"არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მიდის, ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება უმრავლესობის სახელით. ერთი წელია წარსულის ქექვით ვცხოვრობთ", - აცხადებს თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელიც დიდი ხნის შემდეგ "კვირის პალიტრის" სტუმარია. როცა "ნაცმოძრაობა" ხელისუფლების სათავეში იყო, მაშინ ქალაქის მერს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ ეცალა; სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია...
- რა ფუნქცია ჰქონდა თბილისის მერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს?
- სრული აბსურდი და სისულელეა გავრცელებული აზრი, თითქოს მე სამხედრო გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ეს კითხვები, ალბათ, იმიტომ გაჩნდა, რომ ყოველდღე ცხელ წერტილში ვიყავი. აბა, სად უნდა ვყოფილიყავი, როდესაც მთელი თბილისის სასწრაფო დახმარება და სამაშველო სახანძრო სამსახური საომარ პროცესებს ემსახურებოდა?
- მაშ, რატომ გაახმაურეთ ცნობილი მორატორიუმის ტექსტი, რომელმაც რუსებს მანევრირების საშუალება მისცა?
- არ მაინტერესებს, ვინ რას ლაპარაკობს ამ თემაზე. ეს განცხადება მე კი არა, სანაკოევმა გააკეთა.
- სანაკოევი ეგეთ საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. თქვენ არ გამართეთ ბრიფინგი?
- სანაკოევი ჩემ გვერდით იდგა და ვინაიდან ქართულად ვერ ლაპარაკობდა, რუსულად გააკეთა განცხადება. მე მას მეგობრულად დავეხმარე და იგივე განცხადება ქართულად გავაკეთე. თარჯიმნები უნდა გვეძებნა?
- როგორც ცნობილია, თქვენ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ საკითხებს აგვარებდით. ცხინვალში ყველაფრის დასრულების შემდეგ აქცია უნდა ჩატარებულიყო, რისთვისაც დროშები და პლაკატები ყვითელი ავტობუსებით გქონდათ მობილიზებული.
- ამ სპეკულაციას პირველად ვიგებ თქვენგან. იქ შევსულიყავით და ვისაც უნდა, იმას ჩაეტარებინა აქცია. არ ვიცი, რა გიპასუხოთ, რომელი ქანთარია მე ვარ, დროშა სადმე ჩამერჭო. ეს ჭორია და მეტი არაფერი.
- ავტობუსებსა და პიკაპებში დროშები არ გქონდათ?
- მსგავსი არაფერი ყოფილა. როცა ამხელა ტრაგედიაზე ვლაპარაკობთ, ამაზე კომენტარები არასერიოზულია.
- თქვენი გუნდის წევრებისგან მომისმენია, რომ ცხელ წერტილში მედიის მუშაობას უწევდით კოორდინირებას.
- არა, მე რა შუაში ვიყავი, იქ ძირითადად სხვადასხვა უწყების პრესსამსახურები მუშაობდნენ. გორის მედიაცენტრში მხოლოდ ორჯერ მივედი, რომ ინტერვიუ მიმეცა ჟურნალისტებისთვის.
- ჰქონდა თუ არა საქართველოს საომარი მოქმედებების გეგმა?
- მოდი, ტერმინებს დავაზუსტებ. ომი გლობალური მოვლენაა, როდესაც ქვეყნებსა და ცივილიზაციებს შორის ხდება შეჯახება. მე ამ მოვლენას საბრძოლო მოქმედებებს დავარქმევდი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობდა ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა რა ვქნათ, თავზე ნაცარი წავიყაროთ და ვიძახოთ, დათვო, ბაბაია, ბაბაიაო?! რა მოაქვს ამას? დღეს რამე შეიცვალა რუსეთთან? ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, არათუ მავნებლობა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ღალატია.
- სააკაშვილი ჯიუტად ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის პროექტია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- რაღაც კავშირები რუსეთთან, ალბათ, აქვს და არც მალავს. მე მას რუსულ პროექტს არ დავარქმევდი.
- წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მთელი შემადგენლობა ამაზე ლაპარაკობდა.
- წინასაარჩევნო პერიოდს თავი დავანებოთ, მე ვამბობ, დღეს რა არის.
- ტერიტორიების სანაცვლოდ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს ნატოსა და ევროპულ ოჯახში გაწევრებაზე უარის თქმა, როგორც ეს სააკაშვილმა განაცხადა?
- ეს შედარება არათანაზომადი და უადგილოა, რადგან ეს საკითხი არ დგას.