20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"

20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"

თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიას 20 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატ გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ოქროყანიდან ვერცხლისფერი "ემელის" ჯიპით ბრუნდებოდა, როცა ბაიკერს შეეჯახა. წერეთელი ავტომანქანას ნასვამი მართავდა, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ მოძრაობის წესები ბაიკერმაც დაარღვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ნუგზარ წერეთელი არ დაუკავებიათ... ტრაგედიის დეტალებზე "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვიუწყებოდით. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ბექა სეხნიაშვილის შეყვარებულთან. თეონა საჯაია თავადაც ბაიკერია, თავიანთი სიყვარულის ამბავს და ტრაგედიის დეტალებს თვალცრემლიანი იხსენებს.

- იმ საბედისწერო დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო. შაბათი თენდებოდა, ჩვენი მეგობრებიც მეორე დღეს არ მუშაობდნენ და გადავწყვიტეთ ღამე მოტოციკლებით გვესეირნა. ბექამ აიკვიატა მთაწმინდაზე ასვლა. ის გზა ყველას გვიყვარდა, კარგი სავარჯიშო მოსახვევებია. 12 საათზე, 12 ბაიკერი რუსთაველიდან მთაწმინდისკენ დავიძარით. ღამით იმიტომ გამოვდივართ, ნაკლები მანქანა მოძრაობს და გზა თავისუფალია. კოლონა ნელა მიდიოდა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი "ემელის" ჯიპი ისე შემოვარდა, ვერც კი დავინახე. ბექა ჩემ უკან მოდიოდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რეაგირებაც ვერ მოასწრო. წამიერად დავინახე შეჯახება და ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, მოტიციკლზე კონტროლი დავკარგე, ხელი გავუშვი და არც გამომირთავს ძრავა, ისე გადმოვხტი... ხეს შემსკდარი ბექას მოტოციკლი რომ დავინახე, ისტერიკაში ჩავვარდი.

ვკიოდი, ბექა, ბექა, ხან ერთ მხარეს გავიქეცი, ხან მეორე მხარეს. იქვე კლდეც იყო და გავიფიქრე, ხომ არ გადავარდა-მეთქი. ამ დროს შევნიშნე, ბიჭები თავში ხელებს იშენდნენ... მივვარდი, შორიდან ბექას მოტეხილი ფეხი დავინახე, მთლიანად ამოტრიალებული ჰქონდა... მასთან არ მიმიშვეს, ბიჭებმა გამომათრიეს, მითხრეს, სუნთქავს, ნუ გეშინიაო. მეც ცოცხალი მეგონა... დღეს ვფიქრობ, ბექას რომ არ მიმაკარეს, ალბათ, ასე სჯობდა, ამდენს ვერ გადავიტანდი. ცოცხალი მეგონა, ვიდექი და ვლოცულობდი. ამ დროს მესმოდა ნუგზარ წერეთელი საქმეს როგორ არჩევდა, ბიჭებს აქეთ ეჩხუბებოდა... იმდენად შემძრა მისმა ქცევამ, ორჯერ შევეპასუხე, ვუყვიროდი, მაშინ ბექა ცოცხალი მეგონა... მალე სასწრაფო ამოვიდა და ბექას ლენტები მოახვიეს, მაშინ მივხვდი, ბექა აღარ მყავდა, მერე აღარაფერი მაინტერესებდა... წერეთელს იმ დღეს სხვა ტონი რომ აერჩია, დღეს ალბათ, სხვა განწყობა მექნებოდა. მამა-შვილი თავის მართლებას ცდილობს. იმდენად უნამუსოდ სწამებენ ცილს გარდაცვლილს, რომ გაჩუმება არ შეიძლება.

გიგი წერეთელი ამბობს, ჩემი შვილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდაო, ეს სიცრუეა! მოტოციკლს გვერდულად დაეჯახა მისი შვილის მანქანა, ბექა არ შესკდომია მათ.

როგორც ჩანს, ბექამ ბოლო მომენტში დაინახა და ვერ მოასწრო მანევრირება. იმდენად ჩქარა მოძრაობდა და ისე ძლიერ მოისროლა ბექა, რომ სამი მეტრის მოშორებით კლდეს მიენარცხა. ისე იყო დაზიანებული, ფაქტობრივად, ააწყვეს. დასახიჩრებული არ ერქვა ამას, როცა ექსპერტიზიდან შინ მიასვენეს, სხეულის თითქმის ყველა ნაწილი მიკერებული ჰქონდა...

იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, ასფალტიც კი ამოთხარა იმ მანქანამ, საბურავი მოსძვრა და ამის მერე კიდევ 70 მეტრით გახოხდა. მისი ადვოკატი კი უსინდისოდ გაიძახის, მანქანა ნელა მოძრაობდაო...

- ამბობენ, ბექაც გადასული იყო თავისი სავალი ნაწილიდან...

- მე არ ვამბობ, რომ ბექა მართალია, მაგრამ ნუგზარ წერეთელი რომ ყოფილიყო ფხიზელი, რომ არ ემოძრავა არანორმალური სიჩქარით, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. მერწმუნეთ, ფეხით გამვლელიც რომ ყოფილიყო იმ ადგილას, მასაც ასევე მოკლავდა. ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. ნუგზარ წერეთელს ჰგონია, რომ მამიკო გადაარჩენს. სამწუხაროდ, უსამართლო ქვეყააში ვცხოვრობთ და დიდი კაცების შვილებს შეუძლიათ ის აკეთონ, რაც სურთ. ბექა სეხნიაშვილი რომ მჯდარიყო მანქანის საჭესთან და მოეკლა ნუგზარ წერეთელი, აქამდე ციხეში იქნებოდა. დღეს ნუგზარ წერეთელი გარეთ დადის, ამბობენ, ტვინის შერყევა აქვსო. იმის თავი ხომ ჰქონდა, ამ საშინელების ჩამდენს, საქმე გაერჩია?! გამაოგნა მისმა რეაქციამ, ძალიან ცივი იყო, თითქოს ყოველდღე ხდება ასეთი რამ. მახსოვს, მისი მანქანიდან გადმოსული გოგონები რა დღეში იყვნენ, ტიროდნენ, მანქანას ხელს ურტყამდნენ, ძალიან განიცდიდნენ. ნუგზარ წერეთელმა ერთ-ერთ გოგოს მიმართა, თუ ჩემთან ხარ, ჩემთან იყავი, თუ არადა წადი, სადაც გინდაო. მისგან თანაგრძნობა არ გვიგრძნია...

- ადვოკატის თქმით, სასწრაფოც წერეთელმა გამოიძახა, არც გაქცევა უცდია...

- ტყუილია, სასწრაფო ჩვენმა მეგობარმა გამოიძახა. სად უნდა მიმალულიყო, მის მანქანას საბურავი გასძვრა და როგორ გაიქცეოდა? თან 12 ბაიკერი იყო ამ ტრაგედიის თვითმხილველი. მას იქ ლანძღვის მეტი არაფერი უკეთებია...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია