პაატა ზაქარეიშვილი - უსამართლობა იქნება, თუ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის პირისპირ დარჩებიან

 პაატა ზაქარეიშვილი - უსამართლობა იქნება, თუ აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის პირისპირ დარჩებიან

"ვიდრე ქართულ-რუსული ურთიერთობები არ მოწესრიგდება, რთული იქნება ურთიერთობის დალაგება სოხუმთან და ცხინვალთან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები თანდათანობით და რთულად წაიწევს წინ", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა რუსული "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ხუთი წლის წინ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ იყო აღიარებული, თუმცა ისინი უფრო დამოუკიდებელნი იყვნენ. ახლა კი, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე.

"რუსული რუბლი, რუსული ენა, რუსული უფლებები, კულტურა, არმია, ვფიქრობ, ამის გამო თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ, რადგან მათ აზრს აღარავინ ეკითხება. რუსეთის მხრიდან მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მათი ხმა კიდევ უფრო ნაკლებად ისმის, ისინი გარე სამყაროსგან ჩაკეტილები არიან. საქართველო ეკონომიკურად განვითარდება, ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და არ გვინდა, რომ ეს პერსპექტივები აფხაზებსა და ოსებს წაართვან. უსამართლობა იქნება, თუ ისინი რუსეთის პირისპირ დარჩებიან. ნატო-სა და ევროკავშირის შემადგენლობაში კი ისინი არასდროს დარჩებიან მხოლოდ საქართველოს პირისპირ", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზებისა და ოსებისთვის შეთავაზებულ პერსპექტივებს, რუსულ "კომერსანტთან" საუბრისას საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა კონფლიქტი ადრე თუ გვიან სრულდება და დარწმუნებულია, რომ აფხაზებისა და ოსების თვალში საქართველოს ნდობის აღდგენის შესაძლებლობა აქვს.

"საქართველო უფრო მეტად საიმედო ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია იდენტურობის შენარჩუნება. რუსეთს დღეს შეუძლია მათი დაცვა, მაგრამ ის ხელს ვერ შეუწყობს მათ განვითარებას და ამის საუკეთესო მაგალითი ჩრდილოეთ კავკასიაა, სადაც უამრავი პრობლემა არსებობს. ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უახლოეს მომავალში განვითარების არცთუ საუკეთესო პერსპექტივები აქვთ. ნატო-სი კი ოსებსა და აფხაზებს კი არა, რუსეთს ეშინია. ოსები და აფხაზები მხოლოდ იმას იმეორებენ, რასაც რუსეთში ამბობენ. რუსეთი კი მიიჩნევს, რომ ნატო მას კავკასიიდან დევნის", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო უკვე კარგა ხანია რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსულია.

მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთმა ბოლო საკონტროლო გასროლა მიაყენა საკუთარ თავს, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა სრულად გაათავისუფლა საქართველო მის მიმართ ვალდებულებებისგან.

"ჩვენ უფრო თამამად დავიწყეთ ნატო-ს მიმართულებით სვლა. მანამდე რუსეთი "დამოკლეს მახვილივით" გვემუქრებოდა სოხუმისა და ცხინვალის აღიარება-არაღიარებით. ახლა ეს მუქარა აღარ არსებობს. ჩემი აზრით, რუსეთი ხშირად დგამს წინდაუხედავ ნაბიჯებს. რუსეთის იმპერია აღარ არსებობს, არც საბჭოთა იმპერია, თუმცა მენტალობა იმპერიული დარჩა. რუსეთი ვიწროვდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის გარანტიების მიცემას, რომ აღარ განმეორდება აგვისტოს ომის მსგავსი კონფლიქტი, რუსულ გამოცემასთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში განაცხადა, რომ ამის ყველაზე მყარი გარანტია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა.

"საქართველო უკვე იმყოფებოდა იმ სივრცეში, სადაც რუსეთი დომინირებდა. სწორედ რუსეთმა დაუშვა და არ გამორიცხა ომი, რომელშიც საქართველო ჩაითრია. ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს. ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა უთხრა, რომ აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთი მისთვის საინტერესო არ არის. რუსები ამას სააკაშვილს არაერთხელ ეუბნებოდნენ და აშკარაა, რომ ჩაითრიეს ის. უფრო სწორად, რუსეთი აშკარად ითრევდა საქართველოს რაღაც ავანტიურაში. სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ცხინვალის მიმართულებით მას ყველაფერი წესრიგში ექნებოდა და არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა. მოგვიანებით, გავრცელდა "ვიკილიქსის" მონაცემები, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ ბრუნდებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი სოხუმიდან თბილისში 2007 წლის მაისში. ტეფტს შეხვედრა ჰქონდა სერგეი ბაღაფშთან და იქიდან ინფორმაცია ჩამოიტანა. ამ დროისთვის აფეთქება მოხდა აფხაზურ და ქართულ მხარეს შორის, მოლაპარაკებები აღარ იმართება, აფხაზებმა ჩვენთან ურთიერთობები გაწყვიტეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტეფტმა სოხუმიდან საიდუმლო ინფორმაცია ჩამოგვიტანა, რომ აფხაზები მზად იყვნენ ჩვენთან ურთიერთობებისთვის. საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაგაფში სიტუაცია ვერ ფლობს და რუსეთის ფსბ-ს გენერალ ვიქტორ კომოგაროვისგან ჰქონდათ მონაცემები, რომ რუსეთს ომი არ აინტერესებდა, ცხინვალი არ სჭირდებოდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მის ინტერესებში არ შედიოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, რომ პროვოკაციას წამოეგო.

რუსულ გამოცემასთან საუბრისას, რეინტეგრაციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთში ახლა გადაგდებული ძვლის პრინციპი მოქმედებს: რაც უფრო მეტად აწვები, მით უფრო შორს მიფრინავს და რაც უფრო მეტად აწვება რუსეთი საქართველოს, მით უფრო მეტად ვისწრაფვით ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირისკენ.

"აფხაზებსაც და ოსებსაც ერთმნიშვნელოვანი არჩევანი ექნებათ: ან აირჩიონ რუსეთი მისი ჩრდილოკავკასიური პრობლემებით, ან ევროპული საქართველო. ვფიქრობ, არჩევანი რუსეთსაც აქვს: ან საქართველოს სახით მეგობარი ჰყავდეს ნატო-ში, ან საქართველოს სახით არაკეთილგანწყობილი მეზობელი ჰყავდეს ნატო-ში. ვფიქრობ, თუ რუსეთი ამას გაიაზრებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო ნატო-ში მისი მეგობარი იყოს, ეს მისთვის უფრო სასარგებლო იქნება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეძენით, ის მთელ კავკასიას კარგავს. ჩემი აზრით, ეს რუსეთის მთავარი სტრატეგიული შეცდომაა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რეინტეგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში ერთ დღეში არ მიიღებენ. მანამდე კი ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოპოვებაა მთავარი მიზანი.

"ვფიქრობ, მთავარი ნატო-ში ცალი ფეხით შესვლაა, ანუ სამოქმედო გეგმის მოპოვება. მერე კი, ალიანსი, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ძლიერად "დაგვამუშავებს" და მოგვთხოვს განმარტებებს, როგორც დავარეგულიროთ კონფლიქტი. ვფიქრობ, იმ დროისთვის, როცა ნატო-ში მიგვიღებენ, ამ მხრივ დიდი პროგრესი გვექნება. მთავარი არა საბოლოო დარეგულირება, არამედ ისაა, თუ რა ფორმებს მიიღებს დარეგულირების პროცესი, რამდენად მდგრადი და შეუქცევადი იქნება სამშვიდობო პროცესი და რამდენად შედის ეს იმ ერების ინტერესებში, რომლებიც ამ კონფლიქტში არიან ჩართული. ნატო ჩვენთვის დიდი სტიმულია, მისკენ სწრაფვა გვაიძულებს, გავიზარდოთ. ზრდის ამ პროცესში მოხდება სამოქალაქო ინსტიტუტების აღდგენა, გახლეჩილი ხელისუფლების გამყარება, რომლის დროსაც იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, კანონით უფლებაშეზღუდული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და ადამიანთა უფლებები იქნება პრიორიტეტული. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, წავა თუ მოვა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ინსტიტუტები რჩებიან და მე მინდა ასეთი სახელმწიფოს შენებაში ვმონაწილეობდე. ასეთ სახელმწიფოს აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ. უახლოესი ათი წლის განმავლობაში, საეჭვოა, რუსეთი რადიკალურად შეიცვალოს. საქართველო კი ამ ხნის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთთან ურთიერთობა, რაც პირველ რიგში, აგრესიული რიტორიკის შეწყვეტაში გამოიხატება. მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან მაქსიმალურ თანამშრომლობას ცდილობს.

"რა თქმა უნდა, წითელი ხაზი – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – ჯერ გადაკვეთილი არ არის და ვიდრე რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარს არ იტყვის, საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გამო რუსეთი საქართველოს ქედს არ მოუხდის, თუმცა საქართველოს მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, რუსეთი უფრო აგრესიული იქნებოდა.

რაც შეეხება ოსური მხარის მხრიდან საქართველოს საზღვარზე მავთულხლართების გაბმას, რეინტეგრაციის მინისტრმა განცხადა, რომ ქართულმა მხარემ ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე დააყენა.

"თუმცა, რუსეთი გვპასუხობს, რომ ეს ოსებს უნდათ. მე კი ვიცი, რომ ოსებს ეს არ უნდათ. ისინი გრძნობენ, რომ მათ იზოლაციას ახდენენ და თანაც, ეს ორმაგი სტანდარტია: ერთი მხრივ, დეკლარაციის დონეზე რუსეთი ამბობს, რომ ერთმანეთში ურთიერთობა ხალხმა უნდა მოაგვაროს, მეორე მხრივ კი, ისინი მავთულხლართებს აბამენ. იქაურ გლეხებთან საუბრისას იქ მყოფი რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ეს არა ოსების, არამედ მათი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა. რუსეთი ამით ვერაფერს მოიგებს. საქართველო რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ანკლავი არ არის, საქართველოს ევროპაში გასასვლელი კარი აქვს და ნატო-ს ემეზობლება. რუსეთი უნდა დაფიქრდეს, რატომ შეიერთა ვარშავის ხელშეკრულების წევრები ნატო-მ და არა - რუსეთმა, რომელმაც ამის მიზეზები არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით უნდა ეძებოს ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?