ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა

ადვოკატს ციხეში ნარკოტიკი სასქესო ორგანოთი ქმრისთვის შეჰქონდა

გასულ კვირას ქსნის დაწესებულებაში მისული ადვოკატი ნარკოტიკის შეტანას უჩვეულო მეთოდით ცდილობდა. მას ნარკოტიკი სასქესო ორგანოში ჰქონდა გადამალული. წამლის შეტანა დანიშნულების ადგილამდე ვერ შეძლო, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ადვოკატი დააკავეს.

სამართალდამცავებმა მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პატიმრისთვის აკრძალული საგნის - ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობაში დასდეს ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს. ამოღებულ ნივთს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გაირკვა, რომ მასში ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველობა მცირე იყო.

26 ივლისს, სასამართლომ ადვოკატ მამუჩაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. პროკურატურამ პროცესზე დაასაბუთა თავისი პოზიცია და ვინაიდან ბრალდებულს მძიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი, მისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა დაკავებულის ადვოკატები ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, ბრალდებული 5.000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ. სხდომაზე ბრალდებულმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულ მამუჩაშვილს გირაოს სახით 10. 000 ლარის გადახდა დააკისრა.

დაკავებული ე. მამუჩაშვილი ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ჩვენი ინფორმაციით, ის არ ასახელებს იმ პატიმრის ვინაობას, ვისთანაც ნარკოტიკი შეჰქონდა. ამ ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ცნობილია, რომ იგი ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, გიგა ბალავაძესთან შედიოდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ გარისკა ადვოკატმა ციხეში ნარკოტიკის შეტანა? ამ კითხვას ის პასუხს არ სცემს. როგორც ირკვევა, ადვოკატი თავიდანვე გაშიფრული იყო. ძალოვანებს ინფორმაცია უკვე ჰქონდათ. ციხის შესასვლელთან მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, იქვე ჰყავდათ ექიმიც და ექოსკოპისტიც. ჩხრეკაზე მისულ ადვოკატს თურმე პირდაპირ უთხრეს, ვიცით, რის შეტანასაც აპირებ და ჯობია, დანაშაული აღიაროო. ეტყობა, ადვოკატიც მიხვდა, გაშიფრული რომ იყო, დანაშაული აღიარა და აკრძალული ნივთი ძალოვანებს ნებაყოფლობით გადასცა.

დაკავებული ადვოკატი პატიმარ გიგა ბალავაძის მეუღლეა, სწორედ იმ პირის, ვისთანაც იმ დროს შედიოდა. თურმე მათ ერთმანეთი წლების წინ, ციხეში გაიცნეს. კრიმინალურ ავტორიტეტ ბალავაძეს, ადრე როგორც სახაზინო ადვოკატი, ისე იცავდა. როგორც ჩანს, პატიმარმა მას თავი შეაყვარა და ციხეში ოფიციალურად გაფორმდა მათი ქორწინება. პატიმართან ოჯახის წევრს შეხვედრა თვეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ცალსახაა, ადვოკატი თავის სამსახურებრივ მოვალეობას იყენებდა ქმართან შესახვედრად და ადვოკატის სტატუსით ციხეში მას ხშირად აკითხავდა.

გიგა ბალავაძე საკმაოდ მძიმე ბრალდებებით იხდის სასჯელს. თავის დროზე ხმაურით მოხდა მისი დაკავება და 23-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯერჯერობით უცნობია, დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანაზე პირის იძულებით დაყოლიების გამო მიეცემა თუ არა ის პასუხისგებაში, თუმცა ამბობენ, მან ცოლს დაურეკა და უთხრა, მანქანით მოგაკითხავენ და ციხეში ის მოგიყვანსო.

სამართალდამცავები ალბათ გაარკვევენ, საიდან აღმოჩნდა ნარკოტიკი ადვოკატის ხელში. ჩვენი ინფორმაციით, იმ პირმა, რომელმაც ის ციხეში მიიყვანა, იქაურობა სასწრაფოდ მას შემდეგ დატოვა, როცა ადვოკატის დაკავების შესახებ შეიტყო. ძალოვანებმა იგი მცხეთასთან დააკავეს. მართალია, სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ადვოკატს ნარკოტიკი სწორედ ამ პირმა გადასცა, მაგრამ ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ბრალდებული ადვოკატი არ ადასტურებს ამ ფაქტს, თავად დაკავებული პირიც აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა აღნიშნულის შესახებ. ამბობს, რომ უბრალოდ, ადვოკატი ციხესთან მიიყვანა. ეჭვმიტანილი პირი ძალოვანებმა იმავე დღეს გაათავისუფლეს და მხოლოდ მოწმის სტატუსით დაჰკითხეს.

მამუჩაშვილი არ არის პირველი ადვოკატი, რომელიც პატიმარ გიგა ბალავაძესთან კანონსაწინააღმდეგო ნივთის შეტანის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს, ანალოგიურ სიტუაციაში კიდევ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა. ადვოკატი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ის შესვლას ბალავაძესთან აპირებდა. მასაც აკრძალული ნივთის შეტანაში დასდეს ბრალი. ჟღენტს პატიმართან შესატანი მობილური ტელეფონი ფეხსაცმელში აღმოაჩნდა გადამალული. გიგა ბალავაძე მაშინ ორთაჭალაში, ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.

გიგა ბალავაძე ხონის მცხოვრებია და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამბობდნენ, ქურდად ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, "დუდუკამ" მონათლაო. "დუდუკა" წლების წინ გარდაიცვალა. გიგა ბალავაძის სახელი ასევე კახი კალაძის ძმის საქმესთანაც იყო დაკავშირებული. მაშინ ითქვა, რომ იგი კალაძეებისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდა. კალაძეების ოჯახს ტელეფონით აცნობეს, - ვიცით, გატაცებული ლევანის ადგილსამყოფელი და იმ ადგილას გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მიგიყვანთო. ფულის გადაცემის ფაქტზე, მაშინ ძალოვანებმა ერთი პირი დააკავეს. ეს ფაქტი გახმაურდა.

გიგა ბალავაძე 2001 წელს ხონის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანის გატაცების ფაქტზე დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მოგვიანებით ძალოვანებმა მისი ძმის, ნოე ბალავაძის წინააღმდეგაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ძალოვანები ირწმუნებოდნენ, - პატიმრობიდან დახსნის მიზნით, მისმა ძმამ, ნოე ბალავაძემ, ბანდის წევრებთან ერთად, რამდენიმე დანაშაული ჩაიდინაო. კერძოდ, 2002 წლის 5 აპრილს, თბილისში, გლდანის რაიონში, საკუთარი ბინიდან გაიტაცეს არასრულწლოვანი ვანიკო ბერბიჭაშვილი, რომლის მშობლებსაც გამოსასყიდის სახით მოსთხოვეს 50.000 დოლარი. აღნიშნული თანხა ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად 4.500 დოლარამდე ჩამოვიდა. გატაცებულის ოჯახის წევრებმა ფული თბილისში მცხოვრებ ნოე ბალავაძის მშობლებს გადასცეს, რის შემდეგაც გათავისუფლდა ბერბიჭაშვილი, ხოლო თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მაშინ ბალავაძეების მშობლები დააკავეს.

ძალიან ხმაურიანი იყო ასევე 2002 წელს, კობა ნარჩემაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ხონში განხორციელებული სპეცოპერაცია. 23 აპრილს, დილის 6 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა სამსახურებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ ორგანიზებული შეიარაღებული დაჯგუფის წევრობაში ედებოდათ ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ისინი 2001-2002 წლებში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე იტაცებდნენ ადამიანებს ფულის გამოძალვის მიზნით და ყაჩაღობდნენ. მაშინ ხონში მცხოვრები გიგას ძმა, ნოე ბალავაძე დააკავეს; ასევე დააკავეს ზუგდიდელი, წარსულში ნასამართლევი გია ქარდავა, ხონელი სერგო დიდიძე, თბილისელი დავით გამხუაშვილი. ჯგუფის ხელმძღვანელად იმჟამად პატიმრობაში მყოფი გიგა ბალავაძე დასახელდა და ითქვა, რომ ის ციხიდან ახდენდა დანაშაულის ორგანიზებას.

კრიმინალურ ავტორიტეტ გიგა ბალავაძეზე 90-იან წლებში ლეგენდები დადიოდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ მაშინ იმასაც ამბობდნენ, მეხუთე საპყრობილეში კარგ აპარტამენტებში მყოფ ბალავაძეს თავის საკანში კრანახის მოპარული ტილო - "აღდგომა" კედელზე უკიდიაო. ეს ის პერიოდია, როცა ქურდები აბანოში გასასეირნებლად დაჰყავდათ. ამბობენ, ბალავაძემ იფიქრა, - ეს ტილო ყველაზე მეტად ციხეში იქნება დაცულიო. შემდეგ თურმე ისიც შეიტყო, ძალოვანები მის საკანში ჩხრეკას და ამ ნივთის ამოღებას რომ აპირებდნენ და სპეცოპერაციას დაასწრო, - ნახატი იქიდან ისე გააქრო, მისი ამოღება ძალოვანებმა ვერ შეძლეს.

გიგა ბალავაძე ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია, მას ბრალი ედებოდა ადამიანების გატაცებაში. ძალოვანთა მტკიცებით, მაშინ დანაშაულების ორგანიზებას საპატიმროდან მობილური ტელეფონის მეშვეობით ახდენდა. კონკრეტულად, დედა-შვილის - ელგუჯა გვილავასა და ელზა კაჭიურის გატაცებაში ამხილეს. ასევე, მისი სახელი დაუკავშირეს თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას შვილის გატაცებას, მას ამ დანაშაულის ორგანიზებაშიც ედებოდა ბრალი.

რაც შეეხება ადვოკატ მამუჩაშვილს, მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს გაიმართება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ