რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს

რესტორან "ლოფტში" ჩხუბის გამო ხუთი პირი დააკავეს

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" წუხელ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სროლაც მოჰყვა.

რესტორან "ლოფტის" პერსონალი წუხელ მომხდარი ჩხუბის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სროლის ფაქტს უარყოფს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჩხუბის შედეგად დამტვრეულია რესტორნის შუშის კარი, ასევე დამტვრეულია ჭურჭელი, მაგიდები, სკამები და დაზიანებულია ინტერიერი.

რესტორნის თანამშრომლები მომხდარს დეტალურად არ ყვებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ღამით სტუმრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაშიც რესტორნის დაცვა ჩაერია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ გატეხილი აქვს თავი და სახეზე სილურჯეები აქვს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას დახმარება წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

რესტორანში ამ დროისთვის სიმშვიდეა. პერსონალი კი, რომელიც წუხელ მუშაობდა, არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ