პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა

პედაგოგთა გამოცდების შედეგმა მშობლები აღაშფოთა

სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგით, მშობლების უმეტესობა შეშფოთებულია. შექმნილ ვითარებას პედაგოგების გაუნათლებლობასა და სახელმწიფოს უყურადღებობას აბრალებენ. პრობლემის გამოაშკარავების შემდეგ, ისინი მის სასწრაფო მოგვარებას ითხოვენ. მასწავლებლების ნაწილის ინფორმაციით კი, სასერტიფიკაციო გამოცდები, წინა წლებთან შედარებით, გამარტივებული იყო.

ქვეყანაში გაუნათლებლობის პრობლემა დიდი ხანია, არსებობს. წლების წინ ამ სფეროში გატარდა რეფორმა, რასაც ხელისუფლება ერთ დროს პროგრესულ ნაბიჯად აფასებდა. დღეს ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგის მიხედვით, 356 პედაგოგიდან 342-მა ფიზიკაში ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, მათემატიკაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ს შეადგენს, ქიმიაში - 91%-ს, ბიოლოგიაში კი - 77%-ია.

მასწავლებლებს ზღვარის გადალახვა გაუჭირდათ დანარჩენ საგნებშიც, სამოქალაქო განათლებაში, ეს მაჩვენებელი 82.6%-ია, სახვით ხელოვნებაში - 74%. ისტორიასა და გეოგრაფიაში შედარებით უკეთესი შედეგი დაფიქსირდა - 57-49%.

"რეზონანსი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ თავად მშობლები ამ სავალალო შედეგის გამო. როგორც აღმოჩნდა, მომხდარს ყველაზე მძაფრად ისინი განიცდიან. ერთ-ერთი მათგანია ელენე დადვანიც:

"საქართველოში გაუნათლებლობის პრობლემა დიდი ხანია, დგას. ის, რომ ჩემი შვილი წიგნიერების დონით სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებს ჩამორჩება, პირველ რიგში, სკოლის ბრალია. ყველას არ აქვს საშუალება, ბავშვს ევროპაში მისცეს განათლება. წიგნთან კონტაქტი თავიდანვე შევაყვარე, გამოვუმუშავე მის მიმართ ინტერესი, პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება, თუ კარგი მასწავლებელი არ ეყოლება. პირველივე კლასიდან გაკვეთილზე ყოველთვის მომზადებულს ვუშვებ.

აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ბავშვს უნდა, სათანადო ცოდნასაც მიიღებს, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. თუ მასწავლებლებმა ზღვარი ვერ გადალახეს, ჩემს შვილს რა უნდა ასწავლონ? არ ვიცი, ეს გაუგებრობაა თუ რეალური სურათი.

გამოცდების შედეგი თუკი მართლაც პედაგოგთა გაუნათლებლობაა, მაშინ სახელმწიფომ გამოსავალზე სასწრაფოდ უნდა იფიქროს და შემდეგ რაღაც ზომას მიმართოს. არ მინდა, ამის გამო ჩემი შვილი დაიჩაგროს და შესაბამისი განათლება ვერ მიიღოს. ცოდნა ხომ გარანტიაა, მომავალი კეთილდღეობისა. ამაში უამრავ თანხას და ენერგიას ვდებ", - ამბობს ელენე დადვანი.

ელენესგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ნატა დოლიძეს. მიუხედავად არსებული მონაცემებისა, მას მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლია და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.

"ჩემი შვილის მასწავლებლებით კმაყოფილი ვარ. ბავშვს ნამდვილად კარგ ცოდნას აძლევენ. იციან საკუთარი საგანი და სთხოვენ კიდეც მის მომზადებას. ბევრ მშობელს უთქვამს, ჩემ დროს უკეთესი სწავლა იყოო, მაგრამ ასე არაა. გარდა ამისა, მასწავლებლის დამოკიდებულებაც მშობელთან და ბავშვთან მიმართებაში შეიცვალა. ადრე თუ უმაღლესი შეფასებისთვის საჩუქრის მიტანა იყო საჭირო, ახლა ამისთვის ცოდნას ითხოვენ.

რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგების ჩაჭრას, არ ვიცი, რისი ბრალი უნდა იყოს. შეიძლება თვითონ სისტემაა გაუმართავი, შეიძლება დრო არ ეყოთ ან ტესტები მკაცრად გასწორდა. მასწავლებლებს გაუნათლებლობას ნამდვილად ვერ დავწამებ. მე კმაყოფილი ვარ მათი ცოდნის დონით", - ამბობს ნატა დოლიძე.

განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობასთან ასოცირდება. ეს არის სახელმწიფოსა და მშობლის უპირველესი მიზანი. მიუხედავად ვითარების გამოსწორების არაერთი მცდელობისა, პრობლემა ისევ მოუგვარებელია. ეს ფაქტი აღიზიანებს მშობლების უმეტესობას. მათი სურვილია, ბავშვმა ხარისხიანი განათლება მიიღოს.

"ის, რომ სკოლებში კიდევ გაუნათლებლობაზე საუბრობენ, სახელმწიფოს ბრალია. ამდენი ხანია რეფორმას ატარებენ და რა გახდა, რომ არაფერი გვეშველა? რამდენი წელი შეიძლება საკმარისი არ იყოს მის სრულად აღმოსაფხვრელად, მაგრამ ოდნავ წინ მაინც, ხომ უნდა წავსულიყავით.

სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგმა, სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა და ამაღელვა. ზოგადად ვიცოდი, რომ პრობლემა სკოლებში იყო, მაგრამ ასეთ სურათს თუ მივიღებდით, ნამდვილად არ მეგონა. აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს ამის გამოსასწორებლად სწრაფი მოქმედება, მაგალითად, ჩაუტარონ მასწავლებლებს გადამზადება, ტრენინგები. ამის სახსრები უნდა გამოინახოს.

ეს შედეგი მარტო მასწავლებლების ბრალი არაა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ განათლების ფასი არ ვიცით და სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ასეთ საჭირო კადრებს.

მე, როგორც მშობელი, ამ ფაქტით შეწუხებული ვარ, რადგან ბავშვი აზროვნებას სკოლაში ეჩვევა. თუ პედაგოგს არ ექნება კარგი ბაზისი, ბუნებრივია, ცოდნას ბავშვსაც ვერ გადასცემს. მასწავლებლებზე ზრუნვა აუცილებელია. იგი ჩემსა და სხვის შვილებზე მომავალში დადებითად აისახება", - ამბობს ლია ხვედელიანი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, რატომ აჩვენეს მასწავლებლებმა ასეთი მძიმე შედეგი და მიზეზის გარკვევას თავად პედაგოგებთან შევეცადეთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ წლეულს შედარებით მარტივი ტესტები იყო და ერთადერთ პრობლემად დროის სიმცირე დაასახელეს.

"მიმაჩნია, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო. სულ 15 საკითხი მოვიდა, მეორე დღეს კი ზეპირი ჩავაბარეთ. სასერტიფიკაციო გამოცდები ბევრად გამარტივებული აღმოჩნდა. წინა წლებში კითხვები შედარებით რთული, დრო კი ნაკლები გვქონდა. შარშან მუშაობისთვის განსაზღვრული სამ საათ ნახევარი იყო, ახლა იგი 4 საათამდეა გაზრდილი.

მიუხედავად ამისა, დროის უკმარისობა მაინც იგრძნობოდა. კარგი იქნება, თუ იგი 5 საათამდე გაიზრდება. ეს საკითხი მარტო მე არ მაწუხებს, ბევრი გახლდათ ისეთი ჩემს სექტორში, ვისაც დრო არ ეყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ტესტები, რომლებიც დაგვირიგეს, 4 ნაწილად იყო დაყოფილი. ზღვარის გადალახვა თითოეულში აუცილებელია, თორემ საერთოდ არ გაგისწორებენ. მაგალითად, ზოგმა თემა ვერ მოასწრო და ამის გამო ნაშრომს აღარ შეუმოწმებენ", - ამბობს უცხო ენის პედაგოგი ანა კიკაჩეიშვილი.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია