როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი

როდის აპირებს დაოჯახებას უმრავლესობის ერთადერთი გასათხოვარი დეპუტატი

ანი მიროტაძე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დეპუტატია. როგორც ამბობს, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, რომ მისმა სადეპუტატო ვადამ ფუჭად არ ჩაიაროს და ადამიანებთან პირისპირ შეხვედრისას არ შერცხვეს, როდესაც პარლამენტის წევრი აღარ იქნება. გარდა ამისა, ანი მიროტაძე ერთადერთი დეპუტატია უმრავლესობიდან, ვინც ჯერ კიდევ გასათხოვარია.

- ბოლო მოწვევის პარლამენტი რომ შეიკრიბა, უმრავლესობაში მხოლოდ ორი დეპუტატი ქალბატონი იყავით დასაოჯახებელი - თქვენ და ელისო ჩაფიძე (ორივე ჟურნალისტი) ცოტა ხნის წინ ელისო გათხოვდა. ახლა თქვენი ჯერია... იყავით მის ქორწილში?

- დიახ, სტუმართა შორის მეც გახლდით. მე და ელისო, პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დაახლოებით იმდენი, რამდენი წელიც ჟურნალისტიკაში გავატარეთ... ის 15 წელი ჩემი ცხოვრების წარმატებული პერიოდი იყო. ეს ის წლები იყო, რომელზეც ყოველთვის სიამაყით ვამბობ, - ის თაობა ვართ, რომელმაც თანამედროვე ჟურნალისტიკის შექმნა დაიწყო - შიშველი ენთუზიაზმით, პირველობისათვის ბრძოლით, პროფესიული ჟინიანობით და გამოგვივიდა. იმ ჟურნალისტიკამ, ჩვენ, ვინც პოლიტიკაში წამოვედით, უზარმაზარი ნებისყოფა, გამძლეობა, ბრძოლისუნარიანობა გამოგვატანა. როგორ შეიძლება ეს პროფესია არ მიყვარდეს?!

- როგორი აღმოჩნდა პოლიტიკა, სფერო, რომელშიც გადმოინაცვლეთ?

- ამის შეფასება ჯერ ადრეა. პოლიტიკა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენი სტატიებითაც იწერებოდა და ბევრი მოვლენა ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა, ჩემთვის მაინც ახალი სფეროა. სასიამოვნო მაშინ იქნება, როდესაც ერთ გადაწყვეტილ პრობლემაზე მაინც ვიტყვი - ჩვენ ამას მოვერიეთ, შევძელით; ან - მე ამ პრობლემის მოგვარების გზა მოვძებნე, როგორი ამაყი ვარ! სათქმელი ჯერ არაფერი მაქვს. ისე, ყოველდღიურად ვემზადები ამისთვის.

- ხომ არ ნანობთ, რომ არჩევანი პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთეთ?

- არა, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. როდესაც პოლიტიკაში მივდიოდი, ბევრი ვიფიქრე. მაშინ, როდესაც "ეროვნულ ფორუმში" წავედი, ოპოზიციის გამარჯვების თეორიული შანსიც კი არ არსებობდა, მაგრამ მაინც წავედი, რადგან ყოველთვის მჯეროდა ერის გადარჩენის კანონზომიერების! მოგვიანებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ხმაურიანად და კატეგორიულად განაცხადა - მე მოვდივარ! მივხვდი, რომ საქართველოს ახალი პოლიტიკური კალენდარი გადაიფურცლა და ძალიან ძლიერია შეგრძნება, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, შენ იქ ხარ! რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რომ წამოვედი.

- ბატონ ბიძინას ახლოს იცნობთ?

- ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც ერთი გუნდის წევრები.

- როდესაც ბატონმა ბიძინამ ელისო ჩაფიძე დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, ასეთი რამ თქვა: "შეხედეთ, როგორი ლამაზია, კარგი პატარძალი იქნება". ეს ერთგვარ წინასწარმეტყველებასავით გამოუვიდა, არა?

- მართლაც სასიამოვნო წინასწარმეტყველება გამოვიდა.

- მის კვალდაკვალ თქვენც ხომ არ აპირებთ პირად ცხოვრებაში ცვლილების შეტანას?

- ამ ამბავმა ერთი პრობლემა შემიქმნა, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა ერთ კითხვას მისვამდა, შენ როდის აპირებ გათხოვებასო. ჩემი დაპირებაც ბანალური იყო: ბედნიერების სურვილს მაგალითები არ სჭირდება... უბრალოდ, ჩემს პირად ცხოვრებაში ჯერ გადაწყვეტილების მიღების დრო არ დამდგარა, მაგრამ ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ. ეს დრო დადგება!

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას მერე, რაც დეპუტატი გახდით?

- არნაირად, ისევ ისე მტკივა და მიხარია, როგორც მანამდე... ადამიანები მიყვარს და არ მინდა, იმედები გამიცრუვდეს. ერთი დიდი სურვილი მაქვს, ცოტა ემოციურიც, გულწრფელად ვამბობ, არასოდეს შევძულდე ადამიანებს!

ახლა, როდესაც ყოფილი ხელისულების წარმომადგენლების მიმართ ადამიანების განწყობას ვხედავ, სულ ვფიქრობ - ამაზე დიდი უბედურება არაფერია! ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება, პოლიტიკოსს დაემართოს - სიძულვილია! ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იქნება, პოლიტიკიდან ისე წავიდე, ადამიანები ღიმილიანი სახით მესალმებოდნენ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია