"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა რამიშვილი "გააპიარებს". გიორგი მარგველაშვილის კომენტარის მოპოვება მალე მისი "აკრედიტაციის გარეშე" შეუძლებელი გახდება. "ამბები.გე"-ს კითხვას, როდის დაინიშნა თანამდებობაზე, შალვა რამიშვილმა არ უპასუხა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატთან საკონტაქტო პირი "სახალხო კრების" პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, თინათინ მჟავანაძეა.
"ვინ იქნება PR, ამას საზოგადოება საარჩევნო შტაბის პრეზენტაციის შემდეგ შეიტყობს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - განუცხადა "ამბები.გე"-ს შალვა რამიშვილმა.
სრულფასოვანი პიარკამპანიისთვის "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს პირადი ოპერატორიც ჰყავს. როგორც შევიტყვეთ, შალვა რამიშვილმა ისიც "მაესტროდან" წაიყვანა.
რამიშვილი ამ ეტაპზე საპრეზიდენტო კანდიდატის პიარკამპანიას გეგმავს, თუმცა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, შესაძლოა, პრესსპიკერის ან მრჩევლის პოსტიც დაიკავოს.
ნინო წივწივაძე