რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”

 რას იხსენებს ბიძინა ივანიშვილის კლასელი - ”საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა”

"ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა", - იხსენებს თინათინ გამგებელი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის კლასში სწავლობდა...

- ქალბატონო თინათინ, თქვენ მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო გამგებლის და ბრძანდებით. ჭორვილაში თქვენი ოჯახი ცნობილია...

- დიახ, ეს ნუგზარის დამსახურებაა. გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო...

- თქვენ და ბიძინა ივანიშვილი პირველი კლასიდან ერთად იზრდებოდით. იქნებ მოიგონოთ რამე...

- მოსაგონარი იმდენი მაქვს, გაზეთის ფურცლები ვერ დაიტევს... სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი გახლდით, პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

- დღეს მას ქართულს უწუნებენ...

- უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და, ალბათ, ბევრი რამ დაავიწყდა. ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა, ჟუჟუნა გულიაშვილი. თუკი რამე კარგს ნახავდა, ბიძინასთან მოჰქონდა. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოები "ყორნალი" ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა და ბიძინას მოუტანა, მინდა შენც წაიკითხო, ოღონდ დღესვე დაამთავრე, ხვალ პატრონს უნდა დავუბრუნოო. წიგნის წაკითხვა მეც ძალიან მომინდა და პიონერთა ოთახში მე და ბიძინამ "ყორნალი" ერთად წავიკითხეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვკითხულობდი და ბიძინა მისმენდა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სწავლობდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სულ მიკვირდა, მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა. მუსიკასა და ხატვას მამაჩემი გვასწავლიდა, ბიძინა სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდა და გუნდში მღეროდა. ძალიან კარგად სწავლობდა რუსულს, თუ რამის თარგმნა დაგვჭირდებოდა, დახმარებას მას ვთხოვდით... ბოლო წლებში ბიძინას სახლში ფიზიკურად აღარ ტვირთავდნენ, რადგან მთელ დროს სწავლას უთმობდა.

- როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?

- დიახ, ძალიან უჭირდათ... იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ "იანვარში ვის უნახავს გაზაფხული" იმღერეს. მამაჩემს ვკითხე, რას მღერიან, იანვარში გაზაფხული როგორ შეიძლება იყოს-მეთქი? მითხრა, შვილო, იანვარში გაზაფხული ისეთ ხალხს აქვს, ვისაც არ შია, არ სწყურია და სასიმინდე სავსე აქვსო... მაშინ ბიძინას ოჯახსაც უჭირდა და ყველას, დღეს კი ჩემს ჭორვილაში ბიძინას წყალობით იანვარშიც გაზაფხულია. მეამაყება, ასეთი კაცის გვერდით რომ გავიზარდე. ყველგან თავაწეული დავდივარ მისი და ჩემი ძმის გამო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია