"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"

"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"

რამდენიმე ხნის წინ ქართველი საზოგადოება გააოგნა პრეზიდენტის სკანდალურმა განცხადებამ, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისას შსს-ში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ისხდნენ, ამ ყველაფერს უყურებდნენ და მეტიც, მთავრობის ქმედება მოიწონეს. ეს განცხადება საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად შეაფასა, პრეზიდენტს კი უკვე მერამდენედ დასდეს ბრალი ქვეყნის საგარეო კურსის საბოტირებაში. ცხოველი ინტერესი გამოიწვია ასევე საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციის ვიზიტმა ვაშინგტონში.

ამ და სხვა თემებზე საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ბატონმა არჩილ გეგეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

- დავიწყოთ ელჩის რანგში თქვენი პირველი ხმაურიანი განცხადებით, როცა თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობდა, დაეკნინებინა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მნიშვნელობა. რა მოხდა მაშინ და მიმდინარეობს თუ არა ხელისუფლების გადაბარების პროცესი საგარეო ასპარეზზე უფრო რთულად, ვიდრე ეს მოხდა ქვეყნის შიგნით?

- ეს საკმაოდ დელიკატური თემაა. საქართველოში არსებული არაორდინარული ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთგვარად გაორებულია, ცხადია, გავლენას ახდენს საელჩოების მუშაობაზეც. "კოჰაბიტაციის" პირობებში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთი ძალა ცდილობს მეორის დისკრედიტირებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. ამით განსაკუთრებულად ზარალდება "ქართული ოცნება", რომელსაც ოქტომბრიდან მოყოლებული გაუთავებლად აკრიტიკებენ, რომ თითქოსდა არ არიან ჭეშმარიტი დემოკრატები და აშშ-თან მეგობრობას რუსებთან ყოფნას ამჯობინებენ. პრეზიდენტის დამოკიდებულება საელჩოსადმი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სადაც მოახერხებს, თავისი გაიტანოს. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ინციდენტს: პრეზიდენტს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ერთი გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოსთან. სწორედ ამ შეხვედრაზე არ ისურვა პრეზიდენტმა საელჩოს წარმომადგენელთა ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო მონაწილეობდა მისი ორივე შეხვედრის დაგეგმვაში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წასვლის წინ პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა გადაიხადა შეხვედრების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.

- კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ფიგურის წონადობაზეც გვესაუბრა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან გამუდმებით ისმის ბრალდებები, რომ იგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საბოტირებას ახდენს. რამდენად შესწევს სააკაშვილს ამის ძალა?

- პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობის შიდა და საგარეო პოლიტიკას და ეს ერთგვარად აძნელებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ობიექტურ აღქმას მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჯერ კიდევ ბევრს აწვალებს ეჭვი, მართლაც ხომ არ არის "ქართული ოცნების" დასავლური კურსი მოჩვენებითი და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის ორიენტაციის ვექტორი რუსეთისაკენ.

- თუმცა, ალბათ, ისეთი პოლიტიკოსებიც ბლომად არიან, ვინც ყოფილ ხელისუფლებას იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მათ პოლიტიკურ მოკავშირეებად რჩებიან და რეალური სურათის დანახვა სულაც არ აძლევთ ხელს.

- სავსებით გეთანხმებით. ამასთანავე, აქ, ვაშინგტონში, ძალიან ბევრს წყვეტს პიროვნული ურთიერთობები და კონტაქტები.

აქაური "პოლიტიკის კეთებისათვის" დამახასიათებელია პოლიტიკური მოვლენების პერსონიფიცირება. პირადი კონტაქტების გაბმა-დალაგება კი წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.

ეს კეთდებოდა სხვადასხვა ფორმით, საზოგადოდ კი ამ მექანიზმს "მოპატიჟება-პატივისცემის" მექანიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ.

თუმცა ბოლო პერიოდში გამოვლენილმა დანაშაულებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, თუნდაც ფარული ვიდეოფირის ინციდენტმა, მათი მოკავშირეების ენთუზიაზმი ერთგვარად გაანელა. კიდევ ერთი ფაქტორი: ახალი ხელისუფლების წინასთან შედარებით დაბალმა ცნობადობამ შექმნა ერთგვარი უნდობლობაც და სკეპტიკური დამოკიდებულებაც მის მიმართ. რაც შეეხება სააკაშვილის წონადობას, კვლავაც აქვთ მის მიმართ სიმპათიები, თუმცა შთაბეჭდილებები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება.

- კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანოთ: სენატორ ტერნერის ინიციატივა, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სენატორების წერილი. ამის ფონზე, უცნაურად ჩანს მაკკეინის ახალი განცხადება იმის თაობაზე, რომ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატოში შესვლა.

- ის, რომ ტერნერმა ჩანაწერი გააკეთებინა თავდაცვის ავტორიზების აქტში, მეტყველებს სწორედ იმ ცრუ წარმოდგენებსა და შავ პიარზე, რაც შექმნილია ახლანდელი ხელისუფლების გარშემო. რაც შეეხება მაკკეინის განცხადებას, იგი იყო მკვეთრად ანტირუსული, ერთგვარი სამაგიეროს გადახდა სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილების გამო.

- ეს არათანამიმდევრულობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სენატორების ქებაცა და კრიტიკაც მოჩვენებითია და სინამდვილეში პოლიტიკურ კონიუნქტურას ემსახურება?

- ვფიქრობ, მაკკეინი გულწრფელადაა დაინტერესებული ნატოს გაფართოებითა და საქართველოს ალიანსში შესვლით. გარდა ამისა, ვფიქრობ, მან იმიტომაც გვახსენა, რომ ახლახან საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციისგან არგუმენტირებული განმარტება მიიღო, თუ როგორია საქართველოს საგარეო კურსი და ემუქრება თუ არა ამ კურსს ცვლილება. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს ნატოში შესვლა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა