მუზეუმის გაქურდვა
1990 წელს, როცა ბოსტონში წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავდნენ და მთელი ქალაქი ლუდის სმით იყო გართული, პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი მოქალაქე იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში "სიგნალიზაციის შესამოწმებლად" შევიდა. მძარცველებმა 13 ტილო მოიპარეს, მათ შორის - რემბრანდტის, მანესა და დეგას ნაწარმოებები. ზარალმა 500 მლნ დოლარი შეადგინა. დღესდღეობით ტილოების ნაცვლად მუზეუმში ცარიელი ჩარჩოები კიდია. მუზეუმის დირექცია იმედოვნებს, რომ ოდესმე ექსპონატები მუზეუმს დაუბრუნდება. დღეისათვის ეს ყველაზე გახმაურებული, გაუხსნელი ძარცვაა.
თავდასხმა ათასწლეულის გუმბათზე
2000 წელს ლონდონში საგამოფენო ცენტრ "ათასწლეულის გუმბათის" მშენებლობა დასრულდა და მასში სხვადასხვა გამოფენა მოეწყო, მათ შორის - ბრილიანტების, რომლის მთავარი ექსპონატი იყო - "ათასწლეულის ვარსკვლავი". 203-კარატიანი უნაკლო ბრილიანტის ფასი 250 მლნ დოლარია. საგამოფენო პავილიონში მძარცველები ავტომატმომარჯვებულები შეიჭრნენ, ბრილიანტი გაიტაცეს და ის იყო, იახტით გაქცევას აპირებდნენ, რომ პოლიციამ ადგილზე დააკავა. საქმე ის გახლდათ, რომ მათზე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა თვალთვალი, რადგან ინკასატორთა მანქანების ყაჩაღობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
ბომბით შეიარაღებული პიცის დამტარებელი
მათ, ვისაც ფილმი - "მოასწრო 30 წუთში" აქვს ნანახი, შესაძლოა, ეს ამბავი ეცნოს კიდეც. თუმცა სინამდვილეში, ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. პიცის დამტარებელი ბანკში შევიდა, მოლარეს ჩეკი გაუწოდა და მაისური აიწია, რათა ყველას დაენახა, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. 15 წუთის შემდეგ პოლიციამ მძარცველი დააკავა. პიცის დამტარებელი ირწმუნებოდა, რომ ბომბი მალე ამოქმედდებოდა და რომ ის აიძულეს, ასე მოქცეულიყო. პოლიციამ მამაკაცს ალყა შემოარტყა, მაგრამ ის გამნაღმველების მოსვლამდე აფეთქდა.
"მონოპოლიის" მოყვარული მძარცველები
1963 წელს მძარცველები ინგლისში საფოსტო მატარებელს დაესხნენ თავს და 2,3 მლნ გირვანქა სტერლინგი (დღევანდელი კურსით - 40 მლნ) გაიტაცეს. მძარცველები უპრობლემოდ მიიმალებოდნენ, ერთ-ერთი საწყობისთვის თავი რომ არ შეეფარებინათ, "მონოპოლის" თამაშით არ გართულიყვნენ და წაგებული მოპარული ფულით არ აენაზღაურებინათ.
ყაჩაღობა იაპონურად
1968 წლის დეკემბერში ბანკის თანამშრომლებს 300 მლნ იენა გადაჰქონდათ. გზაზე ისინი პოლიციელმა გააჩერა იმ მიზეზით, თითქოს ავტომობილში ბომბი იყო დამონტაჟებული და მისი განაღმვა ჰქონდა დავალებული. მამაკაცი ავტომობილის ქვეშ შეძვრა. ცოტა ხანში მანქანას ბოლი გაუჩნდა. მან ყველას განზე გადგომა მოსთხოვა, თავად კი საჭეს მიუჯდა და გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში 120 თვითმხილველი და 110 ეჭვმიტანილი იყო, ეს საქმე დღესაც გაუხსნელია.
დ.ბ. კუპერის საქმე
მამაკაცი, რომელსაც მოგვიანებით დ.ბ. კუპერი უწოდეს, 1971 წლის 24 ნოემბერს სხვა მგზავრებთან ერთად, თვითმფრინავის სალონში მოკალათდა და აფრენის შემდეგ სტიუარდესას გადასცა წერილი, სადაც ეწერა, რომ მას პორტფელში ბომბი ედო. მამაკაცმა 200 ათასი დოლარი და 4 პარაშუტი მოითხოვა. როცა სიეტლში მოთხოვნა შეუსრულეს, მან ყველა მგზავრი გაათავისუფლა; პილოტებს კი მექსიკისკენ გეზის აღება მოსთხოვა. მამაკაცი პორტლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთების თავზე პარაშუტით გადახტა და მას შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია. გასული საუკუნის 80-იან წლებში იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, კუპერი უნდა დაშვებულიყო, 6 ათასი დოლარის ოდენობით ფულის შეკვრა იპოვეს, მაგრამ მძარცველის გვამს ვერსად მიაკვლიეს. ეს ერთადერთი გაუხსნელი დანაშაულია ამერიკის საავიაციო ისტორიაში.
15 მლნ კედელს მიღმა
1982 წელს მძარცველებმა სასტუმროს ის ნომერი იქირავეს, რომლის კედელიც ბანკის კედელს ესაზღვრებოდა. მძარცველებმა კედელი გაანგრიეს, ბანკის საცავი გახსნეს და 15 მლნ დოლარი მიითვისეს.
პრეტენზიული ქურდები
1997 წლის 1-ელ სექტემბერს საფოსტო თანამშრომლებად გადაცმული 5 მძარცველი ციურიხის (შვეიცარია) საფოსტო განყოფილებაში შეიჭრა და 42,9 მლნ დოლარი გაიტაცა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ბოროტმოქმედებმა 11 მლნ დოლარი გზაზე დაყარეს, რადგან ავტომობილში, რომლითაც მიიმალნენ, წვრილი კუპიურებისთვის ადგილი არ ჰქონდათ.
საუკუნის ძარცვა
2003 წლის 14 თებერვალს ლეონარდო ნოტარბარტოლოს ხელმძღვანელობით, მძარცველებმა ანტვერპენის ბრილიანტის საცავიდან 100 მლნ ევროს ღირებულების ბრილიანტები გაიტაცეს. ქურდობას "საუკუნის ძარცვა" უწოდეს. ლეონარდო პოლიციელებმა შემთხვევით დაიჭირეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბრილიანტებს ვერსად მიაგნეს. 2009 წელს ნოტარბარტოლო გაათავისუფლეს, ოღონდ მას ბელგიაში შესვლა და ცხოვრება აეკრძალა.
კომფორტის მოყვარულები
2005 წლის 6 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზაში ქურდებმა ბანკის მახლობლად მდებარე სახლი იქირავეს და 80 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს. შემდეგ გვირაბიდან ბანკის საცავში შეაღწიეს და 76,8 მლნ დოლარი მოიპარეს. მძარცველები კომფორტის მოყვარულები აღმოჩნდნენ: ბანკისკენ გაჭრილ გვირაბში შუქი და ვენტილაცია ჰქონდათ გაყვანილი.
სამხილი ხელთათმანი
2009 წლის 15 თებერვალს სამი მძარცველი ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს მაღაზია Kaufhaus Des Westens-ში შეიჭრა და 5 მლნ დოლარის ბრილიანტები მიითვისა. ერთ-ერთ მძარცველს მაღაზიაში ხელთათმანი დარჩა. დნმ-ის ანალიზი ერთდროულად ორ მამაკაცს - ტყუპ ძმას, ჰასანსა და აბასს ეკუთვნოდა. გერმანული კანონის თანახმად, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უნდა წაუყენონ ბრალდება და რადგან ერთ-ერთი ძმის მხილება შეუძლებელი გახდა, პოლიციელებმა ორივე გაათავისუფლეს.
(გამოდის ხუთშაბათობით)