მხარდამჭერები კმაყოფილებას გამოხატავდნენ, არ გამოჩენილან ამ საქმეზე პროკურორები - ბაჩიაშვილი, კობაიძე და ნადარეიშვილი.

მოგვიანებით კი, პროკურორმა სასამართლოს ეზოს მარჯვენა მხარეს დაიბარა ჟურნალისტები. ირაკლი ნადარეიშვილმა თქვა, რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატური იყო და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბაჩო ახალაია ერთ საქმეში გამართლდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საპყრობილეს დატოვებს - ჯერ კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს - შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების საქმე და 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის საქმე.

სპეცრაზმელებზე განაჩენი ამ თვეში უნდა გამოიტანონ, ბუნტის საქმეც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე დასრულდება. ბაჩო ახალაიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დარჩენილ ორ საქმეშიც ბაჩო ახალაიას გაამართლებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ხათუნა გაგნიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ