"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"

"ბაიკერებს ისე გვიყურებენ, როგორც თვითმკვლელებს"

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიას 21 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. მოტოციკლით მიმავალ ბექას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც დეპუტატ გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი მართავდა. ნუგზარი წვეულებიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. ცნობილია, რომ იგი ავტომანქანას ნასვამი მართავდა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეცდომა ბაიკერმაც დაუშვა, ისიც დაიბნა და სიტუაციის გაკონტროლება ვეღარ შეძლო. ბექას ავტომობილი შეუნიშნავს და უცდია, არიდებოდა. ავტომობილის მძღოლსაც, თავის მხრივ, თავის არიდება მოუნდომებია, მაგრამ დაბნეულან და ორივე ერთი მიმართულებით გადასულა. შეჯახებას რამდენიმე მეტრზე გადაუსვრია ბექა სეხნიაშვილი. სამწუხაროდ, მას მუზარადიც მოსძვრა და ხეს შეასკდა...

საბედისწერო მოტოციკლეტი ბექას გერმანიიდან ჩამოუყვანეს. ამ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ბექასთან ერთად იმ საბედისწერო დღეს მისი ბაიკერი მეგობრებიც იყვნენ. მათ შორის იყო მისი შეყვარებული გოგონაც. სამწუხაროდ, ყველაფერი წამებში მოხდა და ტრაგედია თავიდან ვერ აიცილეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩატარდა ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. გიგი წერეთლის ვაჟი სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი მის დაკავებას არ ითხოვს, გამოძიებას ელოდება.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი ფაქტი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევას ბაიკერის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიმდინარე წელს, 5 თვეში, უკვე 6 ბაიკერია დაღუპული. თითქმის ყველანი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წელს, მაისის ჩათვლით, 39 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 44 ადამიანი. იყო ტრაგიკული შემთხვევა, როცა რუსთაველზე ფეხით მიმავალ ახალგაზრდა ქალს ბაიკერი დაეჯახა და ქალი გარდაიცვალა, ბაიკერი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს. სამართალდამცავებს არც ეს მოტოციკლისტი დაუკავებიათ, თუმცა ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ფეხით მოსიარულემ დაარღვია წესები, მაგრამ ნაადრევი დასკვნების გაკეთება ალბათ მიზანშეწონილი არ არის. შევეცადეთ, ამ ტრაგედიის დეტალებზე ბაიკერთან გვესაუბრა, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა. გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე არ საუბრობს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

ცოტა ხნის წინ, კერძოდ, 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მოტომფლობელებს სხვადასხვა სახის ჯარიმები გამოუწერეს. უამრავი დარღვევა გამოვლინდა. მძღოლთა შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 85 მათგანს არ ჰქონდა მართვის მოწმობა, 12-ს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება, 5 ბაიკერი კი მოძრაობდა ნასვამ მდგომარეობაში, ასევე ადგილი ჰქონდა ტრანსპორტის გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. მძღოლების შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 27 მათგანი მოძრაობდა სახელმწიფო სანომრე ნიშნების განთავსების წესების დარღვევით, რაც კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო 13-ს სანომრე ნიშანი შეცვლილი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბაიკერები არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს და გადაადგილებისას ავარიულ სიტუაციებს ქმნიან, თუმცა ამას არ ეთანხმებიან თავად მოტომფლობელები. მასობრივი დაჯარიმებების გამო მაშინ აქციები გამართეს და ეს ფაქტები გააპროტესტეს. აქციების მიუხედავად, მძღოლები ჯარიმებს მაინც ვერ ასცდნენ.

მოტომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი, ვახო შენგელია, მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ავტომანქანის მძღოლების დაუდევრობის გამო ხდება:

- მანქანის მძღოლები მოტოციკლს არ აღიქვამენ, როგორც სატრანსპორტო საშუალებას. როცა ქუჩაში გადაადგილდები და შენი გზაა, მანქანის მძღოლები არ გითმობენ გზას და ეს შემდეგ სავალალო შედეგით მთავრდება. ამით იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ მოტოციკლის მძღოლები არ არღვევენ წესებს. მართლაც ბევრი ახალბედა დაჯდა მოტოზე და სიჩქარეს ვეღარ აკონტროლებს, არ იცის, როგორ იაროს, მაგრამ მთავარი პრობლემა ავტომანქანის მძღოლების დამოკიდებულებაა. მოტოციკლი გადაადგილების ძალზე სწრაფი საშუალებაა. თბილისში უმეტესად სპორტბაიკები დადის და აუცილებელია, მანქანის მძღოლებმა არ დაარღვიონ წესები. ბოლო დროს გახშირებული შემთხვევების გამო, გადავწყვიტეთ, ექსტრემალთა სპორტის ფედერაციამ და ჩვენმა კლუბმა ახალი კამპანია წამოვიწყოთ სახელწოდებით - "ფრთხილად, ბაიკი!"- რომ მანქანის მძღოლებმა გაიგონ - არ უნდა გადაუჭრან მოტოციკლს გზა, უკან არ უნდა აედევნონ და მოეპყრან ისე, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილს.

- შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ბაიკერები არღვევენ მოძრაობის წესებს. ამას არ ეთანხმებით?

- სამინისტროს მონაცემებს ვერ შევაფასებ, მაგრამ ჩვენი კლუბის წევრებს რაც შემთხვევები ჰქონიათ, უმეტესად, მანქანის მძღოლების დაუდევრობის გამო. პირადად მე, 5-ჯერ ტაქსის მძღოლმა შემიქმნა ავარიული სიტუაცია, მაგრამ გავაჩერე ბაიკი, რადგან სწრაფად არ დავდივარ.

- ტრაგიკულად დაღუპულ ბექა სეხნიაშვილს იცნობდით?

- ბექა ჩვენი კლუბის წევრი იყო. ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ის ჩემი უმცროსი მეგობარი იყო. საკმაოდ ნორმალურად ატარებდა ბაიკს. დადებითი პიროვნება იყო, კარგი ახალგაზრდა. ვერ ვისაუბრებ მომხდარის დეტალებზე. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდებით დასკვნას.

ბაიკერი გაიოზ მხეიძე კი 2000 წლიდან მართავს მოტოციკლეტს და ამბობს, რომ მისი გადაადგილების ერთადერთი საშუალება ეს გახლავთ. ამ დროის მანძილზე, მას 50-ჯერ მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

გაიოზ მხეიძე:

- სულ ბაიკით ვმოძრაობ, ეს ჩემთვის სიყვარულიც არის, ცხოვრების სტილიც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - გადაადგილების საშუალებაა. ზამთარია თუ ზაფხული, ყოველთვის ბაიკით დავდივარ, სხვა ტრანსპორტით არასოდეს ვმგზავრობ. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ფრთხილი ვარ, 50-ჯერ მქონდა საგზაო შემთხვევა. აქედან ნაწილი უკრაინაში, 25-ზე მეტი შემთხვევა კი - საქართველოში. ზოგიერთ შემთხვევაში არ ვიყავი მართალი. მაგალითად, ბოლოს გმირთა მოედანზე ესტაკადაზე ვმოძრაობდი და წესები დავარღვიე. ამას ვაღიარებ. ჯიპს ახლოს მივყვებოდი, არ დავიცავი დისტანცია, თურმე წინ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მომხდარი და ჯიპმა რომ დაამუხრუჭა, ეს იმდენად მოულოდნელი იყო, დამუხრუჭება ვერ შევძელი და ცოტათი ავიხეხე გვერდები და ხელები, მაგრამ საბედნიეროდ, გადავრჩით. დისტანცია ახლო იყო, ამიტომ მომიწია ბაიკის დაწვენა.

- ალბათ ამდენი შემთხვევის დროს სერიოზული დაზიანებებიც მიგიღიათ, ხომ?

- სერიოზული დაზიანებებიც მიმიღია, ნეკნების მოტეხილობები, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები. არადა, ვინც მიცნობს, ყველა ბაიკერი გეტყვით ჩემზე, რომ ვარ ძალიან ფრთხილი და მოძრაობის წესებს ვიცავ. ჩემნაირი ფრთხილი ბაიკერი 3-4 თუ დადის თბილისში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე დავშავდი. ბაიკით მოძრაობისას სწრაფი მუხრუჭი დაუშვებელია, ამიტომ დისტანცია უნდა დაიცვა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ავტომანქანის მძღოლების უყურადღებობა. ისინი ბაიკერებს გვიყურებენ, როგორც ექსტრემალს, თვითმკვლელს, თავზე ხელაღებულ კამიკაძეს, რომელიც ქუჩაში გამოვარდა და სიკვდილს ეძებს, მაგრამ ასე არ არის. ავტომანქანის მძღოლები არ იცავენ წესებს და ამის გამო ვზარალდებით. მაშინ რთავს ციმციმას, როცა მოსახვევთანაა უკვე. ეს საფრთხეს გიქმნის. საფრთხეს გვიქმნიან ყვითელი მიკროავტობუსები და ტაქსები. უაზროდ დადიან, როგორც უნდათ, ისე კვეთენ გზას და უხვევენ. ზოგიერთი ახალგამომცხვარი მძღოლი ბაიკერს რომ დაინახავს, "ეგონკავება~. ძალიან ცუდად დაიწყო წლევანდელი წელი და ამას განვიცდით თითოეული ჩვენგანი. ტრაგედია მოხდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ბათუმსა და ქუთაისში. სამწუხაროდ, ყველა 24 წლამდე ახალგაზრდაა დაღუპული. ჩემთვის რომ ეკითხათ, უფრო გავზრდიდი მართვის მოწმობის აღების ასაკს. ჩვენთან 24 წლის თუ ხარ და გაქვს მართვის "ა"კატეგორიის მოწმობა, ნებისმიერი ბაიკი შეგიძლია შეიძინო და იარო. ყველა გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ და ყველა მოტომფლობელს ვურჩევ, არ იჩქარონ, დაიცვან მოძრაობის წესები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია