ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება

"პროგრესი პრაგმატიზმის გზით", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის წერილს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება, რათა უგულვებელყოს სკეპტიკოსები და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.

"რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს საზარელი კონფლიქტის შემდეგ ხუთი წლის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული რჩება მავთულხლართებს მიღმა. როგორც ამავე გამოცემაში ერთი წლის წინ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩემი კამპანიის დროს აღვნიშნე, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზეზი ყველა ქართველის ცხოვრების გაუმჯობესებაა, მიუხედავად სირთულეებისა. დღეს ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უგულვებელვყოთ სკეპტიკოსები და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს", - წერს ბიძინა ივანიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კოალიცია "ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, პრაგმატული პოლიტიკისა და კონკრეტული რეფორმების გატარებას ქვეყნის მოდერნიზაციისა და სრული დემოკრატიისთვის. მისივე განცხადებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება აპირებს ქვეყანა სტაბილური დემოკრატიის მაგალითად და ევროპისა და აშშ-ის საიმედო პარტნიორად აქციოს.

"პრაგმატულობა" ნიშნავს ცივი ომის რიტორიკის დასრულებასა და იმ უპასუხისმგებლო ქმედებებისთვის თავის არიდებას, რომელმაც 2008 წლის კონფლიქტამდე მიგვიყვანა. რუსეთთან ვაჭრობის განახლება ნდობის აღდგენას ნიშნავს, თუმცა ჩვენ ვრჩებით ურყევი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხში. ეს საკითხი საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად, სიფრთხილით უნდა მოგვარდეს, რაც მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აქტიურ ჩართულობას", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი ასევე ციტირებს ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ "თამამი რეფორმების გატარებით საქართველო უკვე მიუახლოვდა ნატო-ს". პრემიერი ასევე ციტირებს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ "მითი", რომ საქართველო არ ატარებს ნოემბერში, ვილნიუსის სამიტისთვის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისთვის საჭირო რეფორმებს, "უნდა დაიმსხვრეს".

"პრაგმატულობა" ასევე ნიშნავს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების აღებას. მიუხედავად ტრაგიკული დანაკარგებისა, ჩვენი ჯარისკაცები კვლავაც მსახურობენ ავღანეთის ყველაზე სახიფათო ტერიტორიებზე. საქართველოს გავლით ნავთობის ოთხი მთავარი მილსადენის გავლით ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა მის განზრახვას, შეუერთდეს ენერგეტიკულ საზოგადოებას. "კონკრეტულობა" ნიშნავს დემოკრატიულობაზე ფოკუსირებას იმ რეფორმებით, რომელიც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩავარდა. ჩვენ ვამყარებთ კანონის უზენაესობას, ვაძლიერებთ შრომით უფლებებს, საგანმანათლებლო რეფგორმასა და ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევას, რომელიც გასული თვიდან გახდა ხელმისწავდომი. ჩვენ ჯერაც გვჭირდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც უკეთესად გადაანაწილებს ძალაუფლებას მთავრობის შტოებს შორის", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციისკენ და საქართველოში პატიმარს უკვე აქვს მის წინააღმდეგ არსებული ყველა სამხილის ხილვის უფლება და წარსდგეს დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე სასამართლო დარბაზში, რომელიც მედიისთვის ღიაა. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხელში "სასამართლო სისტემა არ იყო სრულად დამოუკიდებელი", ახალი ხელისუფლების პირობებში კი ეს შეიცვალა.

"გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში "ქართულო ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 20 ათასამდე მოქალაქემ შეიტანა საჩივარი. ჩვენი სასამართლო სისტემა ყურადღებით იძიებს ყველა ამ საქმეს, რომელთაც ევროკავშირის მრჩეველი ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი, აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტები, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დასძენს, რომ ახალი მთავრობა უამრავ კონკრეტულ ეკონომიკურ რეფორმას ატარებს - სოფლის მეურნეობის აღორძინებით, სამართლიანი საგადასახადო სისტემის შექმნით, პოლიტიკური ზეწოლისა და კერძო ბიზნესის გამოძალვის აღმოფხვრით.

"თუმცა, მიუხედავად აშკარა პროგრესისა, ჩვენი მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხში. ევროპასა და აშშ-ში ერთხმად მოლაპარაკე უმცირესობებმა - რომელთა უმრავლესობა იგნორირებდა გასულ წლებში არსებულ ძალადობაზე ოფიციალურ განცხადებებს, მკვეთრად გააკრიტიკეს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები, როგორც არადემოკრატიული ქმედება. ჩვენს კრიტიკოსებს ფაქტებზე დაკვირვებას ვთხოვ: ამ პროცესებს საერთაშორისო ზედამხედველობით ვაგრძელებთ. ასევე ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რათა დააკვირდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო სხდომებსა და ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ ვოიაჟში ის რამდენიმეწლიანი ფილანტროპობისა და სააკაშვილის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ ჩაერთო.

"აღმოვაჩინე, რომ რეალური ცვლილებებისა და ჩვენი დაყოფილი სამშობლოს გაერთიანების იმედის გადასარჩენად, ახალი მთავრობის ფორმირება მესაჭიროებოდა. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ. თუმცა, რამდენადაც წინ საპრეზიდენტო არჩევნები და ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორიობის სამიტი გველის ვილნიუსში, ჩვენ ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება, რათა შევძლოთ მილიონობით ქართველის მისწრაფებების განხორციელების გაგრძელება, მისწრაფებების, რომელიც ერთ დროს "ვარდების რევოლუციის" იმედებსა და იდეალებს წარმოადგენდა", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

მომზადებულია Wall Street Journal-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა