"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."

"იმ ღამეს ომი წავაგეთ..."

"საქართველომ, 2008 წლის აგვისტოში, წააგო ერთ-ერთი სამარცხვინო ომი (თუ ყველაზე სამარცხვინო არა) საკუთარ ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილი არ არის არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენი არმია დამარცხებულიყოს თავისზე 3-ჯერ ნაკლებ შემტევ მოწინააღმდეგესთან, მით უფრო, თუ ამ მოწინააღმდეგეს არ ჰქონდა თვისებრივი უპირატესობა სახმელეთო ტექნიკაში".

კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი, 2008 წლის სექტემბერი

"მათ ჰქონდათ უახლესი ტექნიკა, საუკეთესო კავშირგაბმულობა, კარგი ორგანიზება, ესენი იყვნენ განსწავლული და შესანიშნავად მომზადებული სამხედრო ნაწილები. სისულელეს ამბობენ ისინი, ვინც ქართულ არმიას უუნაროს უწოდებენ. ეს იყო ყველაზე სერიოზული და საშიში მოწინააღმდეგე, გარწმუნებთ, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ".

გენერალ-ლეინტენანტი ანატოლი ხრულოვი, 58-ე არმიის მეთაური, 2009 წ.

2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, ცხინვალში ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" შევიდა... 58-ე არმიის ნაწილები კი გაჭირვებით (ქართული არტილერია გამუდმებით ბომბავდა გზას) მიემართებოდნენ ქალაქისკენ. რუსეთის ავიაცია ბომბავდა საქართველოს სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს, მათ შორის მარნეულის, სენაკის, კოპიტნარის აეროდრომებს, სენაკის სამხედრო ბაზას და ფოთის პორტს... მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაში, საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. რეზერვისტებს თავს უყრიდნენ გორში... ხელისუფლებამ სენაკიდან ცხინვალის მიმართულებით მეორე ბრიგადის გადასროლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო დასავლეთ საქართველო ფაქტობრივად დაუცველი დარჩა, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სოხუმს უახლოვდებოდა, ხოლო აფხაზური შეიარაღებული ნაწილები - ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარს...

"ჩვენ ვიცოდით, რომ ცხინვალი ჩვენი არ არის, ვიცოდით, რომ სულ "იკარგებოდა". ქალაქი გამუდმებით იბომბებოდა და გვეგონა, სარდლობა სწორად იქცევა, რომ ძირითადი იერიში მიდის ჯავასა და როკზე, რომ ჯამში, იმ ვიწრო ხეობაში გაწყდებოდნენ რუსები, მაგრამ სარდლობა ასე არ ფიქრობდა; თუმცა ომს მაინც ვიგებდით. მთელი შაბათი დღე ჩვენი ბენეფისი იყო. ПВО-მ ჩამოაგდო ყველა თვითმფრინავი, რომელიც შემოფრინდა ჩვენს ტერიტორიაზე, არტილერიამ "ნავოდკის" გარეშე დაიჭირა როკი-ჯავა-ცხინვალის გზის კოორდინატები - პირადად ვნახე, რამდენი არტილერია ისროდა ერედვის გარშემო, ცხინვალთან ნახევარ კილომეტრში... მაგ მომენტში ცხინვალი ჩვენი არ იყო და ლამის მომკლეს იმ ილუზიის გამო, რომ ცხინვალში სეირნობა-სეირნობით ჩავიდოდით, როკის გვირაბიდან გამომავალი ერთადერთი გზა ისე იბომბებოდა, რომ საღამოს შეწყდა ჯარების გამოსვლა. ღამით რუსები აკივლდნენ - დაჭრილები გაგვაყვანინეთ და გაგვიშვითო! ჩვენ დაგვირიგეს MPSU-ები და ოპერაციაზე გასასვლელად მზადყოფნა გამოცხადდა. ყველა რეკავს მობილურზე და არკვევს, რომ ჯავას და მის შემოგარენს ქართულმა არტილერიამ დედა უტირა და ახლა ჩვენ უნდა შევუტიოთ. სრული ეიფორიაა. ხალხი მზად არის. რეალურად არავინ იძინებს, ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისკენ...

ღამე არტილერიის სროლა წყდება. "სერჟა" დამწუხრებული ამბობს, - გამოდის, ჩვენი ქვეითი ჯარი გადავიდა შეტევაზე, ჩვენ კი არ გადაგვისროლესო, ომი ისე დამთავრდა, ჯავის ბრძოლაში არ ჩაგვრთესო... რეალობა კი ასეთია: რუსებს მიეცათ დაჭრილების გაყვანის უფლება და რამდენიმე საათის მანძილზე როკის გვირაბთან დაგროვილი ტექნიკა და ხალხი შემოცვივდა, რა ტემპითაც შეეძლოთ. იმდენად არ ელოდნენ ჩვენგან ამას (ცეცხლის შეწყვეტას), რომ საწვავიც არ ჰქონდათ მომზადებული და შუა გზაზე, ჯავასთან, დიზელი გაუთავდათ. 2 საათი ელოდნენ როკის გზით ცისტერნების შემოსვლას. ჩვენი არტილერია დუმდა... ლიახვის ხიდი ცოცხალი იყო, ჩვენი ჯარი ისვენებდა, რუსებს კი დერეფანი ჰქონდათ დაჭრილების გასაყვანად(?!) - დილით მათ ყველა მხრიდან დაიწყეს შეტევა. ეს იყო და ეს. იმ ღამეს წავაგეთ ომი, რომელიც მოიგეს ჯარისკაცებმა და წააგო სარდლობამ მანამდეც, უკვე სამჯერ: დაგეგმვისას, განხორციელებისას და ცხინვალის უაზრო დერეფნისას, მაგრამ ბიჭები ყველაფერს იბრუნებდნენ. მე ვიცი, რომ ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი წავაგეთ, ვის მოუვიდა თავში ეს "სირობები" ორჯერ ზედიზედ, ვინ მისცა მეორე დერეფანი მას მერე, რაც პირველი - ცხინვალის მორატორიუმი - ოსებმა ქალაქში შემოსაჯლიგინებლად გამოიყენეს."

ქართველი ჯარისკაცის ნაამბობი

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?