"ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. არ ვიცი, გამოძიება როგორ წარიმართა. არ დავინტერესებულვარ, რადგან კერძო პირი ვარ. ამით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ," - აცხადებს ევროკავშრიში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი რესტორან "ლოფტში" რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ.
- კონკრეტულად რა მოხდა იმ ღამით "ლოფტში"?
სალომე სამადაშვილი:
- ფართომასშტაბიანი აგრესია იყო. არ ვიცი, ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები. იქაურობას ლეწავდნენ, მერე ჩვენი მიმართულებითაც წამოვიდნენ და ძალიან სერიოზული ჩარევა დასჭირდა პატრულს, რომ ეს ინციდენტი აღეკვეთა. ჩვენ რომ მოვდიოდით, ადგილზე უკვე პატრულის რამდენიმე მანქანა იყო.
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნეთ, სადაც წერდით, რომ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ 90-იანი წლების თბილისი გაგახსენათ...
- რესტორნის ვიტრინების და შიდა ინტერიერის დალეწვის შემდეგ ეს ხალხი გარეთ გამოცვივდა და მანქანების ლეწვა დაიწყო... შემდეგ სროლა ატყდა და მე და ჩემს მეგობრებს დამალვა მოგვიხდა. გავიქეცით და "დაუნ თაუნ"-ის სამზარეულოში ვიმალებოდით. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, ვინ და სად ისროდა. ბოლოს ასეთ სიტუაციაში, რომ აღმოვჩნდი და სროლის გამო დამალვა მომიწია, სკოლის მოსწავლე ვიყავი და 90-იანი წლები იყო. ამას ვგულისხმობდი.