"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ყველა გენპროკურორი ამ მანქანამ ჩაითრია"

"ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალადობა პროკურატურის ხელით ხორციელდებოდა. ჩვენ ასეთი მემკვიდრეობა დაგვხვდა და პროკურატურა უცებ ვერ გარდაიქმნებოდა. ინვალიდის სავარძლიდან ამდგარს სპრინტერობას ვერ მოსთხოვ, ჯერ სიარული უნდა ასწავლო. მთავარია, პროკურატურას გამოჯანსაღებისკენ აქვს ტენდენცია", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მას შემდგომ ჩავწერეთ, რაც ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმე გახსნილად გამოცხადდა:

- რადგან ლევან კორტავას მკვლელობის საქმის გახსნა სამ ეპიზოდში ბაჩანა ახალაიასთვის ბრალდების მოხსნას მოჰყვა, გაჩნდა მოსაზრება, პროკურატურა ამით ეცადა, გადაეფარა ახალაიას სასამართლო პროცესზე განცდილი მარცხი.

- ლევან კორტავა მსჯავრდადებული იყო, როდესაც დაიღუპა და დასადგენი იყო მისი გარდაცვალების გარემოებები. კორტავა რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში განთავსებისას ლევან კორტავა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი შანშაშვილი წაკამათდნენ. შანშაშვილმა საქმის გასარჩევად საქმეში ჩართო სხვა მსჯავრდადებული და კორტავასა და ამ მსჯავრდადებულს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. დამხვედრ მსჯავრდადებულს მხარი დაუჭირეს კიდევ სხვა მსჯავრდადებულებმა. კორტავას ცემაში 6 კაცი მონაწილეობდა, მაგრამ ეს არ დამთავრებულა მძიმე შედეგით. ლევან კორტავას არც გონი დაუკარგავს და როგორც საქმეშია აღწერილი, ცხვირიდან წასკდა სისხლი. ამის შემდგომ ის სხვა საკანში გადაიყვანეს, სადაც მის ცემაში მონაწილე პატიმრებმა და კიდევ სხვებმაც მიაკითხეს და ახლა გაცილებით მეტი პატიმარი გაუსწორდა. სცემდნენ ყველა საშუალებით, ხელებით, ფეხებით, ელექტროჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალების გამოყენებით. კორტავამ გონი დაკარგა და 11 დღის შემდეგ გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი შანშაშვილი 2 აგვისტოს დააკავეს. ის პასუხისგებაში მხოლოდ იმის გამო არ მიუციათ, რომ კორტავასთან საქმის გარჩევა სხვა მსჯავრდადებულს დაავალა, არამედ იმის გამოც, რომ მას ევალებოდა კონფლიქტის აღკვეთა პატიმრებს შორის, ეს არ გააკეთა და პირიქით, წააქეზა ისინი.

საკმაოდ მძიმე მუხლი აქვს წაყენებული (რაც 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) 7 მსჯავრდადებულს, რომლებიც კორტავას ცემაში მონაწილეობდნენ. ასევე სამსახურებრივი გულგრილობის გამო პასუხისგებაში მიეცა გეგუთის კოლონიის კიდევ 2 თანამშრომელი. ესაა კორტავას საქმის შინაარსი. რაც შეეხება ამ საქმის გახსნის ვადას, ცოტა ხნის წინ გადაცემა "რეზიუმეში" ვთქვი, რომ კორტავას საქმე თვის ბოლოს უნდა გახსნილიყო, მაგრამ რადგან ერთი კვირით ვიყავი აშშ-ში, ამიტომ გადაიწია ამის გამოცხადებამ. კორტავას მკვლელობის გახსნა არანაირ კავშირში არ არის ახალაიას სასამართლო პროცესთან.

- ჩემთან საუბარში ბრძანეთ, "მაკდონალდსის" კონვეიერივით ვერ გაიხსნება საქმეებიო, მაგრამ საზოგადოება ელოდება გახმაურებული საქმეების გახსნას. რომელი თაროზე შემოდებული რეზონანსული საქმე გაიხსნა თქვენი მთავარი პროკურორობის პერიოდში? ან რის გამო ჭიანურდება ეს პროცესი?

- რატომ ჭიანურდება? გირგვლიანის საქმეში მეხუთე მონაწილე დავასახელეთ და პასუხისგებაში მივეცით ვანო მერაბიშვილი. გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიების არასწორად წარმართვაში. ასევე პასუხისგებაში მიეცნენ დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომელი ჩხიტუნიძე. კიდევ სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მთავარია, ამ დანაშაულის არსი გავხსენით. არ ვიტყვი, რომ გირგვლიანის საქმე სრულად გახსნილია, მაგრამ ამ საქმეში მნიშვნელოვანი პროგრესი არის. პროგრესია 26 მაისის საქმეშიც, რომელიც ასევე გახმაურებული თემა იყო და ამ საქმეშიც წარედგინა ბრალი ვანო მერაბიშვილს. ბუტა რობაქიძის საქმეზე პასუხისგებაში მივეცით ყველა ის პოლიციელი, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდა და საქმე სასამართლოშია. ეს არ არის შედეგი?

- დიდი მოლოდინია ჟვანიას საქმეზეც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გაიხსნა.

- ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, მაგრამ რაღაც დეტალებს გამოძიება სჭირდება. ამ საქმეს ძალიან კარგი გამომძიებელი ჰყავს, რომელიც აგროვებს ყველა დეტალს და ძალიან საინტერესო კონსტრუქციას ადგენს. კიდევ რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი. მესმის, რომ საზოგადოებას მალე უნდა ამ საქმის გახსნა, მაგრამ ეს იმაზე სწრაფად ვერ იქნება, ვიდრე ამ საქმის გამოძიებას სჭირდება. მიჭირს თქმა, როდის დამთავრდება ჟვანიას საქმის გამოძიება, რომელიც 9 თვის წინ ნულიდან დაიწყო. შემიძლია ცალსახად ვთქვა, - ამ საქმეში არის პროგრესი და შედეგიც გვექნება.

ვაზაგაშვილის საქმეშიც არის პროგრესი და აქაც იქნება შედეგი. ეს დაწვრილებით გამოსაძიებელი საქმეა, რადგან სამართალდამცავებსაც შეეხება. გამოძიება ცდილობს ყველაფერი ზუსტად დაალაგოს.

- გავრცელებული ინფორმაციით, შტატებში ყოფნისას ჟვანიას საქმეზე იყო საუბარი.

- არც ერთი კონკრეტული საქმე არ ყოფილა განხილვის საგანი. შტატებში 25-მდე შეხვედრა მქონდა კონგრესმენებთან, სენატორებთან, "ფრიდომ ჰაუსისა" და სხვა ფონდების წარმომადგენლობასთან. შეხვედრები მქონდა იუსტიციის დეპარტამენტში, რომლის ნაწილია პროკურატურა. ამ შეხვედრების მიზანი იყო საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების შესახებ აზრთა გაცვლა. იუსტიციის დეპარტამენტმა ისედაც იცოდა, რა ვითარებაა აქ, რადგან აშშ-ის საელჩოში ჰყავთ წარმომადგენლები და ონლაინრეჟიმში ადევნებენ თვალყურს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. პოლიტიკოსებს კი ავუხსენით, რა ვითარება იყო ჩვენამდე და სად ვართ ახლა.

- როდესაც მთავარ პროკურორად დაინიშნეთ, აღნიშნეთ, სულით ადვოკატი ვარო. ამ პოსტზე ყოფნის 9 თვის თავზე რას იტყვით, რთული აღმოჩნდა ადვოკატისთვის პროკურორობა?

- ბედუკაძის საქმის გამო როდესაც მაკრიტიკებდნენ, ითქვა, რომ ადვოკატის პოზიციიდან მივუდექი ამ საკითხს. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ამ პოსტზე შემარჩია, ალბათ, იფიქრა, რომ იმ ნიშნულში მყოფ პროკურატურას ისეთი ხელმძღვანელი სჭირდებოდა, რომელიც ადვოკატის თვალით დაინახავდა ამ სისტემას, რათა მეტი ფილტრები ყოფილიყო დაყენებული. მე ასე ვკითხულობ პრემიერის ჩანაფიქრს და

კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ დღემდე ადვოკატის თვისებებს ვინარჩუნებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა