"გზის" #28-ში გამოქვეყნებულ სტატიას "ყურაძეების 8-სულიანი ოჯახი ავტობუსში ცხოვრობს" საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალის გამოსვლის დღიდან, ქალბატონ იამზე ხასაიას არაერთხელ შევეხმიანე. თავადაც მიკავშირდებოდა და სიკეთის ახალ მაგალითებს გახარებული მიყვებოდა. მერე მთხოვა, მომეცი შესაძლებლობა, ვინც დამეხმარა, ყველას მადლობა გადავუხადოო. გასულ კვირას ლუბლიანას ქ. #2-ში ყურაძეების მოსანახულებლად მივედი.
- "გზამ" მე მომავლის იმედი დამიბრუნა. ბევრი კეთილი ადამიანი მოვიდა, ამდენი სითბო და თანაგრძნობა სხვა დროს არავისგან მიგრძნია. - ღიმილით შემომეგება იამზე.
- შეცვლილი, გალაღებული მეჩვენებით...
- ხალისი დამიბრუნდა. 11 ივლისიდან (ეს "გზის" გამოსვლის თარიღია) ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მასალა ინტერნეტში დაიდო, გერმანიაში მცხოვრები ქალბატონი თინა ფიდაშელი დამიკავშირდა. სტატია რომ წავიკითხე, კანკალმა ამიტანა, ცრემლები მომერიაო და საჩუქრად 150 ევრო გამომიგზავნა. იმ ფულით ვალები გავისტუმრე. მეორე დღეს ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, ფოტოები გადაგვიღო, გამოგვკითხა, რა გჭირდებათო. დაგპირდა, რამდენიმე დღეში მოვალო. მოგვიანებით, ეს ადამიანი - ზვიად ცაბაძე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად მოვიდა და ტელევიზორი, თეთრეული, საკვები, სარეცხი საშუალებები, ტანსაცმელი მოგვიტანა. ხვალ ეროვნული ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძეს ველოდებით, წიგნები უნდა მოგვიტანოს. ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, სახელს და გვარსაც რომ არ გვეუბნება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კეთილი ადამიანი გავიცანი.
- ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინმე გამოგეხმაურათ?
- "ქართული ოცნების" დიღმის ფილიალიდან მოვიდნენ. ჩემს მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და დახმარებას დამპირდნენ. გულისხმიერება გამოიჩინა ექიმმა მაია ბერიძემ. მან უსასყიდლოდ სამედიცინო მომსახურება 2-ჯერ გამიწია. წამლების ნაწილიც გამომატანა. სანამ იმ წამლებს ვსვამდი, კარგად ვიყავი. შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიშუამდგომლეს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და მათ ჩემთვის საჭირო ყველა მედიკამენტი შეიძინეს. რამდენიმე დღის წინ, "ბეკოდან" დამირეკეს, ჩვენს ოფისში მობრძანდთო. მივედით და საკვები პროდუქტების ნაკრები გადმოგვცეს საჩუქრად. ერთი ამერიკელი მოვიდა, თარჯიმანიც მოჰყვა. სტუდენტი ვარ, თბილისში ვსწავლობო და საკუთარი დანაზოგიდან 280 ლარი დამიტოვა. ჩემი ოჯახით პოლონელი ჟურნალისტიც დაინტერესდა. ერთი დღე ჩვენთან ერთად იცხოვრა. გადაიღო, როგორ ვამზადებთ კერძს, როგორ ვრეცხავთ, მეორე დღეს პოლონეთში წავიდა. სიუჟეტი პოლონურ არხზე გავა და როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, პირველად თქვენთან მოვალო.
- თქვენ რომელიმე რაიონში მიწის ნაკვეთს ითხოვთ, ამაზე არავინ გამოგხმაურებიათ?
- არა. რამდენიმე დღის წინ გაგვაგებინეს, გორში, სოფელ შავშვებში 5.000 დოლარად პატარა საცხოვრებელი სახლი ნაკვეთთან ერთად იყიდებაო. ძვირი არ არის, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი თანხაა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედით მაინც დაგვეხმარა, ან ვერ დაგვეხმარა და ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა.
ზეინაბმა ავტობუსშიც შემიყვანა, მოდი, ჩვენი ახალი ტელევიზორი გაჩვენოო. ბედნიერი ვარ, რომ ყურაძეების სიხარულში წვლილი "გზასაც" მიუძღვის, რომ ჩვენს მკითხველებს შორის, ძალიან ბევრი გულისხმიერი და კეთილი ადამიანია. იმედია, მათი მთავარი პრობლემაც მალე მოგვარდება. მათგან წამოსული, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სიკეთის კეთება ყველაზე დიდი სიხარულია. ამ განცდამ პატრიარქის სიტყვები გამახსენა: "საოცარია, ზოგჯერ ვინც ეხმარება, მას უფრო მეტად უხარია, ვიდრე იმას, ვისაც ეხმარება. საკითხავია, ჩვენ ვეხმარებით მათ, თუ ისინი გვეხმარებიან ჩვენ".
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)
იხილეთ ვიდეო