ილია ვეკუას შვილიშვილი უნივერსიტეტის რექტორობისთვის იბრძვის

ილია ვეკუას შვილიშვილი უნივერსიტეტის რექტორობისთვის იბრძვის

16 აგვისტოს აკადემიური საბჭო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს აირჩევს. მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია თავხელიძე ერთ-ერთია იმ 14 პიროვნებიდან, ვინც ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ბატონი ილია გამოჩენილი მათემატიკოსის - ილია ვეკუას შვილიშვილი და ასევე გამოჩენილი ფიზიკოსის - ალბერტ თავხელიძის ძმისშვილი გახლავთ (შეგახსენებთ: ორივე მათგანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო).

ილია თავხელიძე ოჯახსა და გამოცდილებაზე, უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და საკუთარ ხედვებზე გვესაუბრება.

- მეცნიერთა ოჯახში დავიბადე, სადაც სამი თაობა ამ ურთულეს დარგს ვემსახურეთ. საზოგადოება ყოველთვის მხოლოდ წარმატებულ მხარეს ხედავს, მაგრამ ამის მიღმა რამდენი უძილო ღამე, ფიქრი, წყენა, გაუგებრობა და შრომაა გაწეული, თითქმის ყველასთვის შეუმჩნეველია. ბაბუა და ბიძაჩემი ერთი მხრივ, უაღრესად თბილი ადამიანები იყვნენ, მეორე მხრივ - უმკაცრესი კრიტიკოსები. როდესაც საუბარი იწყებოდა მეცნიერებაზე, კონკრეტულ დარგზე, მიღწევაზე ან მიღებულ ახალ შედეგზე, სხვის მიმართ გაცილებით ლმობიერები იყვნენ, ვიდრე ერთმანეთთან და ჩემთან. ამის გამო იყო, რომ მეცნიერებაში არც ერთის გზა ავირჩიე, არც - მეორის... ჩემი სამუშაო ჯგუფი რუსულ-სომხურ-უკრაინული იყო. ამ ჯგუფის მუშაობაში მესამე კურსიდან ჩავერთე, როცა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება პირველად 1975 წლის იანვარში გავაკეთე და ჩემთვის უდიდესი გამოცდა იყო, როდესაც პლენარულ მოხსენებას დილის სექციაზე ბაბუა - ილია ვეკუა აკეთებდა, საღამოს სექციაზე კი - მე. მისი შვილიშვილი რომ ვიყავი, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით. მოხსენებამდე მისი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოვექეცი: ერთი სიტყვა მქონდა გამორჩენილი, რომლის გამოც შეიძლებოდა, ეს მოხსენება აღარც წამეკითხა... შუაღამემდე ვმუშაობდი, სანამ "უზუსტობა" თვითონ არ ვიპოვე. საუბარი მქონდა იმაზე, რომ მაგალითად, რაღაც დებულება სამართლიანია ყველა რიცხვისათვის, სინამდვილეში კი უნდა მეთქვა - ზოგიერთისთვის. სანამ თვითონ არ მივხვდი, ბაბუამ კატეგორიულად გამაფრთხილა, საჯაროდ მოხსენება არ წაიკითხოო. ამ დღის შემდეგ, თითოეული სიტყვის ფასი ვისწავლე და მივხვდი, რომ შეცდომაა, როდესაც ზოგად შეფასებებს აკეთებ და ერთ რაიმეს ყველას მიაწერ. სიტყვას აწონ-დაწონა სჭირდება, ცხოვრებაშიც და მათემატიკაშიც.

- ბატონო ილია, რატომ გადაწყვიტეთ უნივერსიტეტის რექტორობაზე თქვენი კანდიდატურა წარგედგინათ?

- დიდი გამოცდილება, რომელიც თავადაც დავაგროვე და ოჯახიდანაც მომყვება, არის საფუძველი იმისა, რომ გავბედე და უნივერსიტეტის რექტორობაზე ჩემი კანდიდატურა წამოვაყენე. სიმართლე გითხრათ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემთვის ძალზე პატივსაცემმა ადამიანებმა - მათემატიკოსების ერთმა ჯგუფმა, ჩემმა კოლეგებმა საგანგებოდ მთხოვეს: ბევრი ვიმსჯელეთ და გვინდა, შენი კანდიდატურა წარადგინოო. რექტორობის არჩევნებში გავიმარჯვებ თუ ვერა, ჩემთვის მათი ჟესტი ყოველთვის უდიდესი პატივისცემის გამოხატულებად დარჩება და ამ შემოთავაზებისთვის მადლიერი ვიქნები.

- მოკლედ, თქვენი გამოცდილების შესახებაც გვესაუბრეთ.

- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იქ 11 წელი ვიმუშავე. ასევე - ნოვოსიბირსკში. რომის უნივერსიტეტში 5-ჯერ მოკლე ვიზიტებით ვიყავი მიწვეული, ერთხელ კი - ერთწლიანით. ასევე მიწვეული პროფესორი გახლდით: სალერნოში, ჰაიდელბერგში, ლონდონში, კიოლნში და ა.შ. ევროპული გამოცდილება უნივერსიტეტში მინდა გადმოვიტანო და თუ ამის საშუალება მომეცემა, მოხარული ვიქნები.

- ცნობილია, რომ ბატონი ილია ვეკუა ორჯერ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მან დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი და ა.შ. აგრეთვე იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი - ისევე, როგორც შემდგომში - ბატონი ალბერტ თავხელიძე...

- დიახ, ამ მხრივ, ბაბუაჩემს გაცილებით დიდი გამოცდილება ჰქონდა. მგონი, მსოფლიო ისტორიაში უნიკალური ფაქტია: ილია ვეკუა ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორი იყო - თბილისის და ნოვოსიბირსკის, რომლის რექტორიც გახლდათ და დამაარსებელიც. თსუ-ში ორჯერ დაინიშნა - პირველად, მოკლე ვადით, რადგან პოლიტიკურ გაუგებრობებს შეეწირა, მეორედ კი სწორედ ისეთი რექტორი იყო, რომელიც ყველას კარგად ახსოვს. მის დროს პომპეზურად აღინიშნა უნივერსიტეტის 50-ე წლისთავი. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ულამაზესი კამპუსი იყო დაგეგმილი, რომელიც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა და ჩემი ოცნებაა, რომელიმე რექტორის ხელში იმ იდეის ნახევარს მაინც შეესხას ხორცი, რაც მაშინ იყო ჩაფიქრებული - ტბა, ნავები, სასეირნო ადგილები, სპორტული მოედნები და ა.შ. საერთო საცხოვრებლები აშენებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, ის უნივერსიტეტმა დევნილებს დაუთმო. ამით კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ სამწუხაროდ, უნივერსიტეტისთვის ეს დანაკლისია, რადგან თანამედროვე ტიპის სასწავლო დაწესებულებას საერთო საცხოვრებელი აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ უცხოელი სტუდენტები და ასპირანტები მიიღოს; რაიონებიდან ჩამოსულთათვის ქალაქში ცხოვრება მძიმე ტვირთია, მათი კარგად მესმის და ეს ჩემს პროგრამაშიც აღვნიშნე.

- რის გაკეთებას გეგმავთ, თუ რექტორობის სხვა კანდიდატებს შორის საბოლოოდ, უპირატესობას სწორედ თქვენ მოგანიჭებენ?

- რომში მუშაობისას ერთი შესანიშნავი და ყველასათვის ცნობილი ფრაზა გამახსენდა: რომი ერთ დღეს არ აშენებულაო... ქართველებს რატომღაც გვსურს, რომ ყველა იდეა ერთი რექტორის, ერთი მმართველის მიერ განხორციელდეს, მაგრამ ასე არ ხდება. უნივერსიტეტი ძალიან დიდი ორგანიზმია და ვერც ერთი კანდიდატი ვერავის დაჰპირდება, რომ ერთი ვადით არჩევის შემთხვევაში, ყველა პრობლემას მოაგვარებს. მაშინ არ სცოდნია ის მასშტაბები, თუ რა ამოცანას ეჭიდება. ეს ურთულესი მექანიზმია, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სახელმწიფოსთან, რაც მის სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს. რადგან უნივერსიტეტები სსიპ-ად (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) გადაკეთდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მეცნიერების განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, თუ რომელი დარგია პრიორიტეტული, ფული სად უნდა ჩაიდოს და ა.შ. რექტორის ხელოვნება მთავრობასთან, საბჭოებთან, ინსტიტუტების დირექციებთან მოლაპარაკებებში გამოჩნდება. დაპირებებში ძალზე ძუნწი ვარ. მე რომ უცებ ვთქვა, მოდი, ლექტორებს ხელფასები გავუზარდოთ-მეთქი, რატომაც არა, მაგრამ რის ხარჯზე?.. მე მათემატიკოსი ვარ, ჯერ უნდა დავთვალო ყველაფერი; არ შემიძლია, ადამიანს იმას დავპირდე, რაც თავიდანვე გამოთვლილი არ მაქვს.

- თქვენი აზრით, როგორი რექტორი სჭირდება ახლა თსუ-ს?

- ახლა უნივერსიტეტს მეცნიერის მშვიდი გამოცდილება სჭირდება. მთავარია, ივანე ჯავახიშვილის მიერ 95 წლის წინ დაწყებული საქმე თავისი კურსით გაგრძელდეს და მიმაჩნია, რომ როგორც კარგად ნაშენმა გემმა, ისტორიის აბობოქრებულ ოკეანეში მშვიდად უნდა იმოძრაოს ჭეშმარიტი მეცნიერებისა და განათლების გზით. თუმცა, ახალი ფორმებია საძიებელი, შენობებია ასაშენებელი, წიგნებია სათარგმნი, აპარატურა - შესაძენი, ლაბორატორიები - მოსაწყობი და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა, მაგრამ მთავარი ის დიდი სულისკვეთება და იდეაა, რაც ივანე ჯავახიშვილმა და უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩადეს: პირველი - გაიზარდოს მოქალაქე ნასწავლი, საქმის პროფესიონალი და პატრიოტი; მეორე - ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მსოფლიო ფასეულობები ეროვნული ინტერესის შესაბამისად გადამუშავდება და იმ აზრის ფორმირება მოხდება, რაც აქედან საზოგადოებაში გავა. უნივერსიტეტი გარედან უნდა ჩანდეს მშვიდი, თორემ, დააკვირდით - როგორც კი რაიმე გაჭირვება ჰქონდა საქართველოს, სწორედ უნივერსიტეტი მოუწოდებდა სტუდენტებს "იარაღის აღებისკენ", თუმცა ის თავისი არსით, ყველაზე მშვიდობისმოყვარეა. როგორც კი ქართულ ენას საქართველოში საფრთხე დაემუქრა, ვინ დაიწყო პირველი ბუნტი? ისევ უნივერსიტეტმა. სიმშვიდე და განათლებულობა იმის იმპულსს იძლევა, რომ საზოგადოებამ დიდი ნახტომი გააკეთოს. შეიძლება, ეს ძალზე თამამი განცხადებაა, მაგრამ უნივერსიტეტი 95 წელია სწორედ ამ მისიას ემსახურება. თუმცა ეს დრო ჩვენთვისაა დიდი, თორემ ტრადიციული ევროპული უნივერსიტეტებისათვის არცთუ ისე დიდი პერიოდია, მოკრძალებული ისტორიაა. ამიტომ, ერთი რექტორის ხელში "ოაზისები აშენდეს", სწავლის დონემ აიწიოს და ყველაფერი შეიქმნას - უტოპიაა. სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა შემუშავდეს. შეიძლება, რომელიმე დარგი მოკვდეს კიდეც. მაშინ, ყოველგვარი აღელვების გარეშე, იმ პროგრამის გადაკეთება უნდა მოხდეს "მემკვიდრე თანამედროვე პროგრამად" ან ახალი დარგი გაჩნდეს და შესაბამისი კადრების მომზადება მშვიდად და წყნარად მოხდეს.

- ძირითადად, რა პრობლემები იკვეთება ამჟამად უნივერსიტეტში?

- ნებისმიერ რექტორს პრობლემების მთელი "ხლართი" დახვდება და არა იმიტომ, რომ მისი წინამორბედი ცუდი იყო. არსებობს სუბიექტური და ობიექტური ნაკლოვანებები. მაგალითად, გაუთავებლად საუბარია იმაზე, რომ იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტების პროფესორებს მაღალი ხელფასები აქვთ, სხვებს - დაბალი. ერთი მხრივ, უსამართლობაა, მაგრამ არასწორი იქნება, თუ მათი ხელფასის დაწევის ხარჯზე მოხდება შრომის ანაზღაურების გათანაბრება. ამიტომ, კოლეგებთან ერთად, მოსაძებნია გამოსავალი. ბევრი, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება არსებობს, თუ როგორ ხდება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამების დოტაციური განვითარება. მხოლოდ იმის თქმა, რომ სახელმწიფოს, მაგალითად, უნდა ჰყავდეს კარგი ბიოლოგი, დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მაგრამ როდესაც ეს გააზრებული პროგრამის ნაწილი იქნება, უნივერსიტეტიც თავის ადგილს ნახავს და სწავლის პროცესიც აწყობილი იქნება.

- თქვენს კონკურენტებზე რას იტყვით?

- ყველაზე მეტად ამ თემაზე საუბარი მიჭირს. ჩვენს ვებგვერდზე ყველას კონცეფცია დევს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ. ყველა კონკურსანტს თავისი მოტივაცია, შეხედულება და შანსი აქვს. მე ვიცი, რატომ გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი; რამდენად გავიმარჯვებ და რამდენად მომცემენ ხმას საბჭოს წევრები, ამას ვერ გეტყვით. ალალად ვამბობ იმას, რაც უნივერსიტეტს სჭირდება, თუ რა ტრადიციებია შესანარჩუნებელი, რა სულისკვეთებაა ასაღორძინებელი და ა.შ. მაგალითად, მე მოვუწოდე სხვებსაც, რომ ყველა კონკურსანტმა ჩვენს გულში პირობა, ფიცი დავდოთ: თუკი გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მოტივების გამო, ჩემი ყოფნა უნივერსიტეტისთვის საზიანო გახდება, მაშინვე უნდა გადავდგე, იმიტომ, რომ ჩემს ზურგს უკან ხალხი დგას, და ადგილი უფრო ღირსეულს დავუთმო: როგორც თავის დროზე მოიქცა ივანე ჯავახიშვილი (როცა უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი გახდა), ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ... ძალიან მინდა, არჩევნების პროცესი აბსოლუტურად გამიჯნული იყოს პოლიტიკისგან. ყველა კონკურსანტი ვთანხმდებით იმაზე, რომ აქაურ კედლებში პოლიტიკის შემოტანა უნივერსიტეტს კარგს არაფერს მოუტანს. ეს ეტაპი უნივერსიტეტმა არაერთხელ გაიარა, დღეს და გუშინ არ დაწყებულა. შეცდომები, გაუგებრობები ბოლო დროსაც იყო. ახლა სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ კანონს, ისტორიას უნდა მივანდოთ. მომავალი თაობებისთვის მშვიდი, საგანმანათლებლო სვლა უნდა განვაგრძოთ იმ იდეალებისკენ, რაც დამფუძნებლებმა უნივერსიტეტს განუსაზღვრეს და ყველა რექტორი ამას უნდა ემსახურებოდეს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია