გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი

გიორგი მარგველაშვილი - მე მაქვს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი

27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომელის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა და აბსურდული ვეტოები. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნოქალაქევში პრემიერის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ნოქალაქევი არის სიმბოლო, საიდანაც რეალურად საქართველო იწყება.

"აქედან დაიწყო საქართველოს მშენებლობა, როდესაც ქუჯი ერისთავმა თანხმობის ხელი გაუწოდა ფარნავაზს, სწორედ ამით შეიქმნა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ საუკუნეები. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ შეუძლებელია არ იგრძნო შენი ვალდებულება, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ტვირთია, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.

"მადლობა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობისთვის, ამ ვალდებულებას ბოლომდე გავატარებ და ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის და გავიმარჯვებ არჩევნებში. მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის, მე მაქვს მაგალითი ამისა. ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქართველ ერთან ერთად მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ჩვენ რეალურად შევქმენით ახალი ტიპის გარდაქმნები და ახალი ტიპის მთავრობა. ამან შეცვალა ხელისუფლებისა და ხალხის დამოკიდებულება. ეს მთავრობა არის ხალხი, რომელიც ემსახურება თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ცხრა თვის განმავლობაში ბევრი ფერმერის ნაკვეთი იქნა მიხედილი, მათ მიეცათ 500 ლარიანი ვაუჩერი.

"თქვენი შვილები რომ მივლენ სკოლაში, მათ დახვდებათ წიგნები. ყველა საქართველოს მოქალქე არის დაზღვეული, მედია არის თავისუფალი, ეს არის დასაწყისი ცვლილებებისა და რეფორმების, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და სერიოზული მიზნები გვაქვს განსახორციელებელი", - აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველო იქნება პოლიტიკურად სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა.

"ეს არის ქვაკუთხედი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. ევროპისკენ სწრაფვა, დემოკრატიული ღირებულებები, ეს არის ქართველი ერის გადაწყვეტილება და ჩვენ ამ კურსის ერთგული ვრჩებით. ის კლიშე, თითქოს არ შეიძლება ევროპისკენ წასვლა, თუ რუსეთთან არ არის დაძაბულობა, ეს კლიშე შევცვალეთ. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დავიწყეთ. ეს გაგრძელდება მომავალში. საქართველოს სჭირდება სტაბილური და მდგრადი პოლიტიკა", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" შარშან ქვეყანას ააცილა დაპირისპირება და ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება.

"27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია მთავრდება და ქვეყანას არ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, სასამართლოში ჩარევა, აბსურდული ვეტოები. ეს მთავრდება 27 ოქტომბერს თქვეთან ერთად და თქვენი მეშვეობით. ამდენად მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ჩართული იქნება საზოგადოებასთან თანამშრომლობაში და საზოგადოების პულსზე ეჭირება ხელი", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა