21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია

21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში დანის ტარება აკრძალულია

ისევ აქტუალურია ახალგაზრდებს შორის ჩადენილი დანაშაულები. თითქმის ყველა ჩვენგანს გვესმის, ქუჩაში როგორ კამათობენ ახალგაზრდები, როგორ იგინებიან დედის მისამართით და უშვერი სიტყვებით როგორ ლანძღავენ ერთმანეთს. თუმცა, ხშირად ამას არ სჯერდებიან და რაც ყველაზე საგანგაშოა, უმნიშვნელო კონფლიქტის გამო შეუძლიათ, ხელში დანა აიღონ და თანატოლი სასიკვდილოდ გაიმეტონ. სამწუხაროდ, ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ამჯერად კონკრეტული ფაქტების ჩამოთვლას არ დავიწყებ. ფაქტია, მსგავსმა ქუჩურმა გარჩევებმა და კამათმა ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი ადამიანი იხდის სასჯელს ციხეში თანატოლის მკვლელობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის. ბუნებრივია, ამით მათი ცხოვრებაც ინგრევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ცივ იარაღს ახალგაზრდების დიდი ნაწილი ატარებს და ეს კვლავ სერიოზული პრობლემაა. ყოველდღიურად ძალოვანები ათობით ადამიანს აკავებენ დანის ტარებისთვის. მათ შორის ბევრი სკოლის მოსწავლეა და ამის გამო ნასამართლევის სტატუსის მატარებელი ხდება.

ახალგაზრდების დიდ ნაწილს რატომღაც ცივი იარაღის ტარების გარკვეული ტრადიცია აქვს. ბევრი შესაძლოა, არც არასდროს ყოფილა კანონდარღვევაში შემჩნეული, მაგრამ ჯიბეში დანა მაინც უდევს. ამბობს - ცივ იარაღს ჩემი მეგობარი ატარებს და უბრალოდ, მეც მინდოდა, ეს ნივთი მქონოდა, არავის არაფერს ვუშავებო.

დღეს ინტერნეტიც აჭრელებულია რეკლამებით და ფირმები მსურველებს ათასანაირ დანას სთავაზობენ. მაგალითად, 30 ლარად შეგიძლია ინტერნეტით დანა შეიძინო. "იდეალური დანა ნადირობისა და ლაშქრობისთვის. დანის პირი დამზადებულია მაღალი ხარისხის, უჟანგავი ფოლადისგან", - აღნიშნულია განცხადებაში და თან ერთვის დანის ფოტო. სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დანის შეძენა მსურველს. ძალოვნის თქმით, დანის გაყიდვისას არავინ აქცევს ყურადღებას, მყიდველი რამდენი წლისაა და არასრულწლოვნები ამ გზით თავისუფლად ახერხებენ დანის შეძენას.

რაც ყველაზე საყურადღებოა, ბევრმა თურმე არც იცის, რომ დანის ტარებისთვის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. არადა, გასულ წელს ეს საკითხი დეპუტატმა გიგი წერეთელმა წამოჭრა და მაშინ მან შესაბამისი კანონპროექტიც წარუდგინა პარლამენტს. წერეთელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანა მოითხოვა. ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება კანონით იკრძალება. თუმცა, როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრ ახალგაზრდას არ აქვს.

ამ დღეებში დანის ტარებისთვის სრულწლოვანი ახალგაზრდაც დააკავეს.

"ჩემი შვილი 20 წლისაა, ჯარში მსახურობს, საკონტრაქტო სამსახურშია, ხელში ავტომატი უჭირავს და პოლიციელებმა ქუჩაში იმის გამო დააკავეს, რომ ჯიბეში პატარა დანა უპოვეს. პასპორტი მოსთხოვეს, ნახეს, 21 წლის არ იყო და საქმე აღიძრა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. ნამდვილად არ ვიცოდი, დანის ტარება სრულწლოვან ბიჭს რომ არ შეეძლო. არც ჩემმა შვილმა იცოდა, თორემ ის კანონს არ დაარღვევდა. სასჯელს ვერ ავცდით. ვინაიდან პირველი შემთხვევა იყო, 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს და ერთი თვის ხელფასის გადახდამ მოუწია. ამის შესახებ ხალხს ინფორმაციას რატომ არ აწვდიან? რომ მცოდნოდა, ბავშვს ვეტყოდი და არ ატარებდა. ვიცოდი, დანა რომ ჰქონდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ცუდი საქმისთვის არ გამოიყენებდა. ეს გარემოებები არავინ გაითვალისწინა და ჯარიმა გამოგვიწერეს", - მითხრა ბატონმა გიორგიმ. მან გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა. როგორც გაირკვა, პატრულის თანამშრომელმა შემთხვევით მის ჯიბეში დანა შენიშნა და ამიტომ გააჩერა. როგორც წესი, პატრულს თუ არ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, პირის ქუჩაში ჩხრეკა არ შეუძლია. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მითხრა, დანის აღმოჩენა პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით - ზაფხულში, რადგან გამოსაჩენ ადგილას უდევთ ახალგაზრდებს დანებიო.

- არასრულწლოვნების მიერ ცივი იარაღის ტარება საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და ეს საფრთხეს პირველ რიგში მათ უქმნის. უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდა გაუაზრებლად იყენებს დანას და ხშირად ეს ფატალური შედეგით მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების დაცვა ამ მავნე ჩვევისაგან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შედეგები თავიდან ავიცილოთ. ამოღებულ დანას ექსპერტიზა უტარდება და შემდეგ დადგინდება, ის ცივ იარაღთა კატეგორიას განეკუთვნება თუ - არა. როგორც წესი, თითქმის ყველა სახის დანის ტარება ისჯება და სამწუხაროდ, ამაზე ინფორმირებული არ არის საზოგადოება. ვურჩევ მშობლებს, 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ახლობლებს, მიაქციონ ყურადღება და არ მისცენ მათ მსგავსი ნივთებით სიარულის უფლება.

- კანონით როგორ რეგულირდება ეს მუხლი?

- 238-ე პრიმა მუხლი არეგულირებს ამ საკითხს. თუ პიროვნება 21 წელსაა მიღწეული და ის არ არის ადრე ნასამართლევი, არ აქვს წარსული შებღალული, შეუძლია, ცივი იარაღი ატაროს. 21 წლამდე კი აკრძალულია ცივი იარაღის ტარება. ბოლო დროს ახალგაზრდებმა მასობრივად დაიწყეს დანებით სიარული. მაგალითად, წუხელ მორიგე ვიყავი და თბილისში 16 ახალგაზრდა დავაკავეთ დანის ტარებისთვის. ბოლო 4 დღეში 48 ადამიანი გამოვავლინეთ. თითქმის ყველა შემთხვევა იყო პირველი და ამიტომ 500-500-ლარიანი ჯარიმით გათავისუფლდნენ. როგორც წესი, თუ პირი არასრულწლოვანია, მისი დაკითხვა მშობლის თანდასწრებით ხდება. Gგასაკვირია, მშობლებიც ამბობენ, ვიცოდით ჩვენი შვილი დანას რომ ატარებდა, მაგრამ არ დაგვიშლია, რადგან არ ვიცოდით, ეს თუ კანონით ისჯებოდაო.

- რა ტიპის დანებს ატარებენ ახალგაზრდები?

- პატარა დანებს, მაგრამ ეს იკრძალება. როგორც წესი, უდევთ შარვლის პატარა ჯიბეში, გამოსაჩენ ადგილას და ამით ამის აფიშირებას აკეთებენ. ბევრს ჩამოკიდებული აქვს დანა გასაღების ჩამოსაკიდზე და ხელში ატრიალებს. სპეციალურად ისეთ ადგილებში აქვთ, რომ მეორე ადამიანმა დაინახოს. არ მალავენ. ძირითადად, მოდაშია შვეიცარიული დანები და ამის გამოწერას ინტერნეტით ახერხებენ. გუშინ პატარა ბიჭი მოდიოდა ქუჩაში, დანას ხელში ათამაშებდა და გავაჩერეთ. აღმოჩნდა 18 წლის. იგივე პასუხი ჰქონდა, - არ ვიცოდი, აკრძალული თუ იყოო. რატომღაც კანონს ყურადღებას არ აქცევენ.

- ჩხრეკას ვერ ატარებთ და აღმოჩენა რა გზით ხდება?

- განსაკუთრებით იოლია ზაფხულში გამოვლენა. ქუჩაში მიდის ახალგაზრდა და ვხედავთ, როგორ უდევს ჯიბეში დანა. მართლა არ მალავენ. ბოლო დროს ანალიზი გაკეთდა და გაირკვა, რომ ცივი იარაღის ტარება მოდად იქცა. ჯარიმა პირველ შემთხვევაშია 500 ლარი. თუ მეორედ იმავე პირს დავაკავებთ, მაშინ მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმის დანას ატარებ, პატარა დანითაც შეიძლება ადამიანი დაჭრა. სკოლის წარჩინებული მოსწავლე დავაკავე, შეწუხებული იყო მშობელი, - ჩემს შვილს სულ ვაკონტროლებ, გამოცდებიც უმაღლეს ქულებზე ჩააბარა და იმის გამო როგორ უნდა შეებღალოს წარსული, დანა ჯიბეში რომ ედოო. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ყველას, შეამოწმონ შვილები, მათ აუკრძალონ ცივი იარაღის ტარება და მერწმუნეთ, ამით დანაშაულსაც ავიცილებთ. ბევრი შეიძლება არც იყოს დანაშაულისკენ მიდრეკილი და მხოლოდ იმის გამო ატარებდეს, რომ უბრალოდ მის მეგობარსაც აქვს დანა, მაგრამ კანონი კანონია და მისი დაცვა ყველა მოქალაქეს ევალება.

საქართველოს პატრიარქიც შეაშფოთა ქუჩაში მომხდარმა დანაშაულებმა და წლების წინ მან მრევლს მოუწოდა, ჯიბით დანა არ ატარონ. "ძალიან ვწუხვარ, რომ ხშირია მკვლელობები. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ადამიანი სასიკვდილოდ იმეტებს მეორეს. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ეს სამარცხვინოა. მე ვთხოვე მოსწავლეებს, სტუდენტებს და ახლა მოგმართავთ ყველას, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რადგან ქართველი ადამიანი იმდენად ემოციურია, რომ ყველაფერი ავიწყდება და კლავს სხვა ადამიანს. ამიტომ ყველას მოგმართავთ, არ გინდათ, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რომ ეშმაკმა არ გამოგიყენოთ თქვენ", - ბრძანა უწმინდესმა მაშინ, თავის საკვირაო ქადაგებაში. მორწმუნე ახალგაზრდებმა პატრიარქის ეს მოწოდება მაშინ აიტაცეს. თუმცა, ალბათ უწმინდესის სიტყვების შეხსენება ახალგაზრდებისთვის არც ამჯერად იქნება ზედმეტი, ხშირად რომ გაიხსენონ მისი კურთხევა და დანა არ ატარონ ჯიბით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ