ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას

ხარატიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნას

თანამდებობიდან მოულოდნელად გადამდგარი ცესკოს თავჯდომარის გადადგომის მიზეზიც უცნობია და სამომავლო გეგმებიც. თუმცა, "რეზონანსის" ინფორმაციით, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაა.

ამის შესახებ "რეზონანსს" ხარატიშვილთან დაახლოებულმა პირმა უთხრა. თუმცა, მას თავისი ვინაობის საჯაროდ დასახელება არ სურს იმ მიზეზით, რომ ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ამის შესახებ თავად აპირებს საუბარს. ხარატიშვილთან დაკავშირება კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.

ის, რომ ხარატიშვილი თავად დაასახელებს ამ გადაწყვეტილების მიზეზს, გუშინ ოფიციალურ ბრიფინგზეც ითქვა.

"15 აგვისტოს თავად აპირებს ზურაბ ხარატიშვილი განცხადების გაკეთებას იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე როგორც ცესკო-ს სპიკერი მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა

მის გადადგომას უკვე გამოეხმაურნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შეფასებითაც, ხარატიშვილმა წასვლის შესახებ ცუდი დრო შეარჩია. თუმცა, მათივე თქმით, ეს არაფერს ცვლის.

"ხარატიშვილი წავიდა და წავიდეს. ამათი გუნდის წევრია, რაღაც ინტრიგა ააგორეს კიდევ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამენ, არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილი წავიდა, სხვებიც გაყვნენ, ვისაც სურვილი აქვს. ცუდ დროს წავიდა, არასწორ დროს წავიდა და ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკურად კიდევ პატარა ინტრიგა ჩააგდეს, მაგრამ მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ.

"სამი თვის წინ შევხვდი, მერე კიდევ შევხვდი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აღარაფერი მოხდება, საქართველოს ვეღარავინ ააყირავებს. ყველაფერი იქნება დაგეგმილი და გეგმაზომიერად განვითარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ამ საკითხის კომენტარისას.

საპარლამენტო უმრავლესობაშიც მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ უნდა წასულიყო.

"ვფიქრობ, რომ ახლა სწორი პერიოდი არ არის, როდესაც უნდა გადამდგარიყო, თუ მას წასვლა უნდოდა, უნდა გადამდგარიყო არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ. რამდენადაც ვიცი და თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ მას თანამშრომლობის პრობლემა არ ჰქონია ახალ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება არჩევნებს, ხარატიშვილი იქნება თუ არა, პრემიერმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს და ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირინა იმერლიშვილი.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუკი ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას აპირებდა, გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მიეღო.

როგორც ის ამბობს, ხარატიშვილის გადაწყვეტილების მიზეზი მისთვის უცნობია. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მას მიცემული ჰქონდა სრული თავისუფლება, ადგილი არ ჰქონია რაიმე ტიპის ზემოქმედებას და მიზეზი სადღაც სხვაგან არის.

"ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ზურაბ ხარატიშვილს თავად აქვს ნათქვამი, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირ ზემოქმედებას არ განიცდის და ამის მცდელობასაც კი არ ჰქონია ადგილიო. როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ არის. დაწყებული არჩევნების დროს თანამდებობის მიტოვება არ მგონია, მიზანშეწონილი მოქმედება იყოს. თუ აპირებ წასვლას, მაშინ მანამ მიიღე გადაწყვეტილება, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყება. ყველასთვის ცნობილი იყო და მათ შორის მისთვისაც, რომ ოქტომბერში არჩევნები უნდა გამართულიყო", - განუცხადა "ინტერპრესსნიუსს" ხმალაძემ.

მეორე საკითხი კი ის არის, თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით ორშაბათს მიმართა, რომელიც პარლამენტის კანცელარიაში უკვე გადაგზავნილია.

აზარაშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს. თავმჯდომარეს ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული პირები ირჩევენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავმჯდომარეს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები 5 დღის ვადაში აირჩევენ. თუმცა, თუ აღნიშნული წესით ცესკო-ში გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებისგან ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი 7 დღის ვადაში ირჩევს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ცესკო-ს თამჯდომარე შემდეგი წესით ირჩევა: თავმჯდომარე აირჩევა პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან პარლამენტის მიერ. კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში - შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს სამ კანდიდატურას წარუდგენს.

თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები - გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურას, კენჭისყრა ფარულია და კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან პარლამენტი, პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს.

მთელ ამ პროცედურაში მთავარი არის ის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრებმა არ უნდა მიიღონ, პრეზიდენტი კანდიდატურებს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიების წევრებს წარუდგენს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიად "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევა. ამის მიზეზი არის ის, რომ კანონის შესაბამის მუხლში წერია ტერმინი - "პარტია" და არა - "საარჩევნო სუბიექტი". "ქართული ოცნება" არჩევნებში მონაწილეობდა როგორც კოალიცია და არა როგორც პარტია. შესაბამისად, მიღებული შედეგი პირდაპირ არ გადადის თითოეულ პარტიაზე.

შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები უნდა წარუდგინოს "ქართული ოცნების" იმ ექვს წევრს, რომელიც წარმოდგენილი არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, თუ ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მაშინ ეს სამი წევრი პარლამენტში გადმოდის და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. ამასთან, თუ პრეზიდენტი ისეთ სამ კანდიდატს წარადგენს, რომელიც პარლამენტისთვის მისაღები არ იქნება, თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე შეასრულებს და არჩევნებს ის ჩაატარებს.

ეს კი არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, "უცნაურ ვითარებას ქმნის" და მიაჩნია, რომ რაიმე გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისი ნორმის სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ოპოზიციას ეძლევა. ამიტომაც, მიაჩნია, რომ მოცემული რეალობის გათვალისწინებით, როცა პრეზიდენტი ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ხოლო ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მის მიერ დასახელებულ კანდიდატებს სხვა პოლიტიკური ძალა შეარჩევს, უფრო სამართლიანია.

"გამოდის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესში ორი პოლიტიკური ძალა - ერთი მხრივ პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი კოალიციაში შემავალი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ამ შემთხვევაში უფრო სამართლიანია", - აღნიშნა ლომჯარიამ.

თუმცა, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ხელისუფლების მხრიდან უშუალოდ ამ თემაზე არანაირი განმარტება არ კეთდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა