გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

20 წლის ბექა სეხნიაშვილი ბაიკერი" იყო, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად მთაწმინდისკენ მიქროდა, ავტოვარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საპარლამენტო უმცირესობის, გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ავტომობილით დაეჯახა.

გიგი წერეთელი:

- ეს ტრაგედია ძალიან მძიმე იყო ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის. თქვენს საიტზე კომენტარებში ძალიან გულსატკენი ფრაზები ამოვიკითხე. საზოგადოების ნაწილი ნუგზარის განსაკუთრებულად დასჯას მხოლოდ იმიტომ მოითხოვს, რომ ჩემი შვილია. მე პოლიტიკოსი ვარ და სხვებთან შედარებით მართლაც მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, ალბათ ჩემს შვილსაც, მაგრამ არ იქნება სამართლიანი, მან პასუხი იმ დანაშაულზე აგოს, რაც არ ჩაუდენია. ძალიან გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ მოახდენთ ამ საკითხის პოლიტიზებას... მე შემთხვევის ადგილზე ტრაგედიიდან 45 წუთში მივედი და ზუსტად ვიცი, რაც მოხდა... ბექა უკვე სასწრაფოს ჰყავდა წაყვანილი, ჩემი შვილი კი ექსპერტიზაზე იყო. მე ნუგზარის მეგობრებს და ბაიკერებს ვესაუბრე. როგორც გაირკვა, იქ არც ძალიან მთვრალი იყო ვინმე და არც არაადეკვატურად ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული.

- თქვენი შვილი და მისი მეგობრები საიდან მოდიოდნენ?

- წავკისიდან, მეგობრის წვეულებაზე იყვნენ.

- და ნასვამები არ იყვნენ?

- ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული, მაგრამ არა იმ დოზით, რომ რაიმე არაკორექტულად ეთქვათ, ან გაეკეთებინათ. ავარია ჩემი შვილის მიზეზით არ მომხდარა. ნუგზარს და მის გვერდით მჯდომს ღვედებიც ეკეთათ და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. მათაც რომ ჩქარა ევლოთ, აუცილებლად დაიღუპებოდნენ. შემთხვევის ადგილზე ნახაზი შეადგინეს და უამრავი ფოტოც გადაუღეს. იმედი მაქვს, გამოძიება ობიექტურად წარიმართება. როგორც გავიგე, ბექას მამა ყოფილი პოლიციელია, მჯერა, რომ ის ობიექტურად შეაფასებს მომხდარს.

- თქვენი ვერსიით, ავარია რა ვითარებაში მოხდა?

- ეს ჩემი ვერსია არ არის, მე ის ვიცი, რაც თვითმხილველებმა, მათ შორის ბექას მეგობარმა ბაიკერებმა მიამბეს. ბექა მოულოდნელად გამოეყო ბაიკერების ჯგუფს, დაწინაურდა, შეეცადა, რაღაც მანევრი გაეკეთებინა და ისე დასწეოდა წინ მიმავალ ბაიკერ გოგონას, რომელიც თურმე მისი შეყვარებული ყოფილა. სამწუხაროდ, მანევრი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ანუ ბექა საპირისპირო მხარეს, სავალ გზაზე გადავიდა... თავად ბაიკერებსაც უკვირდათ, რის გაკეთებას აპირებდა, ვერ მივხვდითო. ჩემი ვაჟი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ სინათლე უცებ დაინახეს და მერე ყველაფერი წამებში მოხდა... ძალიან მიმძიმს დეტალების მოყოლა... ბაიკერების მიმართ მტრულად მართლა არ ვარ განწყობილი, მესმის, რომ ეს სპორტია, მაგრამ ამას ხომ თავისებური სიფრთხილე სჭირდება?

მტერს არ ვუსურვებ ბექას მშობლების ადგილზე ყოფნას. როგორც გავიგე, ჩემი მისამართით უთქვამთ, რა უსინდისო ყოფილა, არც კი მოგვისამძიმრაო... ნამდვილად ვაპირებდი სამძიმარზე მისვლას, მაგრამ მითხრეს, ჯობია იქ არც კი გამოჩნდეო. მეც თავი შევიკავე, რატომ უნდა გამეღიზიანებინა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები?

ნუგზარი ძალიან მძიმედ განიცდის ამ ამბავს, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ამბობს, ყველაფერი გამოიძიონ და თუ რამეში დანაშაული მიმიძღვის, პასუხს ვაგებო. მეც მის აზრს ვიზიარებ, გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს რაიმე ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ