"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"

"ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა"

დიდი ჩოჩქოლი, პანიკური შიში, ტანკების გამუდმებული ხრიგინი და... მერე ცხოვრების სრულიად (?) ჩვეული რიტმი! - 5 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ახალგორში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სახელმწიფო იურისდიქცია აღარ ვრცელდება, დღეს უკვე მწარე ღიმილით იხსენებენ. "ახლა ტანკებმა რომ ჩაგვიაროს, სულ არ გაგვიკვირდება, ისე შევეჩვიეთ ამ ყველაფერს",- ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი.

ახალგორში ომის პანიკა 8 აგვისტოდან გაჩნდა. ალიაქოთი და შეშფოთება როგორც უფროსებს, ბავშვებსაც ელვის სისწრაფით მოედო. თუმცა თავდაპირველად შიშს მოსახლეობას ადგილობრივი ჩინოვნიკები უქარწყლებდნენ.

"13 თუ 14 აგვისტოს რაიონის ბირჟაზე შევიკრიბეთ აქაურები. გუბერნატორი ჩოჩელი შეგვხვდა. დაგვამშვიდა - მე არსად მივდივარ და სად გარბიხართო. ბოლომდე თქვენთან ვიქნებიო. აი, ვისაც ძალიან გეშინიათ, სახლში წამოგყვებით და იქ დავრჩებიო. მეც თქვენთან ვიქნებიო",-გვიყვება დაბის ერთ-ერთი მკვიდრი.

თუმცა ადგილობრივებისავე თქმით, ჩოჩელი მათთან ბოლომდე არ დარჩენილა.

"ჩოჩელმა 7-დან 15 აგვისტომდე ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი პირუტყვი, ქონება, სამშენებლო მასალები - ყველაფერი გაიყვანა. როცა უკვე რუსული თუ ოსური სამხედრო ტექნიკა და თვითონ ოსები ფიჭვნარში (ყველაზე ახლო სოფელი ახალგორის რაიონულ ცენტრთან) იყვნენ შემოსულები, სადღა იყო ჩოჩელი?! პირდაპირ გზიდან რომ ვერ წავიდოდა ეგ და მისი ამალა (გზა მთლიანად ოსებს ეჭირათ), ალევის სამებიდან გაიპარნენ",- ამას ახალგორელი მოხუცი მამაკაცი გვიამბობს. მას დღემდე ახალგორი არ დაუტოვებია და ამბოს, რომ სიკვდილამდე აქ აპირებს ცხოვრებას.

ახალგორის რაიონულ ცენტრში ოსები ყანჩავეთის გზით შემოვიდნენ.

"ტანკები მოდიოდნენ გრუხუნ-გრუხუნით. შემზარავი იყო ეს სანახაობა. ახლა რომ ვიხსენებ, ისევ სტრესულ მდგომარეობაში ვბრუნდები, თუმცა შიშის გრძნობა დაგვეკარგა უკვე.

"სოფელ ყანჩავეთში გზად ერთმა ტანკისტმა აქაური ბებო დაინახა, მტვერში მიაბიჯებდა. გადასძახა: ცოდო ხარ, ფეხით რომ მიდიხარ რაიონში. ამო, ჩვენ ჩაგიყვანთო. ხელი შეაშველეს და მართლა აიყვანეს ტანკზე. მოხუცი ქალი პირდაპირ ტანკის შემაღლებულ ადგილას აბობღდა თუ მათ აიყვანეს, არ ვიცით. ბებომ კი ინერციით ტანკზე აფრიალებული დროშის ტარს ჩასჭიდა ხელი. ასე შემოვიდნენ რაიონში ტანკები ოსური დროშით, რომელიც ისე ჩანდა, რომ ხელში თითქოს ქართველ ქალს ეჭირა",-ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ამის თხრობისას და აქ წყვეტს საუბარს. თან გვიხსნის, რომ მეტის ლაპარაკი ამ თემაზე არ შეუძლია.

ვიდრე ოსები და რუსი სამხედროები შემოვიდოდნენ ახალგორში, ქართული პოლიცია 16 აგვისტომდე მხნედ იდგა.

"შემოსული იყო ქართული სპეცრაზმი და სულ ავტომატმომარჯვებულები დადიოდნენ. გვამშვიდებდნენ და თავიდან ჩვენც ვმშვიდდებოდით. მერე ერთმა პოლიციელმა თუ სპეცრაზმელმა (ჩამოსული იყო, არაადგილობრივი) ჩვენი "პადვლები" დაათვალიერა და გვითხრა- ეს რა კარგი სამალავები გქონიათ, თუ რამეა, აქ დაიმალეთო. ამან ცოტა შეგვაშინა და მივხვდით, ესენი აქ აღარ დარჩებოდნენ დიდხანს და ასეც მოხდა",- იხსენებს ადგილობრივი.

16-მდე, ვიდრე ოსები შემოვიდოდნენ რაიონულ ცენტრში, პირველმა ახალგორი მთავარი გზით "სასწრაფომ" დატოვა. მას მიჰყვნენ სხვადასხვა შემოვლითი გზით სხვადასხვა ადგილობრივი ჩინოვნიკები. ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. მოსავალი რაც ჰქონდათ აღებული და ზამთრისთვის გადანახული, იმით გაჰქონდათ თავი.

15-ში მოსახლეობა, რომელიც ფაქტობრივად უპატრონოდ იყო დარჩენილი, ტყეში გაიხიზნა. ტანკები რომ გამოჩნდნენ, რაიონი სრულიად ცარიელი დახვდათ. ტანკებს ის ოსები მოუძღოდნენ, რომლებსაც 90-იან წლების ეთნოკონფლიქტისას ახალგორში საკუთარი სახლის დატოვება და ვლადიკავკაზში წასვლა მოუწიათ.

"ესენი იმიტომ მოუძღოდნენ, რომ მაინც გვიცნობდნენ აქაურებს და რომ დავემშვიდებინეთ - არავის არაფერი დაგიშავდებათო. სხვათა შორის, მათი დამსახურებაა ის, რომ არც ერთ ქართველს, პოლიციელსაც კი, ხელი არ ახლეს და 3 დაჭრილი პოლიციელიც კი გაუშვეს",- გვიამბობს ახალგორელი ქალბატონი.

მისივე მონათხრობით, ტყეში გახიზნულებს ოსი სამხედროები დურბინდით უყურებდნენ.

"მაგ ტყეში რომ სხედან და კვერცხების ჭამით იბერებიან, ჩამოვიდნენ და იცოვრონ ადამიანურად. თუ ბომბი ჩამოვარდება, ტყეს არ დაეცემა?!",-სიცილით კითხულობდნენ ისინი.

16 აგვისტოს ოსები მთელ რაიონს მოედვნენ. ყველა სტრატეგიული პუნქტი კი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს, ამასთან ერთად, დე ფაქტო საზღვართან განლაგდნენ. ადმინისტრაციული შენობიდან ქართული დროშა ჩამოგლიჯეს და ყველგან ოსური ააფრიალეს.

მოსახლეობამ ნელ-ნელა ტყიდან ჩამოსვლა და სახლებში დაბრუნება დაიწყო. მაშინ, როცა თბილისიდან ახალგორამდე გზად 40 წუთი საკმარისი იყო, ახლა ეს გზა ერთიორად სამი ბლოკ-პოსტის (ქართული,რუსული და ოსური) გამო გაიზარდა. ყველა მგზავრისთვის სათითაოდ სამივე ბლოკ-პოსტზე დარეგისტრირება აუცილებელია. ჯერ ქართული პირადობის მოწმობების რუსული "პერევოდები", შემდეგ - ფორმა9, მერე - ოსური პასპორტი - საგზაო და კიდევ სხვადასხვა შიდა წესების ცვლილებებში გადის დღეები, თვები და წლები. ის ახალგორელები, ვისაც ომის შემდეგ საკუთარი სახლ-კარი არ მიუტოვებიათ და დღემდე ახალგორში ცხოვრობენ, კერის მიტოვებას არც ახლა აპირებენ.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია