მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ, სახელმწიფოს სათავეში მესამე ხელისუფლება მოვიდა. პრეზიდენტები და მთავრობის წევრები იცვლებიან, აფხაზეთიდან დევნილების მდგომარეობა - არა. ზუგდიდის რაიონს "სიდას" მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში ვესტუმრეთ და იქ მცხოვრები დევნილები მოვინახულეთ. "აქ ვინ აღარ მოსულა, შვილო, ყველას ვეცოდებით, ტირიან, მერე მიდიან, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება", - მეუბნება შუახანს მიტანებული ქალბატონი და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს.
დაკარგული აფხაზეთის ტკივილი, დევნილობაში გატარებული წუთისოფელი, ნაცრისფერი, ნესტიანი ყოველდღიურობა, თავზე ჩამოქცეული ჭერი და პოლიეთილენის პარკებაკრული ფანჯრები, სადაც მზის სხივი არ აღწევს, - ასეთია თვეში 28 ლარის იმედად მყოფი დევნილების ცხოვრება. ძალიან ძნელია, 20 წელი ამ პირობებში იცხოვრო და არ გატყდე. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებული ადამიანები (60 ოჯახი) მძიმე ყოფას ერთმანეთს თანადგომით უმსუბუქებენ.
"ამ კორპუსში ოფიციალურად, 4 ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ცხოვრობს", - მეუბნება არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული კავკასიის სახლის" ხელმძღვანელი ქეთევან ჯობავა.
ერთ-ერთის ოჯახის მოსანახულებლად შენობაში შევდივართ. ბნელი და ნესტიანი დერეფნის ბოლოს ქალბატონი გვხვდება (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ). შინ არ გვეპატიჟება, მაგრამ გვიყვება, შვილებთან ერთად აფხაზეთი როგორ დატოვა. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. 21 წელია, დევნილობაში ცხოვრობს. მისი ქალიშვილი სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ ერთ დღეს გაიღვიძა და დედას შესჩივლა, - თავი მტკივაო. მერე არეულად ლაპარაკი დაიწყო და... ექიმებმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. "მკურნალობამ შედეგი გამოიღო, მაგრამ მალე მდგომარეობა ისევ დამძიმდა. ახლა აქ, ამ ოთახში მყავს ჩაკეტილი", - გვეუბნება და ბოქლომის გახსნას იწყებს. ღია კარიდან ვხედავთ 35 წლის გოგონას, რომელიც იატაკზე ზის. მისი ქმედებები გაუაზრებელია, ჩვენკენ არ იხედება.
"აი, მთელი დღე ასე ზის, არავისთან ურთიერთობს. სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა და წამლები სჭირდება. გადავწყვიტე, ხონში, ფსიქიატრიულში წავიყვანო და დავტოვო. აფხაზეთიდან რომ გადმოვედით, კარგად იყო, არაფერი ეტყობოდა; შესაძლოა, მიღებულმა სტრესმაც იმოქმედა. მეორე შვილიც ავადმყოფი მყავს... ასეთი მძიმეა ჩემი ცხოვრება".
რითი გინდა, ამ მდგომარეობაში მყოფი დედა ანუგეშო? ქალბატონს პრობლემის მოგვარებაში დახმარება და მისი მდგომარეობის შესაბამის ორგანოებამდე მიტანა შევთავაზეთ, მაგრამ იუარა. გვითხრა: ხონის ფსიქიატრიულში ჩემი მდგომარეობა იციან და აგვისტოში უნდა წავიყვანო შვილიო.
ზუგდიდის საავადმყოფოს ყოფილი შენობა "ბლოკ ჯორჯიას" ეკუთვნის. დევნილებს აქვთ ინფორმაცია, რომ მათთვის საცხოვრებელი თბილისის ქუჩაზე შენდება. ამ 20 წლის მანძილზე, მათი გვირაბის ბოლოს სინათლე პირველად გამოჩნდა. იმედი აქვთ, რომ აღარაფერი შეიცვლება და მალე ადამიანური ცხოვრება ეღირსებათ.
ზუგდიდში ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის სამზარეულოში 12 ოჯახი ცხოვრობს. მობინადრეებს შორის 21 მცირეწლოვანი ბავშვია, 1 - ლეიკემიით დაავადებული. ეზოში ონკანი საერთოა, აბაზანა არ აქვთ. საცხოვრებელ კორპუსს ჭერი დაზიანებული აქვს, ამიტომ წვიმიან ამინდში სახლში ქოლგებს შლიან.
"1993 წელს გალიდან რომ წამოგვიყვანეს, ხან სად გვატარეს, ხან - სად. სკოლის შენობაშიც შევედით, მაგრამ გამოგვყარეს. მერე მამაკაცებმა ეს მიტოვებული ნაგებობა იპოვეს, წყალი ჩამოდიოდა, ცელოფანები დაახურეს, ნაგავი გაიტანეს და შევსახლდით", - მეუბნება მაყვალა ხურცილავა და მეგზურობას მიწევს.
ირინა სიჭინავა:
- ჩემს 4 წლის შვილს ლეიკემია აქვს. 6 თვის ასაკში დაავადდა და მას შემდეგ ვმკურნალობთ. მხოლოდ 1 ოთახი გვაქვს და იქაც თავზე გვაწვიმს. 2 შვილი მყავს, ხშირად მიცივდებიან. ახლაც, ბავშვი თბილისში რომ წავიყვანო, სოციალური დახმარების თანხას ველოდები. მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ 150 ლარი მაინც მჭირდება. ბავშვს პენსია - 70 ლარი აქვს და მხოლოდ ეს არის ჩვენი შემოსავალი. დიდი ხანია, მეუღლე სამსახურს ეძებს და ვერ იშოვა.
"დიდი წვიმის დროს ბავშვებს ადგილობრივები ვიფარებთ. გავიგე, ჟურნალისტები მოვიდნენო და გადმოვედი. მინდა, ამ გაჭირვებულ ხალხს 2 სიტყვა შევაწიო. უაღრესად პატიოსანი ადამიანები არიან. ყველას თავი შეგვაყვარეს და მათ მდგომარეობას ძალიან განვიცდით. იქნებ ახლა მაინც ეშველოთ", - ჩაგვერთო საუბარში დევნილების ზუგდიდელი მეზობელი ნელი მალაზონია.
ნახევრად დანგრეული შენობა დავათვალიერე. თან ვფიქრობდი, - რაც აქ ვნახე, როგორ აღვწერო-მეთქი? ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებით სიმძაფრეს ვერ გადმოსცემ, ამიტომ ეს საქმე ჩემს ფოტოაპარატს მივანდე. ერთ-ერთ ოჯახში სასიამოვნო მოულოდნელობას გადავაწყდი: წიგნების პატარა თარო ჰქონდათ, სადაც ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოცემული "ჩემი რჩეულის" ტომები ეწყო. მასპინძელი გაკვირვებას მამჩნევს და მეუბნება: "ჩემს რძალს წიგნები ძალიან უყვარს. შეუძლია, ყველაფერი მოიკლოს და წიგნი იყიდოს". ეს თარო იმ სიდუხჭირეში მზის სხივივით ანათებდა. გარდა იმისა, რომ "ჩემი რჩეული" "გზის" წარმატებული პროექტია, ნანახის შემდეგ ჩემთვის ის ადამიანური სიძლიერის სიმბოლოდაც იქცა.
გალელი და ოჩამჩირელი დევნილების ნაწილი ჩვენს სტუმრობას ეჭვის თვალით უყურებს, რადგან იმედი აქვს დაკარგული. იმის დაჯერება უჭირთ, რომ შესაძლოა, მომავალში მაინც, მათზე ვინმემ იზრუნოს.
- როდისთვის არის დაგეგმილი დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა და იქნება თუ არა საცხოვრებელი ფართები დევნილთა რაოდენობისთვის საკმარისი?
ირაკლი ქოჩუა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
- დევნილთა რაოდენობის ზუსტი ციფრის დასადგენად 1-ლი აგვისტოდან ხელახალი რეგისტრაცია იწყება, რის შედეგადაც დასახელდება, მთლიანად ქვეყანაში და რეგიონში რამდენი დევნილი გვყავს. მოგეხსენებათ, მათი დიდი უმრავლესობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ამჟამად ზუგდიდში დაწყებულია ბინების მშენებლობა. 8 საცხოვრებელი კორპუსი 256 ოჯახზეა გათვლილი. რამდენიმე დღეში დაიწყება ზუგდიდში ე.წ. სააფთიაქო სამმართველოს კორპუსის რეაბილიტაცია, სადაც 74 ოჯახი შესახლდება. ფოთში 280-ბინიანი კორპუსი აშენდება, ხოლო სენაკში საცხოვრებელი ფართი 18 ოჯახისთვის გამოიყოფა. იმ მშენებლობებზე გელაპარაკებით, რომელიც ოფიციალურად დადასტურებულია: ზოგი დაწყებულია, ზოგი უახლოეს მომავალში დაიწყება. გარდა ამისა, მოძიებული გვაქვს სარეაბილიტაციო შენობები. მომავალ წელს დავიწყებთ მუშაობას წალენჯიხაში, მარტვილში, ხობსა და აბაშაში. თითოეულ რაიონში მინიმუმ 1 კორპუსი მაინც უნდა აშენდეს. ფოთში ბინების მშენებლობა 2014 წლის თებერვალში დასრულდება, ზუგდიდში - ნოემბერში.
- გამოდის, რომ დევნილებს გამოზამთრება ისევ გაუსაძლის პირობებში მოუწევთ.
- ვიცით მათი მდგომარეობა. პირველ რიგში, გაუსაძლის პირობებში მყოფი დევნილები დაკმაყოფილდებიან. მივიღებთ იმ დევნილების განაცხადებებს, რომლებსაც კონკრეტულად სააფთიაქო სამმართველოს შენობაში (ყველაზე მალე მთავრდება) სურთ ცხოვრება.
- ცნობილია, რომ მათთვის ბინების მშენებლობა ბათუმშიც იგეგმება.
- ბათუმში 30 კორპუსი უნდა აშენდეს, სადაც 1050-მდე ოჯახი შესახლდება. შეიძლება მშენებლობის დაწყება წელსაც მოხერხდეს.
- ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ რამდენი ოჯახი დარჩება დაუბინავებელი?
- ძალიან ბევრი. ზუსტი ციფრის დასახელება ჯერ არ შემიძლია. მთლიანობაში, ყველა მშენებლობის ჩათვლით, 2000 ოჯახამდე დაბინავდება. სამწუხაროდ, წელს დევნილების მდგომარეობის შეცვლა ვერ მოხერხდება. რამდენიმე დღეში მათ სპეციალურ კითხვარებს დავურიგებთ, რომლებსაც შეავსებენ. როგორია მათი საცხოვრებელი პირობები, სოციალური მდგომარეობა, ოჯახში ომში დაღუპული ან დაინვალიდებული თუ ჰყავთ, ყურადღება მიექცევათ მრავალშვილიან ოჯახებსაც... ყველა კრიტერიუმს თავისი ქულა მიენიჭება. რომ არავინ მოიტყუოს, მონაცემების ადგილზე გადამოწმებაც მოხდება. იმედია, ყველაფერი სამართლიანად ჩატარდება.
- მას შემდეგ, რაც დევნილებს ბინები გადაეცემათ, მათ დახმარებები და დევნილის სტატუსი შეუნარჩუნდებათ?
- დიახ. სამინისტროს პოზიციაა, რომ მათ თანხა შეუნარჩუნდეთ. როგორც გავიგე, მომატებაზეც არის ლაპარაკი; კონკრეტული ციფრიც დასახელდა, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით. ახლო მომავალში იგრძნობენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)