ვფიქრობ, უკვე დროა, ექიმები სერიოზულად ჩაერთონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაში, - ასე შეაფასა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ კრემლის ადმინისტრაციიდან მისი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული განცხადებები.
"მე არ ვიცი, რატომ ვერ აკონტროლებენ სააკაშვილს მისივე გუნდის წარმომადგენლები, ან მისი ოჯახის წევრები, რომ ზედიზედ ასეთი ინტერვიუები არ მისცეს. მისმა გუშინწინდელმა ინტერვიუმ მე დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, როდესაც აშკარად იძულებითი მკურნალობა სჭირდება ადამიანს და ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი.
"მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა ექიმები სერიოზულად ჩაერთონ ამ ვითარების გარკვევაში. ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს შეტანილი, რომელზეც აბსურდულ პასუხებს ვიღებდით, რომ ეს არ არის ბრალდება, ეს არის აზრი, ამავდროულად ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თავად სააკაშვილის მხრიდან, როცა ერთ ინტერვიუში ამბობდა, კი ასე, მეორე ინტერვიუში კი არა, ასე არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დროა ამ საქმეში ექიმები ჩაერთონ", - მიაჩნია პრეზიდენტობის კანდიდატს.