პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ. ტერენტი გრანელზე შეყვარებულ პოეტს 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც- ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა. ახლა რომანზე მუშაობს, რომელსაც საკმაოდ სკანდალური სახელწოდება ექნება,-''აღსარება ''ფეისბუქით'' . პეტრე კოლხს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ხშირად მსმენია მეგობრებისგან, რომ უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ, ამას საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი. ჩემი ბავშვობა არც შემდგარა. ვფიქრობ, ბავშვი ახლა უფრო ვარ. ჩემს შვილებთან ერთად გავდივარ ამ წლებს ხელახლა. მაკლდა ეს წლები ნამდვილად, ეს კარგიც არის და ცუდიც. როგორც მაცხოვარი ბრძანებს, თუ არ იქნები ბავშვი, ვერ შეხვალ ცათა სა-სუფეველში. არ შეიძლება მისტიროდე იმას, რაც არასდროს გქონია და შეიძლება არც არასდროს გქონდეს.

- რა არ გქონიათ, რა გაკლდათ?

- განა რამე მაკლდა, უბრალოდ, ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. ან ყველაფერი უნდა მქონოდა, ან არაფერი. ეს ხასიათი გამომყვა დღემდე. ჩემი ბავშვობის წლები არაფრით ყო-ფილა გამორჩეული. დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, მამა- სატყეო მეურნეობის ხელმძღვანელი. წალენჯიხის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის ვამაყობ ჩემი რაიონით. თუკი რამ კარგი არის ჩემში, იმ კუთხის დამსახურებაა. თქვენ რასაც ბავშვობას უწოდებთ, იმ ასაკში გავეცანი ტერენტი გრანელის ცხოვრებას. დღემდე აჩრდილივით დამყვება მისი შემოქმედება. ტერენტი წალენჯიხიდან იყო. ის მისტიკოსი პოეტი გახლდათ და იმ ადამიანებთან იყო ახლოს, რომლებიც მისტიკით შეპყრობილნი და მუდმივად უკმაყოფილონი არიან. ახლა ვაჟა-ფშაველას სიტყვები მახსენდება: ''მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვარ შეწუხებული'' . აი, ასეთი ბავშვობა მქონდა, მუდმივად შეწუხებული, მუდმივად უკმაყოფილო, რაღაცის ძიებაში ვიყავი. ამ ძიებაში ტერენტი გრანელი მეხმარებოდა. ''მე მინდა გაფრენა, მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი'' ან ''არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა'' . ეს ''რაღაც სხვა'' ჩემთვის იყო საკრალური, ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი, რის გამოც დაავადებული ვიყავი. ამ პოეტმა დამაავადა. ამისთვის მას დიდი მადლობა. ბევრისთვის ტერენტი პესიმისტი, ღმერთის მგმობელი, სევდის, მელანქოლიის, სიკვდილის მომცემი პოეტი იყო, მაგრამ ეს მათთვის, ვინც ზედაპირულად იცნობს მის პოეზიას. ჩემთვის ტერენტი არის პოეტი, რომელმაც ღვთის გზაზე დამაყენა, შემაძლებინა მეფიქრა ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, სულის ცხონებაზე.

- მშობლებზე რას გვეტყვით?

- მამასთან არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა. მკაცრი, კოლხური გარეგნობისა და ბუნების ადამიანი გახლდათ. არასდროს მიგრძნია მამის სითბო, მკაცრად და ასკეტურად გავიზარდე. ვერც ვეფერებოდი და ვერც მისგან ვგრძნობდი სიყვარულს. ეს უკვე დიდი სასჯელი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, ამან დადებითად იმოქმედა ჩემზე. თუ ვინმე იტყოდა ჩემზე, ნიჭიერი, წიგნიერი და ყოჩაღიაო, გულში ალბათ ამაყობდა, მაგრამ საჯაროდ ამას არ შეიმჩნევდა. შეეძლო სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფაც კი მოეყენებინა. დედამ წიგნი შემაყვარა. თავადაც უყვარს კითხვა. ღამეებს ათენებდა ბუხართან წიგნის კითხვაში. სარკმლიდან მზის პირველი სხივი რომ შემოიჭრებოდა, მერეღა ხვდებოდა, რომ ალიონი იყო, საქმე იწყებოდა. მისგან ვსწავლობდი, რა წიგნი უნდა წამეკითხა და შემდეგ ერთად ვარჩევდით ამა თუ იმ წაკითხულ წიგნს.

- როგორ ცხოვრობდით, გაჭირვება გინახავთ?

- არც გვიჭირდა და არც გვილხინდა. ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, არაფრით გამორჩეული. არც მე მქონდა დიდი მოთხოვნები. მას მერე, რაც ტერენტის ვეზიარე, რომელმაც სიცოცხლე დალია იმის გამო, რომ ლუკმაპური ენატრებოდა, რა მოთხოვნები უნდა მქონოდა.

- იმ ასაკშიც იცნობდით ტერენტის შემოქმედებას?

- ვიცნობდი და არა მხოლოდ ვიცნობდი. ვგრძნობდი, რომ ჩემში ტერენტი შემოვიდა... 10 წლიდან ქალაქში ვიზრდებოდი, შესაბამისად, მიწასთან მუშაობაც არ ვიცოდი. მამაჩემი ამბობდა, ეს არ შემოიყვანოთ ყანაში, ბალახის ნაცვლად სიმინდს ან ლობიოს მოგლეჯსო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია